პოლიტიკა
დიმიტროვი: „მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილი არ არის“

1-philip-dimთბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმს მაკგოლდრიკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროფესიული მედიის განვითარებასა და საარჩევნო მედიამონიტორინგზე  ისაუბრეს.  ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დროს დაწყებული მედიამონიტორინგი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს, არ შეწყდება და საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდება.

მისივე შეფასებით, არჩვენების შემდეგ მედიასივრცეში პოლიტიკური პროცესების გაშუქების მხრივ სიტუაცია გაცილებით მეტად დაბალანსებულია, ვიდრე არჩევნებამდე.

„მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილი ნამდვილად არ არის. საკმაოდ ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. არის ახალი პრობლემებიც და ამ მხრივ მუშაობა აუცილებელია, პირველ რიგში, ეს არის სარეკლამო ბაზრის სიტუაცია და მედიასაშუალებების წარმომადგენელთა პროფესიონალიზმი. ბევრი რამ დამოკიდებულია საზოგადოების მოთხოვნაზეც. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართვლოში მედიასიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს საქართველოში ჯეიმს მაკგოლდრიკს საამაყოდ მიაჩნია მედიამონიტორინგში ასახული პროექტის შედეგები.

„დღემდე რაც გაკეთდა, შეიძლება შევადაროთ ჟანგბადის ჩასუნთქვას და ამით არსებული ვაკუუმი უკვე ამოივსო. ამიტომ ჩვენ ისევ განვაგრძობთ მუშაობას, რომ შემდგომში მეტ გაუმჯობესებას მივაღწიოთ“, – განაცხადა მან.

მაკგოლდრიკმა,  ასევე, აღნიშნა, რომ მედია და დემოკრატია ერთად უნდა განვითარდეს, რადგან „ამ ძალისხმევის შედეგად მივაღწევთ არა პოლარიზებულ მედიას, არამედ ისეთ მედიას, რომელიც ხალხს მოემსახურება“.

შეგახსენებთ, რომ მედიამონიტორინგის პროექტი „პროფესიული მედია არჩევნებისათვის“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.