საზოგადოება
აღსრულების ბიურომ ბიძინა ივანიშვილის 80 მილიონი დაუბრუნა
1-daubrunda-sazogadoooo1თბილისი, 6 ნოემბერი, საქინფორმი. აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, ივანიშვილის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჯარიმის სახით ჩარიცხული 79 710 021,60 ლარი არ ყოფილა გახარჯული და ბიუროს თავმჯდომარის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული თანხა ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 პრიმა 3 მუხლის მე-11 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევის გამო, გააუქმა ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებული ყველა სააღსრულებო ღონისძიება და ზემოხსენებული ბრძანება გამოსცა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილს ჯარიმა 80 მილიონი ლარის ოდენობით პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შეწირულობის განხორციელებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა, რომელიც ივანიშვილმა ბიუჯეტში ჩარიცხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს თანხა ამ მიზნითაც არ გამოყენებულა.