აქტუალური
ხადური: „გახარჯული ხარჯების მიზნობრიობა ეჭვქვეშ დგას“

1-xaduri-aqtualurii1თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ არამიზნობრივ ხარჯებზე ისაუბრა და აქცენტი გააკეთა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების არაეფექტიან გახარჯვაზე.

შიდა აუდიტის შემდეგ კონკრეტულად გაფლანგული თანხების ოდენობის შესწავლის საქმეში, სავარაუდოდ, საგამოძიებო დეპარტამენტიც ჩაერთვება.

„ძალიან ბევრი ხარჯია გაწეული საქართველოს ბიუჯეტიდან უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში, რომელთა მიზნობრიობაც, რბილად რომ ვთქვათ, არის დასადგენი და რომელთა ეფექტიანობა არის ძალიან მძიმე. ამიტომ თავისთავად ცხადია, ამ ხარჯებს შეისწავლის ჩვენი შიდა აუდიტი ყველა სამინისტროში“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრის თქმით, ეჭვქვეშ დგას ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გახარჯული თანხებიც. ამის მაგალითად მან ქუთაისის პარლამენტის შენობა მოიყვანა, რომელიც, ხადურის თქმით, 340 მლნ ლარზე მეტი დაჯდა, თუმცაღა შენობა პრაქტიკულად გამოუსადეგარია.

ხადურის განცხადებით, ბოლო სამ წელიწადში ასეთი ტიპის ხარჯები დაახლოებით მილიარდ დოლარს შეადგენს.