პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდის აქციას შეუერთდა

1-nolandi-poliii2თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ზუგდიდში სადამკვირვებლო მისიით მყოფი აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი გუშინ ირაკლი ალასანიას მომხრეთა აქციას შეუერთდა. იგი ქართულად მიესალმა ალასანიას მხარდამჭერებს: „გამარჯობა, გამარჯობა, მე ვარ რიჩარდ ნორლანდი ამერიკის ელჩი საქართველოში“.

შემდეგ მან სიტყვით მიმართა შეკრებილთ: „ეს შესანიშნავი კვირა იყო საქართველოს ისტორიაში. დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა. მაგრამ ეს პროცესი არ არის დასრულებული. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საოლქო საარჩევნო კომისიები აგრძელებენ მუშაობას, რათა დადგინდეს, თუ ვინ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალ წევრს, ისევე, როგორც მე, ამერიკის ელჩს, ამ საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლის მისია გვქონდა აღებული. ამდენად, აქ მე დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფები. რატომ – სამეგრელო? იმიტომ, რომ ძალიან სპეციფიკური რეგიონია, და აქ სპეციფიკური დინამიკაა. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ ზუსტად ისე, როგორც დაიწყო ეს კვირა მშვიდობიანი ტრანსფორმაციით, ზუსტად ასეთივე მშვიდობიანი ფორმით დასრულდეს. მნიშვნელოვანია ის, რაც აღნიშნა ბატონმა ირაკლი ალასანიამ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა თავისუფალ, შიშისგან თავისუფალ  მშვიდ გარემოში. მთელი მსოფლიო უყურებს ამჟამად საქართველოს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება მშვიდობიანად. და უმნიშვნელოვანესია, რომ თუ არსებობს რაიმე გამოწვევა შედეგებთან დაკავშირებით, ეს შედეგები განხილულ იქნეს სამართლებრივად და დავების განხილვა მოხდეს სამართლებრივად. როგორც პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა აღნიშნეს  კვირას გაკეთებულ განცხადებებში, ჩვენ ვულოცავთ ქართველ ხალხს. გასულ კვირას ვიმყოფებოდი ზუგდიდში და დიდი სიამოვნებით კვლავ დავბრუნდები უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა ყველას“, – აღნიშნა ელჩმა აქციაზე.