თბილისი, 6 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან ატყობინებენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის კვლავ პრიორიტეტულია კახეთის რეგიონისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სრულფასოვნად ანაზღაურების საკითხი. ბიძინა ივანიშვილი, როგორც არაერთხელ განაცხადა, მზად არის, დაეხმაროს კახელ გლეხებს.
გვინდა, განვაცხადოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 80 მილიონ ლართან დაკავშირებით ამ დრომდე ძალაში რჩება და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ თავის დროზე, სააღსრულებო ბიურომ სრულიად უკანონოდ მოახდინა „ქართუ ჯგუფის“ წილების მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება.
აღნიშნული ქმედებით ცალსახად ჩანს, რომ, როგორც დაჯარიმების პროცესი, ისე მისი აღსრულება და შემდგომ ფულის უკან დაბრუნება კანონთან შეუსაბამოა და საჭიროებს საქმის მოკვლევას. ამდენად, ამ თანხის რაიმე სახით გამოყენება, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
მთავრობის ახალმა შემადგენლობამ კახეთის რეგიონისთვის სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის საჭირო ფულადი სახსრების მოძიება პრეზიდენტისა და პრემიერის სარეზერვო ფონდებში სცადა, თუმცა აღნიშნულ ფონდებში თანხები სრულად გახარჯული აღმოჩნდა. შესაბამისი ხარჯები გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში, თუმცა გაირკვა, რომ ძველმა მთავრობამ მისი დიდი ნაწილი არამიზნობრივად გახარჯა და დაზარალებულ მოსახლეობამდე კომპენსაცია არ მივიდა.
P.S. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უკვე დაიწყო კახეთის რეგიონისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა და უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს დაზარალებულებისთვის სამართლიანი და სრულყოფილი კომპენსაციების გაცემას“, – ნათქვამია განცხადებაში.