თბილისი, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი პრაღაში დღეს დაიწყო. იგი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პლენარული სხდომა პრაღის კონგრესცენტრში იმართება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა თბილისის დროით 3 საათზეა დაგეგმილი.
ქვეყნის პირველი პირი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტ მილან შტეკისა და ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ მიროსლავა ნემცოვას სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილს პირადად დახვდა ჰიუ ბეილი, რომელსაც დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩევენ.
პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ კარლ ლამერსთან და ევროსტრუქტურების სხვა წარმომადგენლებთან. ქვეყნის პირველი პირი საპარლამენტო ასამბლეაზე ნატოს გენერალური მდივნის პირადი მოწვევით გაემგზავრა.
სააკაშვილი ჩეხეთის შემდეგ სამუშაო ვიზიტით ბელგიას ეწვევა, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ბრიუსელში ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში.