პუბლიკაციები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ ჯამბულ ებანოიძეს

1-ebanoiZe-MTბატონო ჯამბულ!

კერძო ავტოსადგომების თემა უკვე დიდი ხანია, აწუხებს თბილისელებს, რასაც საქინფორმის რედაქციაში შემოსული მრავალრიცხოვანი ზარები მოწმობს.

როგორც თბილისის მერიაში აგვიხსნეს, ამ ეგრეთ წოდებული ავტოსადგომების მოწყობის გადაწყვეტილება მრავალრიცხოვანი უმუშევრის დასაქმების მიზნით მიიღეს, მაგრამ მერია მათ არანაირად აკონტროლებს. ისინი თქვენთან – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეგისტრირდებიან და შემდგომში თქვენს კომპეტენციაში შემოდიან.

საქმე ის არის, რომ ამა თუ იმ რაიონში, სადაც იჯარით გაიცემა ტერიტორიები ე.წ. კერძო ავტოსადგომებისთვის, მცხოვრებთათვის უცხო ადამიანები მათ ღობავენ და შემდგომში იქ სხვა, ხშირად – უკანონო საქმიანობას განახორციელებენ, როგორც ქვემოთ მოყვანილ შემთხვევაში.

კონკრეტული მაგალითი: ვანის და ხოშარაულის ქუჩების გადაკვეთაზე, ხოშარაულის ქ.№28-ში ცოტა ხნის წინ დიდი, ხის მესერით შემოღობილი ტერიტორია გაჩნდა. გაურკვეველი წარწერები ღობეზე თითქოს უნდა მიუთითებდეს, რომ ეს – ავტოსადგომია, თუმცა შიგნით თუ მოხვდებით, დაინახავთ კეთილმოუწყობელ ტერიტორიას, რომელიც ნაწილობრივ სავსეა დამტვრეული ავტომობილებით, და რამდენიმე გაუგებარ, სავარაუდოდ, სასაწყობე სათავსს (იხ. ამ განცხადების დანართი №1 - ფოტო №№2 და 3 CD დისკზე).

2012 წლის 27 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც საქინფორმის რედაქციაში კონკრეტული სიგნალები შემოვიდა ვანის ქუჩის მცხოვრებთაგან, რომლებიც ჩივიან მტვერსა და ჭუჭყზე ამ ტერიტორიიდან, განსაკუთრებით, ქარიან ამინდში, იმაზე, რომ ღამღამობით იქ საეჭვო ხმაურიანი კომპანიები იყრიან თავს, ხშირად – ნასვამები, რის შესახებაც არაერთხელ განაცხადეს პოლიციაში; რომ იქ ნახმარი (გამორიცხული არ არის – მოპარული), ავარიული ავტომობილებიდან მოხსნილი სათადარიგო ნაწილები იყიდება, რომ იქ მანქანის გაჩერების საფასურის გადახდისას ჩეკებს არ იძლევიან, ხოლო თუ გასცემენ – ყალბს, რომლებზეც თანხა მითითებული არ არის – ჩვენი ჟურნალისტები ამ „ავტოსადგომს“ ესტუმრნენ.

ადგილზე მისვლისას მათ მართლაც იხილეს კეთილმოუწყობელი ტერიტორია – ნაგავსაყრელი ქალაქის ცენტრში, სადაც მიწაზე დამტვრეული ავტომობილები ყრია, და სადაც გაუპარსავი, უსუფთაოდ ჩაცმული ადამიანების ჯგუფი ლუდს მიირთმევდა (იხ. ამ განცხადების დანართი №1 - ფოტო №4 CD დისკზე). 5 წუთის შემდეგ, ტერიტორიიდან გამოსვლისას, ერთ-ერთმა მათგანმა ღონივრად დააკაკუნა ჩვენი ჟურნალისტების მანქანაზე და რუსულად უხეშად იკითხა: „А что, деньги платить не надо?!“. ხოლო როდესაც ჩვენმა ჟურნალისტმა 10-ლარიანი კუპიურა გაუწოდა, ნაკლები არ მაქვსო, პასუხად ბინძური სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო – ამის დედა მ..., მე რა, ვალდებული ვარ, დაგიხურდავო?!

ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება განვაგრძეთ და მეორე დღეს, 2012 წლის 28 სექტემბერს, დილის 9 საათსა და 10 წუთზე, უკვე სხვა ჟურნალისტი ფეხით მივიდა ამ „ავტოსადგომზე“ და მიმართა იმას, ვინც წინა დღეს ფულს ითხოვდა, მაგრამ 10-ლარიანი არ დაახურდავა (როგორც თვითონ თქვა, სახელად „გიას“ – იხ. ამ განცხადების დანართი №1 -  ფოტო №4 CD დისკზე, მარცხნიდან მეორე).

„ის ფული მოვიტანე, გუშინ რომ არ გადავიხადე“, – უთხრა „გიას“ ჩვენმა ჟურნალისტმა. და თუმცა ეს უკვე სხვა ჟურნალისტი იყო, თანაც – უმანქანოდ (შესაბამისად, „გიას“ მისი ცნობა არ შეეძლო!), და მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ჩვენი ავტომობილი სადგომზე სულ 5 წუთი იმყოფებოდა, „გიამ“ 1 ლარი მოსთხოვა (იხ. ამ განცხადების დანართი №1 - მოისმინეთ აუდიოჩანაწერი №1).

ჩვენმა ჟურნალისტმა ჩეკი მოითხოვა, რომლის ამოსაბეჭდად სალარო აპარატს დიდხანს ეძებდნენ და რომელზეც გადახდილი თანხა მითითებული არ იყო (ჩეკი თან ერთვის ამ განცხადებას – იხ. დანართი №2).

აქ საუბარში ჩაერია ერთ-ერთი იმ ჯგუფიდან (როგორც ჩანს, უფროსი) და, აღიარა რა კლიენტთან უდიერი მოპყრობის გუშინდელი ფაქტი, ჩვენს მეორე ჟურნალისტს ახალი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელებიც კი წაიგრძელა – მუჯლუგუნებს ჰკრავდა, ჯიბიდან ამოღებულ ბრტყელტუჩას უღერებდა და ისე აგდებდა ტერიტორიიდან  (იხ. ამ განცხადების დანართი №1 - აუდიოჩანაწერი №1 და ფოტო №4, 5 CD დისკზე, მარცხნიდან პირველი).

როგორც თქვენთვის გამოგზავნილ აუდიოჩანაწერში ისმენთ, ამ უტიფარმა და ხულიგანმა ჩვენი ჟურნალისტის მოთხოვნით გაურკვევლად დაასახელა თავისი თავი მოიჯარე ბადრი ჩიხლაძედ, თუმცა ჩეკზე, როგორც თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, სხვა გვარია მითითებული – ლევან თავაძე.

ბატონო ჯამბულ!

როგორც ხედავთ, სახეზეა ორი დანაშაულის ნიშნები – ადმინისტრაციული (არასწორად გამოწერილი ჩეკი, რომელზეც თანხა მითითებული არ არის), და დანაშაული, რომელსაც საქართველოს სსკ 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს – ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა.

საქინფორმი განაგრძობს ჟურნალისტურ გამოძიებას, რადგან ფლობს სხვა, გაცილებით უფრო სერიოზულ სისხლისსამართლებრივი ხასიათის ინფორმაციას იქ მომუშავე ჯგუფზე, ხოლო თქვენ, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს, დაბეჯითებით გთხოვთ, გაერკვეთ ზემოთ მოყვანილ ფაქტებში, დაინტერესდეთ იქ „დასაქმებულთა“ პიროვნებებით, გვაცნობოთ თქვენ მიერ მიღებული ზომების შესახებ, და, აგრეთვე, ისიც – სინამდვილეში ვინ არის ამ ტერიტორიის მფლობელი და მოიჯარე.

(დანართი №1 - CD დისკი ფოტოებითა და აუდიოჩანაწერით, დანართი №2 – ყალბი ჩეკი)

P.S. ეს წერილი დღეს  გამოქვეყნდა საქინფორმის საიტზე www.saqinform.ge.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი

1-eban1 1-eban2
1-eban3 1-eban4