საზოგადოება
მამუკა კაციტაძე თანამდებობას ტოვებს

1-kacitaze-sazogaaaa1თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. მამუკა კაციტაძე სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, თუმცა კომისიაში მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება კაციტაძემ დღეს გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პრობლემა, რის გამოც 2003 წელს რეცოლუცია მოხდა, წელს არ ყოფილა. მისი თქმით, საარჩევნო სიები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, გამართული იყო.

„ზედმეტი მოკრძალების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წვლილიც არის ამ საქმეში, იმიტომ, რომ თუ პრეტენზიები და პრობლემები იყო არჩევნებთან მიმართებაში, პრინციპში, არ ყოფილა პრობლემა ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებით. მე ჩემს თავს კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვეღარ მოვიაზრებდი, დღეს მივმართე განცხადებით კომისიას და დავტოვე კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ დავტოვე კომისია. მე ვრჩები კომისიაში, როგორც წარმომადგენელი კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციიდან და, რაც ყველაზე მთავარია, დაწყებული 2011 წლის 17 ნოემბრიდან, დასრულებული დღევანდელი დღით, ყველა ეტაპზე, ყველა ნაბიჯზე და ყველა გადაწყვეტილებაზე ვინარჩუნებ სრულ და უმთავრეს პასუხისმგებლობას კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.