პუბლიკაციები
ჯეიმს ნიქსი: „დასავლეთისთვის საქართველო არც ისე მნიშვნელოვანია, რუსეთი კი ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებს“

1-analitika-niksi„ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში ექსპერტი ჯეიმს ნიქსი ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტიდან, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის პარტია დამარცხდა, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის უჩვეულო მოვლენად მიიჩნევს.

ამავე დროს, ის აღნიშნავს, რომ არ ღირს დასავლეთის დაინტერესების გაზვიადება ამ არჩევნების შედეგებით. ხოლო რუსეთმა, მისი აზრით, ყველა შემთხვევაში მოიგო.

– რასაკვირველია არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე კვირის შემდეგ გახდება ცნობილი, ასე რომ, ეს კვირები და, შესაძლოა, თვეებიც, ერთობ ბობოქარი გამოდგეს, თუმცა, თვალსაჩინოა, რომ ადგილი ჰქონდა უჩვეულო ცვლილებას და ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზულად გამოუთხარა ძირი უმრავლესობას, რომელიც სააკაშვილის მმართველ პარტიას ჰქონდა და ეს უჩვეულო შემობრუნებაა პოსტსაბჭოთა პოლიტიკაში. ასეთი რამ უბრალოდ არ მომხდარა აქამდე, რომ მოქმედი ლიდერები არჩევნების გზით ჩაენაცვლებინათ. ეს 2003 წელსაც კი არ მომხდარა. მაშინ იყო გაყალბებული არჩევნები და უკვე ამის შემდეგ რევოლუცია. ასე რომ, თუ ეს ყველაფერი მოხდა სწორედ არჩევნების შედეგად, მაშინ საუბარია სერიოზულ პროგრესზე.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად განვითარდება და უახლოეს დღეებში, კვირებსა და, შესაძლოა, თვეებშიც ვნახავთ, რამდენად სტაბილურია სიტუაცია საქართველოს შიდა უსაფრთხოების თვალსაზრისით.

– საქმე ისაა, რომ სააკაშვილმა უკვე აღიარა დამარცხება. რა ცვლილებებს ელოდება დასავლეთი საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და ახალი პოლიტიკისაგან?

თუ სიმართლე გინდათ, დასავლეთისთვის ეს არც ისე მნიშვნელოვანია. დასავლეთი შედარებით ნაკლებად მონაწილეობს ქართულ მოვლენებში. საქართველო პატარა ქვეყანაა, 4.5-მილიონიანი მოსახლეობით, ნავთობი და გაზი იქ მცირე რაოდენობითაა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მას არც მაინცდამაინც სწყალობენ. საქმე ის კი არაა, რომ დასავლეთს არ აღელვებს საქართველო, რადგან ის ყოველთვის დაინტერესებული იყო დემოკრატიის გავრცელებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ საქართველოში არ არის მნიშვნელოვანი დასავლური ინვესტიციები, შესაბამისად, არც დიდი რისკებია. ეს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, თვითონ საქართველოსთვის. აი რუსეთისთვის კი ეს არც ისე მნიშვნელოვანია. რუსეთი ყველა შემთხვევაში მოგებული რჩება: თუ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში დარჩება, მისი დისკრედიტება იოლია, ხოლო თუ ხელისუფლების სათავეში მოდის ივანიშვილი, რუსეთი მაინც მოგებული რჩება, რადგან ახალი რეჟიმი უფრო გაითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს, თუმცა მარიონეტული მაინც არ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ვერ იტყვი, რომ ეს დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იყოს. დასავლეთი მოვლენებს მიუკერძოებელი ინტერესით დააკვირდება და არა შეძრწუნებითა და შეშფოთებით...

(საქინფორმის ონლაინ-თარგმანი)