სამართალი
თბილისი, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრო. ასამბლეა გაიხსნა მინისტერიალით, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილმა 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ასამბლეის ფარგლებში სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები შეეხებოდა პოლიციის წინაშე მდგარ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული. ასამბლეაზე განსახილველ თემებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო კიბერდანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაც.
ცნობისათვის: შეხვედრებში მონაწილეობენ ინტერპოლის წევრი 190 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მაღალი რანგის წარმომადგენლები: შინაგან საქმეთა მინისტრები, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები. საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ასამბლეა ქალაქ რომში იმართება.