თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ჭიათურის მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. მუშები აქციებს სამედიცინო დაზღვევის, სამუშაო პირობების გაუმჯობესების, კვების პირობების მოწესრიგების, უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მართავენ.
„ჭიათურმანგანუმის“ ხელმძღვანელობამ ხელფასების 10%-იან ზრდაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, როგორც მუშები ამბობენ, ამ დანამატის გადაფარვას ისინი საპრემიო დანამატის 16%-დან აპირებენ, რაც მაღაროელებს არ აკმაყოფილებთ.
მაღაროელები აყენებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ყველა მაღაროელისთვის განახევრდეს საშემოსავლო გადასახადები; დაწესდეს დანამატი ხელფასზე; გაიზარდოს შვებულების ხანგრძლოვობა; მაღაროელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის შემუშავდეს უფასო დაზღვევა; მაღალი სოციალური სამართლიანობის სამუშაო გარემოს შექმნა.
ამ საკითხზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ პრესკონფერენციაც გამართა.
ხელმძღვანელობასთან შეთანხმებისა და მოთხოვნათა შესრულების მოლოდინში გაფიცვა კვლავ გრძელდება.