როგორც სოზარ სუბარმა დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებსა და პატიმრების ახლობლებთან საუბარში აღნიშნა, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად მუშაობს რესოციალიზაციის გარკვეულ პროექტებზე,რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ ციხე იყოს არა ადგილი, სადაც პატიმრის ღირსება ითრგუნება, არამედ – სადაც მუშაობა მიდის გამოსწორებაზე, რესოციალიზაციაზე და საზოგადოებაში მის ღირსეულ დაბრუნებაზე. „ამაზე საპატრიარქოს როლი, ზოგადად, რელიგიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების როლი და ამ მხრივ ძალიან სერიოზული გგემები გვაქვს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ამნისტიისა და სასჯელის შეკრებითობის საკითხს პარლამენტი წლის ბოლომდე გადაწყვეტს. ამ 4 დღის განმავლობაში კი პირობით ვადამდე 355 პატიმარი გათავისუფლდება.
„პირველ რიგში, გავათავისუფლებთ ავადმყოფ პატიმრებს. იქნება ისეთი მიდგომა, სადაც მთავარია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება და არა აბსურდული კანონები, რომლებითაც აქამდე ხელმძღვანელობდნენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, პირობითი მსჯავრის მქონე 37000-დან ოქტომბერ-ნოემბერში რამდენიმე ათასს მოეხსნება პირობითი მსჯავრი.