თბილისი, 12 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 2012 წლის 11 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ეწვია მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის (МОФЕПН) პრეზიდენტი, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის (МАП) მრჩეველი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი ალექსეევი.
МОФЕПН-ის პრეზიდენტი მოსკოვიდან საპატიო მისიით ჩამოვიდა, რომლის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს მოუთხრო.
ვ. ალექსეევი: „მე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ოფიციალური გზავნილი ჩამოვიტანე, რომელიც შეიცავს მილოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესადმი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ერთადერთი პრემიით მის დაჯილდოებასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ეკლესიის მეთაურებს და სახელმწიფოს ხელმძღვანელებს – „მართლადიდებელი ხალხების ერთიანობის განმტკიცებაში ღირსშესანიშნავი მოღვაწეობისთვის“.და ყველაზე მთავარია, რომ ეს გზავნილი შეიცავს ოფიციალურ მოწვევას სრულიად საქართველოს პატრიარქისადმი – ეწვიოს მოსკოვს 2013 წლის იანვარში ამ პრემიის მისაღებად და სრულიად რუსეთის პატრიარქთან და, იმედი მაქვს, რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სახელმწიფო პირებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად.
ა. ხიდირბეგიშვილი: ვალერი არკადის ძევ, შედგება თუ არა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან?
ვ. ალექსეევი: „ტრადიციულად, მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პრემიის ლაურეატებს მოსკოვში ყველაზე მაღალ დონეზე იღებენ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი თვითონ არის ამ პრემიის ლაურეატი, უზარმაზარი პატივისცემით ეკიდება ყველა ლაურეატს და, როგორც წესი, ხვდება მათ, ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა შედგება.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვიდან მოწვევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისათვის ძალზე მნიშვნელოვან დროს ჩამოვიდა და ეკუთვნის სწორედ უწმინდეს პატრიარქ ილიას – პირველს, ვინც მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მიიწვიეს.
მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქმა ილია მეორემ დღეს მადლიერებით მიიღო ეს ჯილდო, გამოთქვა რა სურვილი და მზადყოფნა, ჩავიდეს მოსკოვში, რათა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში გარღვევა განახორციელოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მისია ერის სულიერ ლიდერს დაეკისრა – ის აღებს ამ კარს, ახალ ფურცელს რუსულ-ქართულ სახელმწიფო ურთიერთობაში. და ეს – სრულიად საფუძვლიანი და დამსახურებულია, იმიტომ, რომ პატრიარქი ძალიან ბევრს აკეთებდა და აკეთებს რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის.
არ მახსოვს ისეთი თვე ან დღე, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ყველა ამ რთული, კრიზისული მომენტის განმავლობაში პატრიარქი ილია არ მოუწოდებდა და პირადად არ უწყობდა ხელს მის ნორმალიზაციას. ამიტომ ეს პრემია მართლაც აგვირგვინებს მის უზარმაზარ შრომას, დამსახურებებს და მიღწევებს ამ ურთიერთობის დამშვიდებისა და გაუმჯობესების სახელით, საერთოდ – მთელ მართლმადიდებელ სამყაროში კლიმატის გაჯანსაღების სახელით. ეს ჯილდო ხომ გადაეცემა მისი დამსახურებისთვის არა მარტო კონკრეტულ ეროვნულ ასპარეზზე, არამედ მთელი მართლმადიდებლობის ასპარეზზე, სადაც უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორეს როლი უაღრესად დიდი და საყოველთაოდ აღიარებულია, ეს პრემია მხოლოდ აფიქსირებს მისი დამსახურებების სრულიად მართლმადიდებლურ აღიარებას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდება მისი 80 წლის იუბილეს დღეებში: სიმბოლურად დაემთხვა, რომ როდესაც საქართველოში ყველა იზეიმებს მის 80 წლის იუბილეს, იმავე დღეებში ის მოსკოვში ჩამობრძანდება, სადაც 21 იანვარს ეს პრემია გადაეცემა!“
ა. ხიდირბეგიშვილი: ვლადიმერ არკადის ძევ, მოგვიყევით მოსკოვში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის მზადების შესახებ...
ვ. ალექსეევი: „ვიზიტი წინასწარ მომზადდება. უწმინდეს პატრიარქთან შეთანხმებით, მისი ლოცვა-კურთხევით მოსკოვში მივლენილ იქნება დეკანოზი გიორგი (ხარაზიშვილი), რომელიც ჩვენთან ერთად დაკავდება ვიზიტის მომზადებით. მე ვთხოვე მის უწმიდესობას მისი ერთ-ერთი ნაწარმოების პარტიტურა, რათა ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ გამართულ კონცერტზე შესრულდეს, და დეკანოზი გიორგი დაგვპირდა, რომ მას უახლოეს ხანებში გამოგვიგზავნის.
მე, აგრეთვე, რამდენიმე შეკითხვა დავუსვი მის უწმიდესობას იმ ექსკლუზიური ინტერვიუსთვის, რომლითაც მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის ჟურნალის 2013 წლის პირველი ნომერი გაიხსნება. ჩვენ პრაქტიკაში გვაქვს, რომ ყოველ წელიწადს ჟურნალის პირველ ნომერს პრემიის მორიგი ნომინაციის პატრიარქის ღირსების მქონე ლაურეატი ხსნის – გასულ წელს ეს იყო ალექსანდრიის უწმიდესი პატრიარქი, მომავალ წელს კი სრულიად საქართველოს პატრიარქი იქნება, რომელმაც უკვე მოგვცა თანხმობა და თავისი ვიზიტის მოსამზადებელი დავალებები გასცა.
ა. ხიდირბეგიშვილი: დავამატებ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს მოწვევით მის გუშინდელ შეხვედრას მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტ ვ.ვ. ალექსეევთან ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რომელიც მომავალი წლის იანვარში მოსკოვში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში შევა.
დელეგაცია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ხელმძღვანელობით მოსკოვში 2013 წლის 20 იანვარს ჩავა, პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, და, სავარაუდოდ, მოსკოვში ერთ კვირას დაჰყოფს.