პუბლიკაციები
გალის რაიონში 30 სექტემბერს პროვოკაცია იგეგმებოდა

0_pol2თბილისი. 30 სექტემბერი, საქინფორმი. რუსულენოვან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობის დღეს - 30 სექტემბერს, ქართული სპეცსამსახურები გალის რაიონში, სადაც, როგორც ცნობილია, ძირითადად ქართული მოსახლეობაა, ტერორისტულ აქტებს ამზადებენ.

ამ ინფორმაციის თანახმად, არსებობს  დივერსანტთა სამი ჯგუფი, თითოეული მათგანი შედგება 15-15 კაცისაგან. დაჯგუფებების ხელმძღვანელების ვინაობა ცნობილია - ამირან კვარაცხელია, ბაკურ ბუმეწყერია და დიმიტრი ბოიკო.

 

ინფორმაციის გადასამოწმებლად „პოლიტფორუმი“ დაუკავშირდა რამოდენიმე ექსპერტს საკუთრივ აფხაზეთში, ასევე გავესაუბრეთ ჩვენს წყაროებს საქართველოს ხელისუფლების წრეებში. როგორც ირკვევა, ასეთი პროვოკაცია ნამდვილად მომზადდა - დაიგეგმა რამდენიმე აფეთქება ხალხმრავალ ადგილებში, ისევე როგორც რუსულ სამხედრო-სასაზღვრო შენაერთებზე ცეცხლის გახსნა. ზემოთ დასახელებული დივერსანტები რეალურად არსებობენ და მათი ვინაობა ცნობილია აფხაზეთში. თუმცა მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი წყაროების მონაცემებით, ბოლო მომენტში ვეღარ იღებს პასუხისმგებლობას ამგვარი ტიპის ავანტიურაზე, ვინაიდან მოხდა ინფორმაციის გაჟონვა.

თუ ეს ასეა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო წინასაარჩევნოდ გადაურჩა უდიდეს განსაცდელსა და ქაოსს, თუმცა გამორიცხული კვლავინდებურად არაფერია.

„პოლიტფორუმი“