„ჰუმანიტარული ღირებულებებისა და დემოკრატიული იდეალებისადმი მსახურება გივი თარგამაძემ 15 წლის ასაკიდან დაიწყო“, – განაცხადა გადაცემაში – „ოდნაკო“ – ტელეწამყვანმა მიხეილ ლეონტიევმა, რომლის თქმითაც, არასრულწლოვანმა თარგამაძემ სქესობრივ კონტაქტზე დაიყოლია 12 წლის მეზობელი და ეს სკანდალი დიდი ფულის წყალობით მიჩქმალეს მისმა მშობლებმა. ლეონტიევის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია ასი პროცენტით სანდო წყაროსგანაა მიღებული.
ლეონტიევის განმარტებით, მას შემდეგ თარგამაძეს არჩეული ფასეულობებისთვის არ უღალატია და იგი ფიგურირებდა ყველგან, სადაც საუბარი იყო „ფერად რევოლუციებზე“: „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში, „ტიტებისა“ – ყირგიზეთში, „ნარინჯისფერი“ – უკრაინაში და ყველგან შეიძლებოდა დატოვება წარწერისა: „აქ იყო ვასილიჩი“!
„ფერადი რევოლუციების“ ძირითადი მიზანი ყოველთვის იყო მოქმედი ხელისუფლების დამხობა ქუჩის გამოსვლებით, ხოლო ქუჩაში ხალხის გამოყვანის ყველაზე მარტივი გზა გახლდათ არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადება.
„ფერადი რევოლუციების“ ტალღას 2003 წელს საქართველოში, სადაც „ვარდების რევოლუციის“ მთავარი დამფინანსებელი აშშ იყო, მოჰყვა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში, როცა იანუკოვიჩმა სულ რამდენიმე პროცენტით მოუგო იუშჩენკოს და რევოლუციაც „ნარინჯისფრად“ აენთო. 2010 წელს, ისევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დონეცკის აეროპორტში ქართველების „დესანტი“ გამოსხდა, რომელთათვისაც იულია ტიმოშენკო საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსის მიწებებას ლამობდა. ვინ დააფინანსა ისინი? პასუხი: თარგამაძემ. და არგუმენტად ტელეწამყვანს ვანო მერაბიშვილისა და პოლიტტექნოლოგიების ექსპერტ ვასილიჩის სატელეფონო საუბარი მოჰყავს. მერაბიშვილი: „ჰკითხე იულიას, როგორც ჩამოვიყვანოთ მანდ ქართველები?“ თარგამაძე: „ახლავე შევუდგები მაგ საქმეს“.
ამ სკანდალთან თარგამაძის კავშირს ადასტურებს ტიმოშენკოსა და სააკაშვილის სატელეფონო საუბარიც, რომლის ჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა. „იულია, როგორ მიდის საქმეები?“ „კარგად, ვმუშაობთ, მაგრამ პრობლემა გვაქვს. გუშინ რეგისტრაცია ვერ მოხერხდა, იცით, ხომ?“ „გივი მანდაა, იქნებ ვინმე თქვენიანი დაუკავშირდეს?!“
2006 წელს თარგამაძემ ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატ მილენკევიჩის თავიდან მოშორებაც სცადა. სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ფერადი რევოლუციების სულისჩამდგმელი, სავარაუდოდ, ლიტვის საგარეო საქმეთა თანამშრომელ ვინმე ალბინასს ესაუბრება, თავის დროზე პროგრამაში – „ოდნაკო“ – მიხეილ ლეონტიევმა წარმოადგინა. ალბინასი შესჩივის, რომ მილენკევიჩი ევროპაში მოგზაურობს და პიარს იკეთებს, რაზეც „ვასილიჩი“ პასუხობს: „ტურინში ჩემი და ცხოვრობს, სიძეს დავურეკავ და მოველაპარაკები, რომ მოკლას“...
არსებობს სხვა აუდიო- და ვიდეოჩანაწერებიც, სადაც თარგამაძე ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე ანატოლი ლებედკოს ხვდება და მოქმედი ხელისუფლების დასამხობად 4 მლნ დოლარს სთავაზობს.
მიხეილ ლეონტიევის განცხადებით, როცა გივი თარგამაძე ვინმეს 4 მილიონს, 2 მილიონს ან, თუნდაც, 100 ათასს სთავაზობს, რა თქმა უნდა, ეს ფული მისი პატრონისაა ვაშინგტონში...