პუბლიკაციები
ანდრეი ეპიფანცევი: „ნება დავრთოთ საქართველოს, რუსეთს ეარშიყოს“

1-andrei-epifancevთბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. რუსი პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევის აზრით, მართალია, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გამოცდილი დიპლომატი ზურაბ აბაშიძე დანიშნა, მაგრამ რუსეთმა ანალოგიური პოსტის შემოღებით საპასუხო ნაბიჯი არ უნდა გადადგას.

„მიზეზები, რის გამოც საქართველომ ეს პოსტი შემოიღო, ნათელია. ისინი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების სასიცოცხლო აუცილებლობაში, სიკვდილის პირას მყოფი ქართული სოფლის მეურნეობისათვის რუსული ბაზრის გახსნასა და ახალი პრემიერის მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში მდგომარეობს და რაც ყველაზე რთულია, ეს ყველაფერი იმ ერთობ ვიწრო პოლიტიკურ ჩარჩოებიდან უნდა გაკეთდეს,  რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ თავად დაიწესა.

საგულისხმოა, რომ ამ პოსტის შემოღებით საქართველომ მისი პოლიტიკის შეცვლასა და იმაზე გვანიშნა, რომ ახალი ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას.

მაგრამ ჩვენი პოლიტიკა ხომ არ იცვლება! ურთიერთობების აღდგენა, უპირველესად, საქართველოს სჭირდება და არა – ჩვენ. ქართველებმა, ბოლოს და ბოლოს, გააცნობიერეს, რომ მიუხედავად სააკაშვილის მთელი დემაგოგიისა ჩინეთსა და ამერიკაში ქართული ღვინის გაყიდვის თაობაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობა რუსეთის ბაზრის გარეშე მკვდარია და ამიტომ ძალიან უნდა იქ ხელახლა მოხვედრა. ივანიშვილმა და არა პუტინმა წამოაყენა ერთ-ერთ ძირითად წინასაარჩევნო თეზისად მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა. ქართველები და არა რუსები ათეულათასობით მიილტვიან რუსეთისკენ და ვიზების არარსებობაზე წუხან. ქართველებს და არა ჩვენ, ძალიან გაუჭირდებათ რუსეთთან შერიგება, როცა ერთდროულად მას ოკუპანტს უწოდებენ და თან, ნატოსკენ მიისწრაფვიან.

ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაცილებით იოლად მოჩანს და მნიშვნელოვან დიპლომატიურ ძალისხმევას არ მოითხოვს. არსებობს გარკვეული პირობები, რომლებიც საქართველოს მხარემ უნდა შეასრულოს, რათა თავისი განზრახვის სერიოზულობა დაამტკიცოს და მიხეილ სააკაშვილის ანტირუსულ კურსზე საბოლოოდ უარი თქვას. და თუ ეს მოხდება, ჩემი აზრით, საქართველოს მოწადინებების განხილვა შესაძლებელია.

ამ პირობებს განეკუთვნება: რუსული ოკუპაციის მუზეუმისა და ანტირუსული ტელეარხ „პიკ“-ის დახურვა ანდა სრული ხელახალი ფორმატირება, იმ ადამინების სისხლისსამართლებრივი დევნის კანონის გაუქმება, ვინც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული ვიზის გარეშე ჩავიდა, ტრანსკავკასიური სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა (რუსეთი-აფხაზეთი-საქართველო-სომხეთი. ეს განზრახვა უკვე გამოითქვა), საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთში ჩვენი ბაზისთვის განკუთვნილი სამხედრო დანიშნულების რუსული ტვირთების ტრანსპორტირების აკრძალვის გაუქმება და კავკასიის ომის დროს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ  საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების დენონსაცია.

ამ ბოლო პუნქტზე ორიოდ სიტყვას კიდევ ვიტყვი. ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე განაცხადეს, რომ ჩერქეზი ნაციონალისტებისა და რადიკალების მხარდაჭერას შეწყვეტენ, თუმცა გენოციდის აღიარების გაუქმებას არ აპირებენ, რადგან „ამ შემთხვევაში საქართველო ულამაზოდ გამოჩნდება“. ეს ძალიან ცოტაა, რადგან გენოციდის აღიარება სავსებით ერთმნიშვნელოვანი ანტირუსული აქტია, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზიანოდ და ხალხთა შორის შუღლის დასათესად მიიღეს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გაუქმების გარეშე საქართველოსთან ურთიერთობების დარეგულირება შეუძლებელია. როგორ გამოჩნდება საქართველო ამ ფონზე, ეს თავად ქართველების საწუხარია, რომლებმაც ეს აბსურდული აღიარება მოაწყვეს. ბოლოს და ბოლოს, დაე, ახალმა სპეცწარმომადგენელმა აბაშიძემ მოინახულოს კახეთი და ჰკითხოს მევენახეებს, რა უფრო მოსწონთ – რუსულ ბაზარზე ღვინის გაყიდვა თუ არასდროს არსებული ჩერქეზთა გენოციდის აღიარება და პასუხის მიღების შემდეგ, დაე, იფიქროს, როგორ შეიძლება გენოციდის გაუქმება ისე, რომ ქვეყანა ღირსეულადაც გამოიყურებოდეს.

... დაე, საქართველომ დიპლომატიური ხელოვნებით კი არა, რეალური საქმეებით დაამტკიცოს თავისი განზრახვის სერიოზულობა და მე პირველი დავუჭერ მხარს ურთიერთობების აღდგენას. ალიაქოთი საჭირო არ არის. ხანგრძლივი განშორების შემდეგ სულგრძელი ვიყოთ და ნება დავრთოთ საქართველოს, რუსეთს ეარშიყოს“.

http://regnum.ru/news/fd-abroad/georgia/1589591.html#ixzz2BI8k0hfB