სამართალი
„ცესკო ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს“

1-emigr-samarTaaa2თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების“  მიგრაციისა და დიასპორებთან ურთიერთობის სამსახურიდან ატყობინებენ, სამსახური საზღვარგარეთ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

„ცესკომ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი მიკერძოებულობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და აჩვენა, რომ აგრძელებს ბრძოლას ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ.

პირველი განცხადება, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა ემიგრაციაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, იყო ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს სამხედრო ნაწილებში 23 სექტემბერს ჩატარებული კენჭისყრის მონაცემები, რასაც შეგნებულად დაარქვა საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლებიდან მიღებული წინასწარი შედეგები. ამით ცესკომ  სცადა, შეექმნა განწყობა, თითქოს ქართველი ემიგრანტები მხარს უჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რაც უცხოეთში ჩვენი მოქალაქეების დიდ გულისწყრომასა და დამსახურებულ აღშფოთებას იწვევს.

ჩვენ მიერ საზღვარგარეთის 45-ვე უბნის ოქმების დათვლის და შეჯამების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 64%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 29.

იმ შემთხვევაში, თუ ემიგრანტების უბნებს დაემატება ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს სამხედრო ნაწილების კენჭისყრის შედეგები, ამ შემთხვევაშიც კი „ქართულ ოცნებას“ ექნება 52,7% ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – 41,3%.

გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ცესკო შეგნებულად არ აქვეყნებს იმ უბნების შედეგებს, რომლებიც ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა და რომლებიც დიდი უპირატესობით აქვს მოგებული „ქართულ ოცნებას“. ჩვენი აზრით, ცესკო ამით ცდილობს, შექმნას და რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს საზოგადოებაში იმის ილუზია, თითქოს „ქართული ოცნება“ საზღვარგარეთის უბნებს აგებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ თავისი დადგენილებით, საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს სამხედრო ნაწილების და ემიგრაციის უბნები გააერთიანა ერთ ოლქში, მოვითხოვთ, რომ ცესკომ ოფიციალურად ცალ-ცალკე გამოაცხადოს ემიგრანტების და სამხედრო უბნების შედეგები, რათა გამოჩნდეს ემიგრაციის რეალური განწყობა“.