პუბლიკაციები
ალასანია: „უსაფრთხოების კონცეფცია ჩვენი თავდაცვის დოქტრინის საფუძველია“

1-alasa-politikaa2თბილისი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. მშვიდობის დასაცავად ქვეყანა მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს, რადგან საქართველოს ტერიტორიის ერთი მესამედი რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ „მაესტროს“ გადაცემა „პრეს-პრესში“ სტუმრობისას განაცხადა. 

„უსაფრთხოების კონცეფცია ჩვენი თავდაცვის დოქტრინის საფუძველია... პირველ რიგში, სწორედ საფრთხეებზე უნდა იყოს ორიენტირებული, თუ რა რაოდენობის, რა რიცხოვნობის და როგორი მობილურობის ჯარი გვეყოლება. ჩემი გადმოსახედიდან, საქართველოს მართლაც სჭირდება, ჰყავდეს არმია, რომელიც სწრაფი რეაგირების საშუალებას მისცემს ქვეყანას არსებული საფრთხეების წინააღმდეგ და არა მხოლოდ პირდაპირ სამხედრო შემოჭრის საფრთხეს, არამედ არის სხვადასხვა საფრთხეები“, – განაცხადა მან.

ალასანია ჯერ კიდევ მინისტრად დამტკიცებამდე მსჯელობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ვადის 6-8 თვემდე შემცირებასა და წვევამდელთა ასაკის 19 წლით განსაზღვრის შესახებაც. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები ამჟამად განხილვის სტადიაშია, შემდეგ კი უშიშროების საბჭოს ფარგლებში გადაიხედება და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, რეგიონის სირთულისა და  ჩრდილოკავკასიაში მიმდინარე მოვლენების ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ასახვიდან გამომდინარე, „მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ვიყოთ, რომ მშვიდობა დავიცვათ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან, სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ ჩვენს მხარეს, გვყავდეს ევროპის სადამკვირვებლო მისია, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია, რათა რუსეთის აგრესია არ განმეორდეს“.

მინისტრის რანგში თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან პირველ შეხვედრაზე ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მობილური და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის არმია უნდა ჰყავდეს.

მისივე განცხადებით, სამინისტროსთან სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის ჩამოყალიბება იგეგმება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს თავდაცვის ყოფილ მინისტრებთან –  დავით თევზაძესა და გია ყარყარაშვილთან. დაგეგმილია შეხვედრა გენერალთა კლუბთან.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა და ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი ბოლო 20 წლის განმავლობაში, რადგან ძალიან ბევრი სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობდა ბოლო პერიოდში ჩვენს ტერიტორიაზე. იმ მინისტრების სამხედროების გამოცდილება, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციებს, არ უნდა დაიკარგოს“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი ამასწინანდელი განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ ბოლო წლებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესწავლა-გაანალიზებასაც აპირებს, რათა კარგად გაერკვეს, სად იყო „აქილევსის ქუსლი“.

თუმცა, ალასანიას და მის გუნდს სამხედრო უწყების „დეფიციტურ“ ბიუჯეტში სერიოზული „გარღვევა“ დახვდათ – 113 მილიონი ლარი. „ჩემს სამუშაო ჯგუფს უკვე აქვს შემუშავებული მოსაზრებები ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელსაც პრემიერ-მინისტრს გავაცნობ“, – აღნიშნა მან.