რედაქტორისგან
ირმა ინაშვილი: „ჩემი მიზანია ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება!“

analit-NEWჩვენს მკითხველს და საზოგადოებას კარგად ახსოვს, რა ვნებათაღელვა გამოიწვია მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, არჩევნებამდე სულ რაღაც 12 დღით ადრე, ტელემედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ე.წ. ციხის კადრებმა, სადაც ციხეში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის შემზარავი ფაქტები იყო გადმოცემული, რამაც, როგორც საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებაში.

როგორც შემდგომ ბრიუსელიდან გამართული ბრიფინგიდან გაირკვა, ეს კადრები სტუდია „ობიექტივის”, კერძოდ, მისი ხელმძღვანელის, ირმა ინაშვილის, მიერ იქნა მოპოვებული და კადრების ერთ-ერთ გადმომცემად ციხის ყოფილი ბადრაგი ვლადიმერ ბედუკაძე დასახელდა. ბრიფინგზე, რომელსაც თავად ირმა ინაშვილი, „მე-9 არხის“ წარმომადგენელი ბრიუსელში გიორგი ფოფხაძე და „ობიექტივის“ წარმომადგენელი ბრიუსელში მერაბ ბლადაძე მართავდნენ, ითქვა, რომ ამ კადრების ევროსტრუქტურებში გავრცელებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი ფოფხაძემ, ხოლო მერაბ ბლადაძე ბრიუსელში ბედუკაძის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

„ობიექტივის“ კოლექტივმა თავის თავზე აიღო საქართველოში დარჩენილი ბედუკაძის ოჯახის უსაფრთხოებაც. თუმცა, ამ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელები და სხვა მედიასაშუალებები მოიცვა ბედუკაძის სხვადასხვა ბრალდებებმა ირმა ინაშვილის და, საერთოდ, „ობიექტივის” წინააღმდეგ. ორივე მხრიდან კეთდებოდა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რის გამოც ირმა ინაშვილმა  18 ოქტომბერს კინოს სახლში ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციის მეორე დღეს საქინფორმის ჟურნალისტ შორენა სიხარულიძის შეკითხვებს ირმა ინაშვილმა უპასუხა.

– ირმა, უპირველეს ყოვლისა, გილოცავ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას, იმ სამშობლოში, სადაც ადამიანები დღეს შიშგატეხილი, წელში გამართული დადიან. ამ შიშის დაძლევაში ანგარიშგასაწევი წვლილი შეიტანეთ შენ და შენმა მეგობრებმა. როგორ ფიქრობ, რა არის მიზეზი იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღეს გმირს გიწოდებს, მეორე კი აგრესიას არ ფარავს შენ მიმართ? იქნებ, ისინი აეროპორტში შენმა „პომპეზურად დახვედრამ“, უბრალოდ, გააღიზიანა, თუ მიზეზი ამისა არის შური ან შურისძიება, ან ორივე ერთად?

– მე წინასწარ არ ვიცოდი, ვინ მხვდებოდა აეროპორტში. მეგონა, ჩემი გუნდის წევრები, „ობიექტივის“ ჟურნალისტები დამხვდებოდნენ. მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, მსმენელებმაც გამოთქვეს აეროპორტში დახვედრის სურვილი ისინი თავად ამზადებდნენ პლაკატებს. ჩემი გუნდის წევრები ვერავის აუკრძალავდნენ სითბოს, სიყვარულის გამოხატვას. ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ყველას! მე თავს გმირად არ მივიჩნევ, მორწმუნე ადამიანი ვარ და ვიცი, როგორ ვმართო ჩემი თავი და ცხოვრება, რომ „არავისზე უკეთესი ხარ“ კარგად მაქვს გაცნობიერებული. მაგრამ იმასაც ვხედავ, რა დიდი ზნეობრივი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება.

მთავარი უბედურება, რაც ჩვენ დღეს გვჭირს, ეს შურია! შური დღეს საქართველოსთვის ეპიდემიად იქცა. მე ყოველთვის ვაფასებ ჩემი კოლეგების საქმიანობას, მათ კარგ სტატიას, კარგ გადაცემას და ნამდვილად გასაოცარია, როდესაც ვხედავ, რა ხდება დღეს „ობიექტივის“ ირგვლივ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არ მაქვს პრეტენზია არც გმირობაზე, არც რაიმე თანამდებობაზე, რასაც დღეს გვაბრალებენ; არანაირად მსურდა და არ მსურს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაბრუნება. ჩემი ადგილი „ობიექტივშია“ და ჩემი მიზნები ბოლომდე „ობიექტივს“ უკავშირდება!

არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ შურია პრობლემა იმისა, რაც ჩემ გარშემო ხდება! ეს უკვე მიზანმიმართული კამპანიაა ირმა ინაშვილისა და „ობიექტივის“ წინააღმდეგ. კომპეტენტური ადამიანები ხვდებიან, რომ ეს პროცესები მართულია და ვწუხვარ, რომ ძალიან ბევრი მედიასაშუალებაა ჩართული ამ კამპანიაში. ეს კი ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს, რომლებსაც სურთ შურისძიება ჩემზე, როგორც ქვეყანაში სიტუაციის შეცვლის პროცესის ერთ-ერთ მონაწილეზე!

– ირმა, რამდენიმე დღეა, უფრო მეტად კი, შენი პრესკონფერენციის მერე, არ წყდება შენ მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის, ჩვენი კოლეგების ბრალდებები  – ისინი ვერ მალავენ თავიანთ „აღშფოთებას“იმის გამო, რომ შენ თურმე ამ საქმის ირგვლივ ბევრი ტყუილი თქვი! როგორ ფიქრობ, რომელია ის „ტყუილი“, რომელმაც ჩვენი კოლეგები განსაკუთრებით „აღაშფოთა“?

– ეს ჩვენი „აღშფოთებული“ კოლეგები ზრუნავენ ვანო მერაბიშვილის გადასარჩენად. ჩემი მიზანია ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება. ჩემი მთელი დარჩენილი ცხოვრება და მიზანი უკავშირდება ამ დამნაშავეების და არა მხოლოდ დაბალი რანგის ჩინოვნიკების, არამედ სწორედ სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების და მათ მსგავსთა დასჯას. ამიტომაც გასაგებია, რომ „ტყუილით“, რასაც ისინი უკავშირებენ ვანო მერაბიშვილის ფაქტორს, სწორედ ამის გაბათილება სურთ, მაგრამ რეალობას და სინამდვილეს ვერავინ  გააბათილებს.

იგივე internet.ge,  საიტი, რომელიც ყველასათვის ცნობილია, რომ კონტროლდებოდა და დღესაც კონტროლდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ, ავრცელებს სიცრუეს, თითქოს მე განვაცხადე, რომ მოვიტყუე, რომ ეს მასალა ვანო მერაბიშვილის მხრიდან მივიღე. მე ეს არ მითქვამს. არსებობს ჩანაწერი, რომელიც ნებისმიერს შეუძლია ნახოს. მე უფრო მეტიც ვთქვი და კიდევ ვამბობ, რომ არაერთი წყარო გვყავდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე სხვა ძალოვან სტრუქტურებში. ესენი არ იყვნენ დაბალი რანგის ჩინოვნიკები, მათ მოგვაწოდეს მასალის ნაწილი და ინფორმაციულ დახმარებასაც გვიწევდნენ. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის პატრიოტები არიან. არავის წინაშე ვიყავი და ვარ ვალდებული, დავასახელო ჩემი წყაროების ვინაობა, რადგან ისინი დღესაც არ არიან დაცულნი. ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს მინდა, მოვუწოდო: ძალიან ბევრს რომ საუბრობენ ჟურნალისტურ სტანდარტებზე, ელემენტარული სტანდარტი დაიცვან – ნუ დაამახინჯებენ მისი კოლეგის, რესპონდენტის სიტყვებს. ნუთუ ეს ასე ძნელია? მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ ეს არის ბინძური კამპანია, მართული სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიერ!

– ირმა, გულწრფელად მითხარი – რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი პოლიტიკაში, გაასაჯაროებდით ამ ვიდეომასალას?

– ამ კადრების გასაჯაროება არანაირად იყო დაკავშირებული არც ბიძინა ივანიშვილის და არც „ქართული ოცნების“ ფაქტორთან. ჩვენ ეს კადრები გავასაჯაროეთ მაშინ, როდესაც უკვე მზად ვიყავით ამისათვის, დავგეგმეთ ამ კადრების უცხოეთში გატანის სქემა და მთელი ეს ჟურნალისტური ოპერაცია. ბოლო, დავით აკობიას ე.წ. კარანტინის კადრები ჩვენ 24 აგვისტოს შემდეგ მოვიპოვეთ, რადგან ის 24 აგვისტოს იქნა გადაღებული. უნდა დაგვეცვა გამოძიებაში მონაწილე პირების, ასევე, მოწმეთა უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, მასალა, და ვფიქრობ, რომ ჩვენ, ღმერთის წყალობით, ეს ამოცანა ბრწყინვალედ შევასრულეთ. მთავარი ისაა, რომ ეს საიდუმლო არ გაიყიდა და არ მოხდა ინფორმაციის გაჟონვა იმ კუთხით, რომ დაგვეკარგა მასალა, თორემ მათ ვეღარასოდეს ნახავდით.

– შენ აღნიშნე, რომ როცა ევროსტრუქტურების მაღალჩინოსნებმა ეს კადრები ნახეს, ეს მათთვის შოკი იყო. მეტიც, ერთმა ქალბატონმა ნერვიულობისგან ფანქარიც კი დაღეჭაო... შენვე ამბობ, რომ სწორედ ამ კადრების მერე გაკეთდა ძალიან სერიოზული განცხადებები სააკაშვილის მისამართით. თუ ეს კადრები ევროპაში მართლა ყველამ ნახა, დავიჯერო, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე მარტენსის ყურამდე ვერ მიაღწია? და თუ მიაღწია და იცის, რა საშინელებას სჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი, რატომღა გვლანძღავს და ფულზე გაყიდულს გვეძახის ქართველი ერის იმ ნაწილს, ვინც ამ ძალადობრივ რეჟიმს დიდი „არა!“ ვუთხარით?

ჯერ იმას გეტყვით, რომ ევროსტრუქტურებთან, ძირითადად, დავით თარხან- მოურავი და გიორგი ფოფხაძე მუშაობდნენ და მათ მართლა დიდი სამუშაო გასწიეს! ამისათვის უღრმესი მადლობა მათ! რაც შეეხება მარტენსის განცხადებას – სააკაშვილს ევროპაში დაქირავებული ჰყავს ოთხი უდიდესი პიარკომპანია, რომელთაც სწორედ მსგავსი განცხადებების გასავრცელებლად დიდძალ თანხებს უხდის...

– ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ ეს კადრები ამერიკის სენატშიც იქნა ნაჩვენები, რის შემდეგაც სააკაშვილთან სატელეფონო ზარი განხორციელდა – ეღიარებინა ქართველი ხალხის ნება... თუმცა, ამ რამდენიმე დღის წინ ბარაკ ობამას მიმართვა გავრცელდა, სადაც ის აღფრთოვანებულია სააკაშვილის დემოკრატიით...

ამერიკაში ამ კუთხით დავით თარხან-მოურავის ჩარევით ჩვენი მეგობრები დაგვეხმარნენ, ჩვენი ლობისტები. სხვათა შორის, ისინი ებრაელები არიან...

რაც შეეხება ობამას განცხადებას – ორმაგი სტანდარტები პოლიტიკაში არახალია, ძველია... ობამა დღესაა და ხვალ ის უკვე ამერიკის პრეზიდენტი აღარ იქნება...

ირმა, ვინაა ვლადიმერ ბედუკაძე და ამ საქმეში რა როლი აკისრია მას?

ლადო ბედუკაძე ჩვენს გამოძიებაში ერთ-ერთი ფრაგმენტის გმირია, ადამიანი, რომელმაც მოგვაწოდა პატიმართა წამების ამსახველი კადრები.

მინდა, გითხრათ, რომ სამი მასალა არსებობდა: ის, რაც მე მომაწოდეს; ის, რაც გიორგი ლომაიას მიაწოდა ბედუკაძემ, რომელიც მერე მე გადმომცეს და ბოლოს დავით აკობიას გადაღებული კარანტინის კადრები. ბედუკაძის მიერ მოწოდებული კადრები მნიშვნელოვანი იყო ქართველი საზოგადოებისათვის, რადგან ამ კადრებმა იმოქმედა ჩვენს ღირსებაზე, შეძრა ქართველობა და დააყენა ფეხზე, მაგრამ აკობიას მიერ გადაღებულ კადრებს ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა საერთაშორისო სტრუქტურებში, რადგან აქ უკვე ჩანდნენ კონკრეტული დამნაშავეები – მაღალი რანგის პირები. ამ კადრებმა ამხილა სისტემა და სისტემური დანაშაული!

ამიტომ ლადო ბედუკაძე, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ეს გამოძიებაც მისი დაგეგმილია, ის იყო მთავარი შემსრულებელიც და მთავარი განმახორციელებელიც, ეს, უბრალოდ, ტყუილია, სიცრუეა! პირდაპირ გეუბნებით – ვლადიმერ ბედუკაძე დღესაც იმუშავებდა ციხეში და დღესაც დაკავებული იქნებოდა ამ საზარელი კადრების გადაღებით, რომ არა ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება და ჩვენი მუშაობა მასთან.

– ირმა, „ასავალ-დასავალის“ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ, რომელიც თავად იყო ამ რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ოთხი წლით, განაცხადა, რომ მთელი წლის განმავლობაში სწორედ ვლადიმერ ბედუკაძე აწვდიდა მას ინფორმაციას ციხეში პატიმართა წამების შესახებ. ის ბედუკაძეს დადებით პიროვნებად ახასიათებს. თუ ბედუკაძეს თქვენამდე ჰქონდა ფარული კავშირი დავითაიასთან, რადგან მას ენდობოდა, რატომ არ მიაწოდა მან ეს კადრები თავის ძველ მეგობარს?

ამ კითხვას მე თქვენც გისვამთ... და ამავეს ვკითხავ ზაზასაც. მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ ზაზასაც და მის პოზიციასაც. სრულებითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ბედუკაძე ზაზას ციხეში კარგად ექცეოდა, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მე მაქვს სხვა ინფორმაციებიც, როგორ ურთიერთობაში იყო ბედუკაძე პატიმრების ნაწილთან.

თბილისში დაბრუნების შემდეგ არაერთი პატიმრის ახლობელი დამიკავშირდა და მომიყვა, როგორ ექცეოდა ბედუკაძე ციხეში პატიმრებს და ჩვენ იძულებულნი გავხდებით, ამ ფაქტებზე დავიწყოთ ჟურნალისტური გამოძიება. პატიმართა ოჯახის წევრები გვაკისრებენ ვალდებულებას, გავარკვიოთ, სინამდვილეში ვინ იყო ბედუკაძე. თავად ამბობს, რომ მხოლოდ ვიდეოოპერატორი იყო და მხოლოდ კადრებს იღებდა, მაგრამ თუ ბატონი ბედუკაძე პატიმართა წამებაშიც მონაწილეობდა, და ამას გამოარკვევს ჩვენი გამოძიება, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, ეს მასალები სათანადო ორგანოებს გადავცეთ.

– ირმა, რატომ დაგიპირისპირდა ბედუკაძე, რატომ ცვლის თავის ჩვენებებს ყოველდღე და რატომ გდებს ბრალს არასამართლებრივ ქმედებებში და გემუქრება, რომ შენს თავს დააჭერინებს? ვინ აიძულებს მას? ყველამ ვიცით, რომ ბედუკაძე მთავარი მოწმეა სააკაშვილის და ამ ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ბელგიის სასამართლომ წარმოებაში მიიღო...

– არსებობს სამი ფაქტორი, რამაც გამოიწვია ბედუკაძის ასეთი სახეცვლილება, ჩვენთან დაპირისპირება და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები: როდესაც გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გაახმიანა არარსებული 2 მილიონის თემა, ამან ბედუკაძეში დაბადა არაჯანსაღი ეჭვები, თითქოს ვინმემ ამ კადრების გაყიდვით ხელი მოითბო, რაც თავიდან ბოლომდე სისულელე და მარაზმია; მეორე ფაქტორი ისაა, რომ ბედუკაძის გარემოცვა ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებისგანაა შემდგარი. ესენი არიან: ვინმე ვიქტორ ჭელიძე – დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, ასევე, ყოფილი ფეხბურთელი სილაგაძე, ამ ადამიანებს იქ ბელგიაში იცნობენ როგორც საეჭვო რეპუტაციის ხალხს. ისინი, ერთი მხრივ, მოქმედებენ სააკაშვილ-მერაბიშვილის ინსტრუქციის შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, მათ აქვთ მერკანტილური მიზნები. ჩვენ გამოვარკვიეთ და ვიცით, რომ ისინი იქ ძალზე გაჭირვებულ ეკონომიკურ პირობებში იმყოფებიან და ფიქრობენ, რომ თუ მიეკერებიან ბედუკაძეს, შესაძლოა, ის მათთვის შემოსავლის წყაროდ იქცეს; და მესამე მიზეზი – ბედუკაძეს აქვს ინფორმაცია, რომ ჩვენთან არაერთი პატიმრის ახლობელი მოდის (ჩვენ ამ პატიმრების გვარებს და სახელებსაც დავასახელებთ) და პირდაპირ ადებენ მას ხელს არაადამიანურ მოპყრობაში...

ყველა ღონეს ხმარობენ მერაბიშვილი და სააკაშვილი, რომ მოხდეს ბედუკაძის, როგორც მთავარი მოწმის, ჩამოშორება ბელგიის საქმიდან, რათა მათ თავი დააღწიონ მართლმსაჯულებას; არ უნდათ, მოხვდნენ გლდანის მერვე საპყრობილეში, მაგრამ მაინც იქ აღმოჩნდებიან. მათი დარჩენილი სიცოცხლე უკავშირდება სწორედ ციხეს, თუმცა იქ მათ იმაზე გაცილებით ადამიანურ პირობებში მოუწევთ სასჯელის მოხდა, ვიდრე მათი რეჟიმის დროს უწევდათ ადამიანებს! მათ სხვა მიზნებიც აქვთ – ჩვენზე შურისძიება!

– ბრიუსელიდან გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც შენ, გიორგი ფოფხაძე და მერაბ ბლადაძე მართავდით, განაცხადე, რომ ბრიუსელში ბედუკაძე უსაფრთხოების მიზნით ცხოვრობდა სახლში მერაბ ბლადაძესთან, რომელიც „ობიექტივის” წარმომადგენელი იყო ბრიუსელში. ბლადაძესა და ბედუკაძეს შორის კონფლიქტის შემდეგ იგი უკვე აღარაა თქვენი წარმომადგენელი. რატომ?

მერაბ ბლადაძემ ბრიუსელში „ობიექტივის“ წარმომადგენლის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. იმდენად დიდი დარტყმები მივიღეთ „ობიექტივმა“ და მე, რომ მან გადაწყვიტა, ემოქმედა როგორც მოქალაქეს და არა როგორც „ობიექტივის“ წარმომადგენელს. ბლადაძესთან ბედუკაძე, დაახლოებით, თვე-ნახევარი ცხოვრობდა და უტყუარი ფაქტია, რომ მერაბმა დაიცვა ბედუკაძეც და ციხის ვიდეომასალის შესახებ ინფორმაციაც! ამიტომ რეალობას საღად უნდა შევხედოთ და ეჭვებს არ უნდა დავემონოთ.

მათ შორის რაღაც პირადი გაუგებრობა მართლა მოხდა და ამას ბლადაძე არც უარყოფს. არ მივიჩნევ ამ კონფლიქტს ძალიან მნიშვნელოვნად და არც ის მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ბედუკაძეს... მე არანაირად მივიჩნევ, რომ ეს კონფლიქტი ჩვენსა და ბედუკაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც მისთვის გაიხსნა მედიასივრცე, მან მიიჩნია, რომ ისაა მთავარი მოქმედი გმირი; დაავადდა ეჭვებით, რადგან მისი გარემოცვა სწორედ ამაზე მუშაობდა და ბედუკაძე მის მოკავშირეებთან, ანუ ჩვენთან, დააპირისპირა.

– ირმა, შენ აღნიშნე, რომ ბრიუსელში რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ზვიად გამსახურდიას ვაჟის – გიორგის, ვიზიტი ამ მოვლენებს... შენი აზრით, რა როლი ითამაშა ამან ბედუკაძის ასეთ უცნაურ სახეცვლილებაში?

–  ქართულმა ემიგრაციამაც და უფლებადამცველებმაც, რომლებიც ამ კადრების გავრცელებამდე ჩავიდნენ ბელგიაში მონაწილეობდნენ ერთ-ერთ უფლებადამცველ კონფერენციაში, იციან, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობდა დავით სილაგაძე, რომელიც დღეს ბედუკაძის გარემოცვის წევრია. სწორედ ამ ბატონმა სილაგაძემ ბრძანა (ამისი მომსწრე ძალიან ბევრი ადამიანია), რომ ბრიუსელში ჩასული იყო გიორგი გამსახურდია, რომელიც მას სთხოვდა ყოფილ სამხედრო პირებთან დაკავშირებას. თითქოს გიორგი გამსახურდია ეძებდა ვიქტორ ჭელიძეს, რომელსაც მოგვიანებით შეხვდა. როგორც ბატონი სილაგაძე ამბობდა, მისი მიზანი იყო, ყოფილი სამხედრო პირები დახმარებოდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას, რადგან რეჟიმი რაღაც „N“ ოპერაციას, ანუ მორიგ სამხედრო ავანტიურას გეგმავდა სამაჩაბლოში.

ეს ინფორმაცია სილაგაძემ გააჟღერა და თვითონვე დაადასტუროს ან უარყოს!

– ირმა, ის ადამიანები, რომლებიც ბედუკაძეს „წამებულად“ მიიჩნევენ, თქვენ გადანაშაულებენ, რომ ის და მისი ოჯახი ბედის ანაბარა, დაუცველი მიატოვეთ...

– ბედუკაძე და მისი ოჯახი არცერთ ეტაპზე უყურადღბოდ და დაუცველად არ დაგვიტოვებია. ჩვენი შეთანხმების თანახმად, ამ ოჯახს საქართველო ბევრად ადრე უნდა დაეტოვებინა და კიევში უნდა გადაგვეყვანა, სადაც ჩვენვე უზრუნველვყოფდით მათ ცხოვრებას და უსაფრთხოებას, ვიდრე ბედუკაძე ბრიუსელში თავშესაფარს მიიღებდა. მაგრამ ეს პირობა მისმა მეუღლემ დაარღვია, ის არ გვთანხმდებოდა ქვეყნიდან გასვლაზე. ეს ძალიან კარგად იცის ბედუკაძემაც და მისმა მეუღლემაც. ხოლო როცა ციხის კადრები დაჩქარებულ რეჟიმში გადაიცა, მისი მეუღლე რჩებოდა საქართველოში და ბედუკაძემ დააყენა საკითხი მისი ოჯახის დაუყოვნებლივ გამოყვანის თაობაზე.

მე გამთენიისას დავუკავშირდი „ობიექტივის“ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს და ძალიან დიდი რისკის ფასად გამოვიყვანეთ მისი მეუღლე და ორი შვილი საქართველოდან თურქეთში. დიდი სიცრუე და ცილისწამებაა, როცა ბრალს გვდებენ, რომ ეს ოჯახი მივატოვეთ და არ ვუპატრონეთ. ისინი ახლაც სტამბულში იმყოფებიან, არაფერი უჭირთ და მათთან ჩვენი ორი ჟურნალისტი დღემდე რჩება და თავად ბატონ ბედუკაძესაც „ობიექტივის“ მიერ აყვანილი ძალიან კარგი ადვოკატი ამრაანი იცავს.

– ირმა, ადამიანების ევროპაში ან სტამბულში ცხოვრებას, ადვოკატის დაქირავებას გარკვეული თანხები სჭირდება. ვინ  აფინანსებს ამ ყველაფერს?

– არაფერი გვაქვს დასამალი... თუმცა, სხვადასხვა ვერსია მესმის ჩვენი დამფინანსებლების შესახებ, ხანდახან – აბსურდულიც კი. ეს კოლოსალურ თანხებთან არ იყო დაკავშირებული და ჩვენ ჩვენი შესაძლებლობებით მოვახერხეთ ამის უზრუნველყოფა. ადვოკატის ხარჯიც – ხუთი ათასი ევრო – ჩვენ დავფარეთ...

– რატომ მოითხოვს ბატონი ბედუკაძე თქვენი ანგარიშების გასაჯაროებას?

ჩვენი ანგარიშები ისედაც საჯარო და ღიაა. მე გითხარით, რომ ბედუკაძე დაავადდა ეჭვებით და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ის, არამედ საზოგადოების გარკვეული ნაწილიც. მესმის ბრალდებები, თითქოს ჩვენ გავყიდეთ ეს კადრები და ფული ავიღეთ.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ნებისმიერ ჟურნალისტს რომ ჰქონოდა ეს კადრები ხელში, მისულიყო რომელიმე ბიზნესმენთან ან პოლიტიკურ ძალასთან და ეთქვა, რომ მე მაქვს ეს კადრები და იყიდე, ამ ჟურნალისტს გამოაცხადებდნენ შანტაჟისტად და ავანტიურისტად ან საბოლოოდ დაივიწყებდნენ, რომ ასეთი კადრები ნახეს და სამუდამოდ გაემიჯნებოდნენ ამ ჟურნალისტს.

არსებობს ისეთი მასალები, როგორიცაა ატომური ბომბი, რომელიც არ იყიდება, ფასი არ აქვს, შეუფასებელია. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც სამშობლოთი და ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს! ჩვენი მიზანი იყო სააკაშვილის რეჟიმის წელში გადატეხა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ამაზე მეტი ვერ შევძელი! იცით, რა მახსენდება? როცა აფხაზეთის ომიდან დავბრუნდით მე, საშა იოსელიანი და მიშა მანდარია, ტელევიზიაში მოაწყვეს დიდი თათბირი, აჯილდოვებდნენ ყველა ჟურნალისტს, რომელმაც აფხაზეთის ომში მიიღო მონაწილეობა. ჩვენს კოლეგებს მედლები და სიგელები გადასცეს, ჩვენამდე რომ მოვიდნენ, გვითხრეს, 50- 50 კუპონს მოგცემთ ჯილდოდო... განა გვეწყინა, რაზეა ლაპარაკი! მაგრამ საშა წამოდგა და თქვა: დიდი ბოდიში, რომ სამშობლოს წინაშე ვალი ვერ გადავიხადეთ, იმიტომ, რომ არ მოვკვდით, მაგრამ გპირდებით, რომ ამ ვალს აუცილებლად გადავიხდი და მოვკვდებიო და ერთ კვირაში, 19 სექტემბერს, საშა იოსელიანი გუმისთაზე სნაიპერის ტყვიამ მართლა გამოასალმა სიცოცხლეს! იცით, დღესაც ასეთი განცდა მაქვს – ამაზე მეტი ჩემი სამშობლოსთვის ვერ გავაკეთე! ვერ მოვკვდი! რაც გავაკეთე, ესაა! ვისაც გჯერათ, გჯეროდეთ და ვისაც არა, მაინც ვერავინ და ვერაფერი დაგაჯერებთ. ამიტომ აღარ ვაპირებ თავის მართლების რეჟიმში ყოფნას!

– ირმა, რისკის ქვეშ იდექი არა მხოლოდ შენ, არამედ შენი ოჯახიც... ამ მოვლენებისას რომელიმე ქართველი თუ არაქართველი პოლიტიკოსი ან უცხოელი უფლებადამცველი თუ დაგიკავშირდა და შემოგთავაზა დახმარება?

არავინ! ერთხელ დამირეკეს შვეიცარიის ელჩის სახელით და მითხრეს, რომ მეორე დღეს უნდა დაერეკათ კონკრეტული დახმარების თაობაზე, მე კი გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჯერ ბედუკაძის ოჯახის გაყვანაში მეთხოვა დახმარება და თუ შესაძლებელი იქნებოდა, მერე – ჩემი ოჯახისაც, მაგრამ მეორე დღეს აღარავის დაურეკავს...

ისე კი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს სოციალური ქსელებიდან თითს მიქნევენ და კითხვებს მისვამენ, იქით მინდა, ვკითხო: ქალბატონო სალომე ზურაბიშვილო! თქვენ სად იყავით და რა გააკეთეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ რეჟიმის სამხილებლად? რომელი ევროსტრუქტურის კარი შეაღეთ? თუ „Facebook“- ში იყავით და პოსტებს წერდით? ეგ არაა ერის დახმარება!

– შენ აღნიშნე, რომ ამ კადრების შესახებ არცერთ პოლიტიკოსს არ აცნობე, რადგან ვერ  ენდობოდი, ვერც ბიძინა ივანიშვილს (რომელსაც მაინც აბრალებენ, რომ სწორედ მისი ინიციატივით გახმოვანდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს ამბავი). რა გაძლევდა ბატონი ბიძინას მიმართ უნდობლობის მიზეზს?

მე არაერთგზის განმიცხადებია, რომ როგორც პიროვნებას, დიდ პატივს ვცემ და ვენდობი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ ბატონ ბიძინას და მის გუნდს! მაგრამ ამ კოალიციაში ძალიან ბევრი პოლიტიკური სუბიექტია და ნამდვილად არ მქონდა გარანტია, რომ მათი მხრიდან არ გაჟონავდა ინფორმაცია...

– ირმა, მადლობას გადაგიხდი... თუ  კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი საქინფორმის მკითხველისთვის, გისმენ...

დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ახსნა-განმარტება არ სჭირდება, სჯერა, რომ ჩვენ მართლები ვართ და ხვდება, რომ დიდი საქმე გაკეთდა. მთავარია შედეგის შეფასება და არა დეტალებში ძვრომა! ამ ციხის კადრებმა ქვეყანაში ვითარების შეცვლის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. იმ მცირე ჯგუფებს კი, რომლებიც, ძირითადად, სოციალურ ქსელებში აქტიურობენ და ტალახს გვესვრიან, მივმართავ: ნუ დაკარგავთ სახეს! ჩვენ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, ერთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, სახედაკარგულ ადამიანებთან ურთიერთობა კი ძალიან ძნელია...

და კიდევ, მე არ მივიჩნევ, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ თავისუფალია, სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი ხელისუფლებაში კვლავ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ ოპოზიციაში გადაბარგდნენ. ეს რეჟიმი ჯერ კიდევ ცოცხალია და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მის საბოლოოდ დამარცხებამდე!..

ესაუბრა შორენა სიხარულიძე

საქინფორმი