პოლიტიკა
ხელისუფლების გადაბარების გაცნობითი სამუშაოები გრძელდება

1-wuluk-poliiii3თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროში ერთსაათიანი შეხვედრის შედეგებზე საუბრობს.

საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, თუ სად იმყოფება მოქმედი მინისტრი ამჟამად, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ „თურმე მინისტრი 5 ოქტომბრიდან იმყოფება დამსახურებულ შვებულებაში და აბსოლუტურად უცნობია, როდის დაბრუნდება და, ალბათ, არც დაბრუნდება“.

თუმცა, მისივე განცხადებით, მოქალაქეებს ხელისუფლების გადაბარების პროცესში ამ ფაქტმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები და მისი სამუშაო შეხვედრები სამინისტროს წარმომადგენლებთან სწორედ ამას ემსახურება.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტროში დოკუმენტაცია არ ნადგურდება. მომდევნო კვირების განმავლობაში წულუკიანსა და სამინისტროს შორის ერთგვარი შუამავლის ფუნქციას შეასრულებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, იურისტი დავით ჯანდიერი.

ამ ეტაპზე შეთანხმდა საკითხი, რომ იუსტიციის სახლები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. „ჩემი პირველი მოთხოვნა იყო, რომ არცერთმა მოქალაქემ არ იგრძნოს, რომ იუსტიციის სამინისტრო მიატოვა მინისტრმა და ხდება ხელისუფლების გადაბარება. ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა სრული თანხვედრა და შევთანხმდით, რომ, მართლაც, სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ გააგრძელოს მოქალაქეთა მომსახურება როგორც ეს აქამდე იყო. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, არსებობს ფუნდამენტური პრინციპი, რასაც ჰქვია სახელმწიფოს განგრძობადობა. ეს იყო ჩემი უპირველესი მიზანი ჩემი აქ მოსვლის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.