აქტუალური
„ქართულმა ოცნებამ“ ვაშინგტონშიც გაიმარჯვა!

1-vaSingtoni-aqtuuu3თბილისი, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საარჩევნო უბნები მსოფლიოს 37 ქვეყნის 44 ქალაქში იყო გახსნილი, რუსეთის გამოკლებით, სადაც უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება, ვიდრე ყველა დანარჩენ ქვეყანაში ერთად (როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, ტექნიკური მიზეზებით...).

ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიმდინარე არჩევნებს ექსპერტი გიორგი ფასიაშვილი აკვირდებოდა (რომელმაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სააკაშვილის გამოსვლის დროს ნიუ იორკში გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა). ამომრჩეველთა სიაში დარეგისტრირებულ და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა რეალურ რაოდენობას შორის სერიოზულ განსხვავებას ის იმ გარემოებით ხსნის, რომ მათ 80%-ს შესაბამის ქვეყანაში ცხოვრების კანონიერი უფლება არ აქვს. ექსპერტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებთა რიცხვიდან დაურეგისტრირებელი ამომრჩევლების დიდმა რაოდენობამ შესაძლოა, არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა გაზარდოს.

ამ მომენტისთვის (2 ოქტომბერი, 15:00) ვაშინგტონის საარჩევნო ოლქში ხმების დათვლა დასრულებულია. კომისიის წევრის – არჩილ ჯორჯაძის, თქმით, 338 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 108-მ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 48 ხმა მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ – 52, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ – 4 ხმა. თითო ხმა მიიღეს „თავისუფალმა საქართველომ“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“, – იუწყებიან ჩვენი თანამემამულეები ვაშინგტონიდან.