თბილისი, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ „სამშობლო ჩვენთვის დიდი საუნჯეა, სამშობლო მოპოვებულია ცრემლით, სისხლით, ოფლით, ლოცვითა და დიდი მოღვაწეობით“.
ილია მეორემ საქართველოში მიმდინარე ცვლილებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებს დიდი სიბრძნით უნდა შევხვდეთ, რადგან „რაც მოხდა საქართველოში, ყველაფერი ღვთის ნებაა და საქართველოს სასიკეთოდაა“.პატრიარქმა ერის ერთიანობასა და პოზიცია-ოპოზიციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „პოზიციაც, ოპოზიციაც, პატრიარქიც, პრეზიდენტი და პრემიერი, რიგითი ადამიანი, ყველა უნდა შრომობდეს სამშობლოსთვის, რადგან „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“.
მან პრეზიდენტის განცხადებაზეც ისაუბრა ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით: „როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როცა ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია...“
პატრიარქის ფიქრით, სამშობლოსთვის „ყველას გვტკივა გული, ყველა ვოცნებობთ და ვნატრობთ, რომ საქართველო ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს და ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო, ხოლო უფალი იესო ქრისტე იქნება ჩვენი მწყემსი.“
უწმიდესმა და უნეტარესმა დალოცა ქართველი ხალხი, საქართველოს მთელი მოსახლეობა, ხელისუფლება – წარსულიც და მომავალიც.