ბათუმის საკრებულომ ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების შესახებ დადგენილება მიიღო. საკრებულომ განსაზღვრა პარკირების საერთო წესები და ბათუმის მერიას დაავალა, 2010 წლის 31 დეკემბრამდე ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილები, ასევე პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრისთვის წინადადებები შეიმუშაოს.
უახლოეს მომავალში განისაზღვრება პარკირების პაკეტის ღირებულებაც. კანონმდებლობის მიხედვით, პარკირების წესის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლს ჯარიმის სახით 20 ლარის გადახდა დაეკისრება. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი სხვა სახის ჯარიმებსაც ითვალისწინებს. კერძოდ ქუჩის დამნაგვიანებელს 50 ლარის, კატერებითა და სკუტერებით მოძრავ პირსა და მფლობელს უსაფრთხოების ნორმების დარღვევისას 500 ლარის გადახდა მოუწევს. სკვერებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში ძაღლის დაკბენის ფაქტის გამო მეპატრონე სანქციის სახით 100 ლარს გადაიხდის, კვადროციკლითა და სხვა მსგავსი საშუალებებით მოძრაობის წესის დამრღვევი - 50 ლარს. ავტოსადგომის უნებართვოდ გამოყენებისთვის ჯარიმა 100 ლარს ითვალისწინებს.