ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს

თბილისი, 16 ოქტომბერი,
საქინფორმი. დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი რწმუნებულებს ნიშნავს საქართველოს რეგიონებში. რწმუნებული კახეთის რეგიონში იქნება ზურაბ ჭიაბერაშვილი, იმერეთში – ვახტანგ ბალავაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ზაზა გოროზია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – გიორგი ჭელიძე.
ამასთან, პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის I პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის შესაბამისად, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება. პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება ამოქმედდება ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე.