აქტუალური
თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ დავით საგანელიძის განცხადებით, ახალ პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნება - ბიძინა ივანიშვილი“ სამ ფრაქციას შექმნის: „ქართული ოცნება“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“.
რაც შეეხება ოპოზიციაში გადასულ „ერთიან ნაციონალურს მოძრაობას“, ახალ პარლამენტში ისიც რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. ამის შესახებ პარლამენტის ამჟამინდელმა თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ფრაქციათა რაოდენობისა და მათი ხელმძღვანელების თაობაზე პარტიაში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს. ბაქრაძისავე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში შესული ყველა დეპუტატი ერთი გუნდის ფარგლებში გაერთიანდება, თუმცა იმისათვის, რომ ჰქონდეთ მეტი საპარლამენტო ბერკეტი, მეტი დრო გამოსვლებისა და დებატებისას, გადაწყვეტილება მიიღეს, პარლამენტში რამდენიმე ფრაქციად ჩამოყალიბდნენ, რომელთა სახელწოდებები ჯერჯერობით უცნობია.