რელიგია
ილიაობა საგურამოში

1-iliaoba-sazთბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ საგურამოში ილიაობის დღესასწაული გაიმართა, რომელზეც ქართველი საზოგადოებრიობა შეიკრიბა.

„ილია ჭავჭავაძეს ბევრი განსაცდელი გამოუვლია, მაგრამ იდგა მტკიცედ. ის ნამდვილად იყო უგვირგვინო მეფე, სულიერი მამა იმ დროს, როცა დაკარგული ჰქონდა საქართველოს პოლიტიკური თავისუფლება, დამოუკიდებლობა, იმ დროს, როცა დაკარგული ჰქონდა ეკლესიას ავტოკეფალია... წმინდა ილია მართალი იდგა ერისა და ქვეყნის სადარაჯოზე და დღეს შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მისი ლოცვით ძალა ერსა ჩვენსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი ჩვენი მშვიდობით, ამინ“, – ბრძანა საქარტველოს პატრიარქმა ილია მეორემ.

„დადგა დრო, რომ ილია ჭავჭავაძის ნაოცნებარი ავახდინოთ“, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ილიაობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. იგი საგურამოში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ილია ჭავჭავაძის მედლით დააჯილდოვა. „ილია ჭავჭავაძე ერის მამად იწოდებოდა, არ უნდა დაიკარგოს მისი ღვაწლი. მისი მკვლელობიდან 105 წელი შესრულდა და თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, რაც ქვეყანაში ცუდი ხდებოდა, სწორედ ამის გამოც ვიხდიდით სასჯელს. მან მთელი თავისი ცხოვრება შეალია ერის და ქვეყნის კეთილდღეობაზე ფიქრს და ზრუნვას. ის ზრუნავდა საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და სამართლიანობაზე. დადგა დრო, რომ ილია ჭავჭავაძის ნაოცნებარი ავახდინოთ, „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“ – ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია და, სწორედაც, რაზეც ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა, ის უნდა შევასრულოთ, რათა საქართველო დადგეს ევროპული ქვეყნების რიგში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.