სამართალი
ალასანია: ახალაიამ მადლობა უთხრას კუდ-სა და გამყალბებლებს

1-alasa-samarTaaaa2თბილისი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, „ერთადერთი, ვისაც როლანდ ახალაიას შეუძლია მადლობა გადაუხადოს, არის კუდ-ი, სოდ-ი, საკუთარი ვაჟიშვილები, გამყალბებლები და მეგის ქარდავა , რომელიც მართავდა იმ ზონდერ ჯგუფებს, რომლებიც დილიდან ღამემდე მოსახლეობას აშინებდნენ“.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, სამეგრელოში 10 000-ზე მეტი გაყალბებული ბიულეტენია და 111 უბნიდან 40-ში ოქმში აღრიცხული ბიულეტენების რაოდენობა მოსული ამომრჩევლის რაოდენობას არ ემთხვევა, რაც მისი შეფასებით ნიშნავს ე.წ. კარუსელის დატრიალებას. მისივე თქმით, არსებობს ვიდეომასალა, სადაც ტოტალური გაყალბება არის დაფიქსირებული. „დაფიქსირებული გაყალბებები სამართლებრივად გაფორმდება, რაც იქნება საფუძველი იმისა, რომ ზუგდიდში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ე.წ. სომხური კარუსელითა და ძალოვანების თავგასულობით შედგა არჩევნები სამეგრელოში . მე დავპირდი ამომრჩეველს, რომ არცერთ ხმას როლანდ ახალაიასა და მის ბანდას არ მოვაპარვინებდი და მე ამ დაპირებას შევასრულებ! ჩვენ დავპირდით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გადავიყვანდით უმცირესობაში და ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაშია“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ სამეგრელოს „მწყემსავდნენ“ ბაჩო და დათა ახალაიები და ყველა იქ მომხდარი ძალადობა მათ მიერ იყო განხორციელებული.