საზოგადოება
სანაკოევი ბრუნდება

1-vlad-sanakoevთბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილმა წევრმა ვლადიმერ სანაკოევმა ტელეკომპანია „მაესტროს“ განუცხადა, იგი ნოემბერში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

სანაკოევის თქმით, მას საქართველოს ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა და, ამავე დროს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან ტელედებატებში მონაწილეობა სურს. ამასთან, მისივე განმარტებით, პირადი საკითხებიც აქვს მოსაგვარებელი.

შეგახსენებთ, რომ „კოკოითი ფანდარასტის“ დამფუძნებელი ვლადიმერ სანაკოევი 2010 წელს რუსეთში გაიქცა, მოგვიანებით კი საჯაროდ განაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა საქართველოში. რამდენიმე თვის წინ მან ჟენევის მოლაპარაკებებში დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით მონაწილეობაც მოითხოვა, თუმცა მისი წინადადება უგულებელყოფილ იქნა.

სანაკოევის თქმით, იგი 2 წელია, ვლადიკავკაზში ცხოვრობს.