პუბლიკაციები
საქართველოს ხელისუფლების პოლიტარითმეტიკა: 4+1=5

1-polit-anal-NEW-redროგორც ცნობილია, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ არჩევნებში „41“ ნომრით მონაწილეობდა, სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – „5“ ნომრით. თუ ამ ციფრებით ელემენტარულ არითმეტიკულ მოქმედებებს ჩაატარებთ, მიიღებთ ტოლობას, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში შექმნილ სიტუაციას ასახავს: 4+1=5, ანუ დღევანდელი ქართული სინამდვილე ისეთია, რომ არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიცია და დამარცხებული ხელისუფლება თითქოსდა ერთმანეთს გაუტოლდნენ: პირველი თითქოს ხელისუფლებაში მოდის, მეორე კი – თითქოს მიდის...

რა არის საქართველოში დღევანდელი ორხელისუფლებიანობის მიზეზი და ვის აძლევს ის ხელს?

ყველაფერი მარტივია, როგორც არითმეტიკა: ბოლო 9 წლის განმავლობაში (2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე) აშშ-ს საქართველო მთელი მსოფლიოსთვის მაგალითად მოჰყავდა, როგორც „დემოკრატიის შუქურა“, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები „უპრეცედენტოდ სამართლიანად“ და ქვეყანაში „დემოკრატიის გამარჯვების“ დამადასტურებლად გამოაცხადა. სინამდვილეში კი საქართველოში დემოკრატიის, ანუ ხალხის ხელისუფლების ნასახიც არ არის.

ქართველი ხალხი, ზომბირებული, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტპროპაგანდისტებისა და მათი დანამატების – სააკაშვილის მიერ მოსყიდული ქართველი და რუსი „ექსპერტების“ მიერ, რომლებიც პროსამთავრობო მასმედიის საშუალებით ამრავლებდნენ საშინელ ტყუილს მუდმივი რუსული საომარი მუქარის, ვერაგი რუსი ჯაშუშების და საქართველოში „მეხუთე კოლონის“ შესახებ;

– დაშინებული ლეგალური მკვლელების – საქართველოს შსს სოდ-ისა და კუდ-ის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული ე.წ. ზონდერების მიერ;

არაადამიანური წამებით დაბეჩავებული და გაუპატიურებული ჯალათი-ზედამხედველების მიერ საქართველოს გადატენილ ციხეებში – ქვეყნის, რომელსაც პატიმართა რაოდენობით ევროპაში – პირველი, მსოფლიოში კი მეორე ადგილი უკავია;

– მშიერი, 80%-ით უმუშევარი, წარმოუდგენელი გადასახადებით დაბეგრილი და პრაქტიკულად კომერციულ რელსებზე გადასულ სამედიცინო მომსახურებას მოკლებული, აქამდე იძულებით ითმენდა, რადგან ყველა საპროტესტო აქციას (2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის) ხელისუფლება არნახული სისასტიკით არბევდა. და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ხალხს შესაძლებლობა მისცა, დაგროვილი უკმაყოფილება და ბრაზი გადმოენთხია, ეს იყო აღშფოთების აფეთქება, და არა „დემოკრატიის გამარჯვება“, როგორც აშშ აცხადებს.

რაც შეეხება მის „უპრეცედენტობას“ – დიახ, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის ტერორის (პოლიტიკური, ეკონომიკური, სისხლისსამართლებრივი და მორალური ტერორის) ფაქტებით არჩევნები-2012 საქართველოში მართლაც უპრეცედენტო გახლდათ და ზემოხსენებული, „ვარდების რევოლუციის“ სახელწოდებით ცნობილი 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებაც კი უკან მოიტოვა. ხალხშიც ლაპარაკობენ, რომ საქართველოში ახლა არჩევნები კი არა, „ცოცხების რევოლუცია“ იყო, თუმცა შეიძლება ისიც ითქვას, რომ 2012 წლის ოქტომბერში საქართველოში „თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუცია“ მოხდა, და თუ ბურჟუა ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს არ შეასრულებს, 2013 წლის თებერვალში მას „დიდი ოქტომბრის სოციალისტური“ მოჰყვება...

მაშ, რას გულისხმობდა აშშ საქართველოში „დემოკრატიის“ ქვეშ, რომელ „ხალხის ხელისუფლებას“ და რომელი რეფორმების წარმატებულობას წარუდგენდა მთელ მსოფლიოს, როგორც ეტალონს? იქნებ თეთრი სახლისთვის ცნობილი არ იყო საქართველოში არსებული ჭეშმარიტი ვითარება?

გამორიცხულია, რადგან, თუნდაც, ყველა ამერიკელი მრჩეველი-ინსტრუქტორი-დამკვირვებელი-არასამთავრობო, რომლებიც პერმანენტულად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს საქართველოში, უკლებლივ სააკაშვილს ჰყოლოდა მოსყიდული, ამ დარღვევებსა და დანაშაულებზე გამუდმებით წერდნენ ქართული საინფორმაციო საშუალებები: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“, პოპულარული მრავალტირაჟიანი გაზეთი „ასავალ-დასავალი“, პოლიტიკური ყოველკვირეული „საქართველო და მსოფლიო“, რომლის რედაქცია ღამით ორჯერ დაარბიეს, ხოლო „რეფორმირებულმა“ პოლიციამ ამ დანაშაულთა გახსნა „ვერ შეძლო“.

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქცია, მთელი ქონებითა და თანამშრომლებითურთ, პოლიციამ დედაქალაქის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს (!) თანამშრომელთა ხელმძღვანელობით ღამით ოფისიდან ქუჩაში გამოყარა;

საქინფორმის რედაქციას და მის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს დღისით საპატრულო პოლიციის(!) თანდასწრებით დაესხნენ თავს, ხოლო შსს-მ, მთავარმა პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ სსსკ 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ფაქტზე საქმის აღძვრა დაბლოკეს.

ამ ყველაფრის შესახებ ოფიციალური წერილებით არაერთხელ ეცნობა საქართველოში აშშ-ის ელჩს – ინგლისურ ენაზე, რომლებიც აშშ-ის საელჩოში სპეცფოსტას მიჰქონდა, ღია წერილებით, რომლებიც ქართულ და უცხოურ მასმედიაში ქვეყნებოდა.

თუმცა ჟურნალისტების აღმაშფოთებელ დატერორებას, ისევე, როგორც საქართველოს დიქტატორული რეჟიმის ყველა დანარჩენ ბოროტმოქმედებას, ოფიციალური ვაშინგტონის და თბილისში მისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია – ეს ყველაფერი პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას უმტკივნეულოდ შერჩა.

მაშინ რა არის იმის მიზეზი, რომ აშშ-მ მოულოდნელად შეაქცია ზურგი სააკაშვილს, არაპირდაპირ კრიტიკა დაუწყო და არჩევნების გზით მისი შეცვლა გადაწყვიტა? რატომ უწოდა აშშ-მ საჩქაროდ ამ არჩევნებს „უპრეცედენტოდ სამართლიანი“ და ამით ავტომატურად აღიარა, რომ საქართველოში ყველა წინა არჩევნები, რომლებშიც, მათი მხარდაჭერის წყალობით, სააკაშვილი და მისი გუნდი იმარჯვებდნენ, უსამართლო იყო?! თუმცა აშშ-ს არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ მათი შედეგები და ყოველთვის „გამჭვირვალედ“ აცხადებდა...

იმიტომ, რომ საქართველოში მმართველი ხროვის განუკითხაობა, როგორც საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რიჩარდ მაილსმა თქვა, „გარკვეულ საზღვარს გასცდა“, და ამის გამო აშშ-ის იმიჯმა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას მხარს უჭერდა, მოსახლეობაში სწრაფი ვარდნა განიცადა – ზუსტად ისევე, როგორც ბევრად უფრო სუსტი, მაგრამ ასევე დისკრედიტებული შევარდნაძის რეჟიმის დროს, რომელიც ვაშინგტონმა იმავე მიზეზით გადააყენა. საქართველოში ანტიამერიკანიზმი გაძლიერდა და დაჩაგრული ქართველი ხალხის თვალში სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი ამერიკაც მჩაგვრელად გამოჩნდა.

მაგრამ მაშინ ედუარდ შევარდნაძე მის მიერვე გამოზრდილი მიხეილ სააკაშვილით შეცვალეს, ახლა კი თეთრი სახლის ყურადღება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე შეჩერდა, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე დამოუკიდებლად გამოვიდა და რომელმაც შემდგომი კონსულტაციების დროს ოფიციალურ ვაშინგტონზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. კანდიდატი ქადაგებდა „აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას, როგორც საქართველოს უმაღლეს ფასეულობას და მიღწევას ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ნატოში შესვლაზე ევროატლანტიკური კურსის უალტერნატივობას“, ამასთან, ამერიკული ლობისტური კომპანიები მილიონობით დოლარით გაამდიდრა – მეტი რაღა უნდა ესურვათ?!

მაგრამ, ამავე დროს, აშშ-მ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილი პრეზიდენტად ვადის ბოლომდე – 2013 წლამდე დატოვა და გააკრიტიკა ივანიშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომის დელიკატური შეთავაზების გამო;

– ხელუხლებლად დატოვა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული სასამართლო სისტემა, რომელმაც ერთი წლის წინ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა; რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდში ივანიშვილი ას მილიონზე მეტით დააჯარიმა; რომელმაც არ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ სარჩელების უმრავლესობა არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე? განსაკუთრებით, რაიონებში, სადაც ნაციონალმა მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს;

– პრეზიდენტ სააკაშვილის კომპეტენციად განსაზღვრა მძლავრი სპეცსამსახური – შსს-ის დაქვემდებარებიდან სასწრაფოდ გამოყვანილი სამთავრობო დაცვის დეპარტამენტი და მისდამი გადაქვემდებარებული სპეცკავშირისა და ინფორმაციის სააგენტო;

– დაუტოვა პრეზიდენტ სააკაშვილს – უმაღლეს მთავარსარდალს – შეიარაღებულ ძალებზე კონტროლი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნის უფლება;

– პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებაში დატოვა მძლავრი ფინანსური ბერკეტები – კონტროლის პალატა და გენერალური აუდიტორის დანიშვნის უფლება, ეროვნული ბანკის თავმჯდომარის დანიშვნის უფლება და პრეზიდენტის ფონდი;

– პრეზიდენტ სააკაშვილს დაუტოვა კონტროლი ადგილობრივ ხელისუფლებაზე – უწინდებურად მისი მომხრეებით დაკომპლექტებულ მერიებზე, გამგეობებზე, საკრებულოებზე და მის მიერ დანიშნულ გუბერნატორებზე – რეგიონებში პრეზიდენტის რწმუნებულებზე.

ამიტომ საქართველოში დღევანდელი ორხელისუფლებიანობის მიზეზი გახლავთ აშშ-ის მიერ გატარებული პოლიტიკა „გაყავი და იბატონე“ – პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრემიერ ივანიშვილის ერთდროული მხარდაჭერის, ანუ ხელისუფლების ისეთი განაწილება, როდესაც მისი ორივე  შტო ერთმანეთს ბლოკავს, რასაც აშშ შექმნილ სიტუაციაში თავისი კოლონიის – საქართველოს, მართვის მისაღებ და ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მიიჩნევს.

ახალი მთავრობის ყველა კონსტრუქციულ პროექტს ნაციონალები შეძლებისდაგვარად დაბლოკავენ – მათთვის მისაწვდომ დონეებზე და ყველა ხელმისაწვდომი მეთოდით; ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა წარუმატებლობა აფიშირებული იქნება, როგორც პრემიერ ივანიშვილის მთავრობის არაფრისმაქნისობის, ერგო – მათი, ყოფილების, სიმართლის დადასტურება. ამასთან, პარლამენტში „ჩასაფრებული“ ნაციონალთა ფრაქცია დაიწყებს ოპოზიციურ დემარშებს მიკროფონებთან და, ამავე დროს, – საიდუმლო გარიგებებს საპარლამენტო უმრავლესობის ბევრ წევრთან, რომლებიც გამოცდილნი არიან ღალატში, პატრონების ცვლაში, პარტიიდან – პარტიაში, ბლოკიდან – ბლოკში, პოზიციიდან ოპოზიციაში და პირიქით გადახტომა-გადმოხტომაში.

ეს ხელს არ აძლევს ქართველ ხალხს, რომელიც ორხელისუფლებიანობის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდება.

ეს ხელს აძლევს აშშ-ს ერთი მთავარი მიზეზით – ორხელისუფლებიანობით მას ივანიშვილი გამუდმებით ეყოლება არასტაბილურ, დაძაბულ და დამოკიდებულ მდგომარეობაში, რათა ის ძალიან არ მომაგრდეს, უცებ ზედმეტად დამოუკიდებელი არ გახდეს და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები კავკასიის რეგიონში აშშ-ის ინტერესებზე მაღლა არ დააყენოს.

რისი დაპირისპირება შეიძლება საქინფორმის ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ზემოთ მოხსენებული ვერსიისთვის?

1) თუ აშშ მართლაც საქართველოსა დ ქართველი ხალხის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, მან სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადადგომაზე უნდა დაიყოლიოს და ივანიშვილის გარანტიები მოიპოვოს, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნებაყოფლობითი ვადამდელი გადადგომის სანაცვლოდ 2003-დან 2012 წლის ჩათვლით მისი საქმიანობა გამოძიებული არ იქნება და ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგება. ამისი გაკეთება მხოლოდ აშშ-ს ძალუძს და ეს საქართველოში ორხელისუფლებიანობას ბოლოს მოუღებს.

ხოლო თუ აშშ-ის მხრიდან ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს საქინფორმის ანალიტიკოსთა ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებს – კერძოდ, რომ ორხელისუფლებიანობა საქართველოში აშშ-ის მიერ არის პროვოცირებული და აშშ-ს აძლევს ხელს.

2) თუ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი მართლაც შედარებით დამოუკიდებელი ფიგურაა, მან სასწრაფოდ უნდა დაიწყოს წინა ხელისუფლების ყველა დანაშაულის გამოძიება, რასაც ქართველი ხალხი მისგან მოუთმენლად ელოდება, ესაა:

– გახმაურებული მკვლელობების ფაქტებზე (ჟვანიას, პატარკაციშვილის, შარაძის, გირგვლიანის, რობაქიძის და სხვ.) საქმეების უსწრაფესი ხელახლა გამოძიება და მათი სასამართლოში გადაცემა;

– ელიტური სუპერკორუფციის მრავალრიცხოვან ფაქტებზე საქმეების აღძვრა;

– გამოძიება ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკების დანაშაულებრივი ტანდემისა ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან, რომლებმაც საქართველოში ეკონომიკისა და ბიზნესის ყველა დარგის მონოპოლიზება მოახდინეს;

– სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა საქართველოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ტერორის მრავალრიცხოვან ფაქტებზე, მათი ობიექტური გამოძიება;

– უკანონოდ, მოგონილი ბრალდებებით, ეჭვის საფუძველზე ანდა პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული და მსჯავრდებული უბრალო ადამიანების მიმართ დაშვებული უსამართლობის ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ყველა ფაქტის გამოძიება;

– სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა კერძო საკუთრების სახელმწიფოს სასარგებლოდ უკანონო კონფისკაციაზე ე.წ. საპროცესო გარიგებებისა და შეთანხმებების გზით ან კერძო საკუთრების პირდაპირი გადაფორმების მეშვეობით კონკრეტულ ხელისუფალზე ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირზე  ზეწოლის, მუქარისა და ტერორის ქვეშ;

– სახელმწიფო ქონების უკანონო პრივატიზაციისა და გაყიდვის ყველა ფაქტის გამოძიება შემდგომი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით, დეპრივატიზაციითა და უკანონოდ შეძენილის კონფისკაციით.

ხოლო თუ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით გამოძიებას არ დაიწყებს, ეს იმის აღმნიშვნელი იქნება, რომ აშშ-მ ფარულად დაადო ვეტო საქართველოში იმ გამოძიებების ჩატარებას, რომლებიც წინა ხელისუფლებას შეეხება, ხოლო თავად ივანიშვილი აშშ-ის  დამქაშისა და მძევლის როლს დათანხმდა.

(ზემოთქმულთან დაკავშირებით გვინდა, გავაფრთხილოთ ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილი და შევახსენოთ მას – როგორ ექცევა აშშ თავისსავე მარიონეტებს, რომლებმაც დაკისრებული მისია შეასრულეს და ამიერიდან მათთვის ინტერესს აღარ წარმოადგენენ – როგორც უარი თქვეს შევარდნაძეზე, სააკაშვილზე და მისთანებზე).

იმას, რომ აშშ-მ სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულთა გამოძიება დაბლოკა, ის ფაქტიც მოწმობს, რომ დასავლეთმა შეიფარა საქართველოდან გაქცეული მაღალი თანამდებობის პირები – თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, კულტურის მინისტრები, მთავარი პროკურორი,  და შედარებით დაბალი რანგის – მაგალითად, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი, რომლებსაც რუსეთში თავი აშკარად არ შეუფარებიათ... ამით აშშ მესიჯს უგზავნის მრავალრიცხოვან დანაშაულებსა და კორუფციაში გარეულ დანარჩენ ჩინოვნიკებს, რომ მზად არის, მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს, სახალხო მრისხანებისა და ქართული მართლმსაჯულებისგან იხსნას.

(სწორედ ეს არის ნაქები დასავლური დემოკრატია და საქართველოს „მეგობრისა და №1 სტრატეგიული პარტნიორის“ – აშშ-ის ორმაგი სტანდარტები!).

ხოლო ივანიშვილი, თუ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს არ გამოიძიებს, სხვა ყველაფერთან ერთად, ნებაზე მიუშვებს თავის მიერ დანიშნულ ჩინოვნიკებს, რომლებიც, წინამორბედებისადმი ასეთი დაუსჯელობის შემხედვარე, ზუსტად ისევე მოიქცევიან, როგორც ისინი.

 

საქინფორმი
2012 წლის 15 ოქტომბერი