თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. „მიმდინარეობს გამოძიება სს საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით“, – განაცხადა დღეს დილით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანში დისლოცირებულ მეოთხე ბრიგადაში გადაიყვანა, სადაც ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ფიზკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა ეზოში, ბრიგადის 20-30-კაციანი შემადგენლობის წინაშე.
„გუშინ და დღეს დილით გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნენ ბაჩანა ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე სწორედ სს კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით. მათ ჯერ ბრალი არ წარდგენიათ და ბრალი წარედგინებათ კანონით გათვალისწინებულ ვადაში“, – განმარტა კბილაშვილმა და დასძინა, რომ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში ამხილებენ აღნიშნულ პირებს, გასაჯაროვდება და უახლოეს საათებში ისინი განთავსდება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.
„სხვა ფაქტობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და მისი შედეგების შესახებ საზოაგადოებას დროულად ეცნობება“, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.