თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ჭიათურის შუქრუთის მაღაროთა სამმართველოს თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. მათ თანაგრძნობა გამოუცხადეს ზურაბ პატარიძისა და სტალინის სახელობის მაღაროების მუშებმაც.
შუქრუთის მაღაროს ელმავლის მემანქანე მამუკა კობერიძე მაღაროელთა გაუსაძლის სამუშაო თუ სოციალურ პირობებზე საუბრობს. მისი თქმით, ისინი გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე მათზე გამოწერილი თანხები იყო ხელფასისა და პრემიის სახით. „რაც იწერებოდა ჩვენზე, ვითხოვთ იმ თანხას სრულიად. ტარიფიც დიდი ყოფილა, მაგრამ არ გვაძლევდნენ, ჩვენამდე არ მოდიოდა“, – აცხადებს ის და აქამდე სამსახურიდან გათავისუფლების შიშისა და ზეწოლის ფაქტორის გამო ამ ყველაფერს ითმენდნენ.
ზურაბ პატარიძის სახელობის მაღაროთა სამმართველოს თანამშრომელი მერაბ იაკობიძე მაღაროელებს თანადგომას უცხადებს. მისი თქმით, „სანამ არ შესრულდება მოთხოვნები, გვერდით დავუდგებით. ყველა მაღაროში პირობებიც და ხელფასიც ერთნაირია“.
როგორც იაკობიძე აცხადებს, მაღაროელები პრემიერმინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავენ, რათა თავიანთი წინადადებები გააცნონ.