სამართალი
თბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ხელისუფლების გადაბარების პროცესი – სამინისტროებში გაცნობითი სამუშაოები – მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. თუმცა როგორც ამ დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, საკმაოდ დაძაბული ვითარებაა ამ მხრივ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
ხმაური მოჰყვა მინისტრის მოადგილეობის კანდიდატ თამარ ჩარკვიანის სამუშაო შეხვედრებს.
სამინისტროს წარმომადგენელმა მარინა ბერიძემ აღნიშნა, რომ მათ ჯერ უნდა ჩაიხედონ საქმეში, ფინანსებში, ნახონ, რა გაკეთდა ცუდი ან კარგი, „მერე, თუ უნდათ, დაგვიჭირონ, მაგრამ თავიდანვე გაბრაზებულები ნუ მოვლენ“.
თამარ ჩარკვიანის განცხადებით, ადამიანი, ვისაც მომღერლები თვითმკვლელობამდე მიჰყავს, კულტურის სამინისტროში არ უნდა მუშაობდეს. მისი განმარტებით, სამინისტროს თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა მას პროვოკაცია მოუწყო. „თუ მივალ, მივალ ცვლილებისთვის, რომ შემოქმედი ხალხისთვის გახსნილი იყოს კულტურის სამინისტროს კარები, იქ ფეოდალური იერარქიები არ იყოს და პოლიტიკური ანგაჟირებით არ ირჩეოდეს ბავშვები, მომღერლები, მხატვრები, მუსიკოსები... სირცხვილია, უნდა მოვრჩეთ ამას და არავითარ გარიგებას მარინა ბერიძესთან ერთად, ცხადაძესთან ერთად რაიმე ახალი პროექტის გაკეთებას მე, თაკო ჩარკვიანი, არ ვაპირებ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.