რელიგია
„რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს“

1-religia-relდღეს ვერ ვიქნები ამაღლებული და ძალიან კორექტული, მშვიდი და გაწონასწორებული, რადგან... ხვალ უნდა გადაწყდეს, ვიარსებებთ, თუ – არა! ქართველს ქართველი ერქმევა, თუ – არა!

ახლა ცრემლებით სავსე ვზივარ ჩემს ოთახში, ხატებთან და გულდაფლეთილი, სულდაჯიჯგნილი სისხლის ცრემლებით ველი ხვალინდელი დღის გათენებას – ვევედრები უფალს,  კიდევ ერთხელ მოიღოს წყალობა და არ აიღოს თავისი მაკურთხებელი ხელი ჩვენგან... დედაღვთისმშობელს დარცხვენილი შევყურებ და გულის გულიდან ამოხეთქილი მინავლული ხმით ვევედები, თავის მადლიან კალთაში შეიფაროს საქართველო – მისი წილხვედრი მიწა, ჩვენ რომ ვერ მოვუფრთხილდით!..

საკუთარი უსუსურობის შეგრძნება კიდევ უფრო მანადგურებს – ვერაფერი ქართველი ხარ ღვთის წყალობის გარეშე და ვცდილობ, ბიბლიიდან რამე გავიხსენო მანუგეშებელი, რომ არ გაწირავს უფალი თავის საზეპურო ერს... მჯერა, ათი მართალი მაინც აღმოჩნდება,  გულით მლოცველი და მათ ლოცვას შეიწირავს უფალი წმინდა ზვარაკად ამ გადაგვარებული ერის გადასარჩენად!...

ხვალ გადაწყდება,  ვართ კი ერი? ერი,  რომელსაც ღირსება შემორჩა და მზადაა, გათელილი სახე  აღიდგინოს...

ერი, რომლის ერთი ნაწილი უდარდელად ტკბებოდა ამ წლების განმავლობაში სისხლიანი ხელისუფლების „მიღწევებით“ მაშინ, როცა მეორე ნაწილი ამ ხელისუფლების მიერ ქუჩაში უმოწყალოდ ჩახოცილ საკუთარ შვილებს გლოვობდა და სამართალს ამაოდ ეძებდა! როცა „ნულოვანი ტოლერანტობის“ წყალობით, „გონივრულ თუ უგონო ეჭვებზე“ დაყრდნობით ნახევარი ერი „ევროპული სტანდარტების“ ციხეებში გამოამწყვდია! როცა უსისხლოთაგან განწირული დედისერთა შვილის საფლავთან გამწარებული, ჩაშავებული დედის ხავილი ბევრს „შემაწუხებელ“ სანახაობად მიაჩნდა! როცა ამაღლება დღეს „უბრალო გაუგებრობის“ წყალობით ტაძარი ინგრეოდა,  სამართალი იყიდებოდა,  თვალებში ნაცარს გვაყრიდნენ და „სინათლისა“ და „სითბოს“ სანაცვლოდ თვალზე ლიბრგადაფარებულთ გვაიძულებდნენ,  ამაყი სახეებით გვევლო „ლამაზად დაგებულ“ გზებზე,  რომლებმაც ბოლოს ჯოჯოხეთამდე მიგვიყვანა! როცა 30 ვერცხლად ან უფრო მეტად გაყიდული სასულიერო პირები ცხვრის ტყავში გახვეული მგლების ხროვა – დიდი თუ პატარა იერარქები, მზად იყვნენ, გუნდრუკი ეკმიათ იმ ხელისუფლებისათვის,  რომელმაც საქართველო სისხლის მორევად, „ამაოების ბაზრად“ გადააქცია და ამბიონიდან „ექადაგათ“ მრევლისთვის,  რომლის ნახირად გადაქცევის ძალუმი სურვილი გქონდათ,  თვალები ფართოდ გაეხილათ და ამ სისხლიანი ნაძირლების აშენებული დემოკრატიული სახელმწიფო დაენახათ,  რომელსაც საფუძვლად სისხლი და ცხედრები ედო! რომელმაც საკუთარ ერს გენოციდი არაერთგზის მოუწყო – 7 ნოემბერს, როცა უსამართლობით გამწარებულ ხალხს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო და უმოწყალოდ გაუსწორდა, როცა 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სისხლიანი ტირანიის დღედ გადააქცია,  ქართველები უმოწყალოდ ჩახოცა და მათი ცხედრები შენობების სახურავებზე შეყარა! ესეც არ აკმარა, თავად ერის გამყიდველმა,  მოღალატე და ნაძირალამ ეს უბედური ადამიანები აგნეტებად და სამშობლოს მტრებად  შერაცხა და დამშეული, შეურაცხყოფილი ადამიანების სისხლით მორწყულ რუსთაველს წითელი ხალიჩა გადააფარა და „ლაღი“ სახეებით აბედნიერა ნაცელიტა, მიწაზე მფორთხავი მხედართმთავარი ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადა! წაგებულ ომში,  რომელიც მისივე დაუფიქრებლობით დაიწყო და რომელსაც ასობით საჯიშე ქართველი ბიჭის სიცოცხლე შეეწირა, „გამარჯვება“ იზეიმა და ამ გამარჯვების წყალობით ათასობით დევნილი გეტოებში გამოამწყვდია... როცა ვირთხასავით შეესია სახელმწიფოს საყრდენს, ეკლესიას და მას არნახული ომი გამოუცხადა ისევ სულგაყიდული, გადაგვარებული დიდ-პატარა იერარქების წყალობით, რომელთათვისაც იესო ქრისტე ცოცხალი ღმერთი კი არა,  გამოქვაბულში დაწერილი მითის პერსონაჟია! როცა უზნეობა, სოდომ-გომორი, მრუშობა, გარყვნილება,  სადიზმი აღზევდა და გამარჯვების გვირგვინი დაიდგა თავზე! როცა საპატრიარქოს გვერდით – ცოდვის სახლი, ხოლო ასი ათასი მოწამის სისხლზე ბუდა-ბარი აშენდა! როცა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან უმსგავსობის მამხილებელ, მაგრამ ხელისუფლების „გამაღიზიანებელ“ აბზაცს თვითნებურად იღებდნენ...როცა ეკლესიასაც კი შეერია სოდომ-გომორი და უზნეობა... როცა ჩვენს საჯიშე ბიჭებს საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ უცხო ქვეყნების „მშვიდობის“ სადარაჯოზე!.. როცა ბავშვებს დედაენაც კი წაართვეს და სკოლები ქართველი ბავშვისთვის ტვინის გამორეცხვის,  მათში ყოველგვარი ქართულის განადგურების ადგილად იქცა; იმ ბავშვების,  რომელთაც დაშინებული და დატერორებული მასწავლებლები „თავისუფლებაზე“ ბრტყელ-ბრტყელ ლექციებს უტარებენ... მაგრამ  თურმე ჯერ კიდევ არ გვცოდნია ამ ნაძირალა ხელისუფლების „საქმენი საგმირონია“... თურმე ერის გარყვნა,  გადაგვარება, გახრწნა, წამება იქ მიმდინარეობდა, სადაც მათ „გამოსასწორებლად“ „ზნეობრივი ადამიანები“ მუშაობდნენ... და დღეს ვუყურებთ გაუგონარი სისასტიკით ნამუსაყრილ, ღირსებაშელახულ და გაუპატიურებულ ერს, მაგრამ არა ურჯულოს, არამედ ისევ ქართველის მიერ! პატივაყრილ მამაკაცებს და მოზარდებს! ვაი,  უღმერთოთა მიერ გათელილო საქართველოვ!

სიბინძურის კასკადს,  რომელსაც ეს დღეები ვისმენდი, ახლა 9 თვის უსუსური ჩვილის გაწირული სიცოცხლეც დაემატა... კიდევ ერთი მაგალითი ამ ხელისუფლების გაუგონარი სისასტიკისა! ნურავინ მომთხოვს, ვიყო შემწყნარებელი იმ არაადამიანის მიმართ! მძულს!

ხვალ უნდა გამოჩნდეს, ვართ თუ არა ადამიანები, ადამიანები და არა – ხროვა ბიოლოგიური არსებებისა,  რომელიც ყველაფერს მოითმენს „სტაბილურობისთვის“, რომელიც სინამდვილეში დენთით სავსე კასრს ჰგავს და ერთი პატარა ნაპერწკალიღა უნდა!

ხვალ არჩვენებია – არ მაქვს ილუზია,  რომ ეს სისხლიანი ხელისუფლება ამ არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს, მეტიც – ყველანაირად ეცდება, სისხლითა და მახვილით ჩაახშოს ყველა მოწინააღმდეგის მიერ გამოთქმული პატარა საყვედურიც კი!.. და მაინც მაქვს იმედი... იმედი გამარჯვებისა!

ხვალ 1 ოქტომბერია – ხვალინდელ დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია იხსენიებს  ბ ი ძ ი ნ ა ჩოლოყაშვილს, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებს... რა საოცარი „დამთხვევაა!“ მათ აწამებენ ქრისტეს, ქვეყნის და ერის სიყვარულისთვის... „არა-რაი არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილისა“, – ანდერძად დაგვიტოვებს ამ სიტყვებს დიდი ქართველი... თუმცა, „სამშობლო,  როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“... ბიძინა,  შალვა და ელიზბარ – ბახტრიონის გმირები, რომელთაც ქართველი მღვდლის გაუპატიურება არ აპატიეს ურჯულოთ და ნამუსაყრილ ერს ჩაუდგნენ სათავეში... მათი ნაწამები ცხედრები დღეს დიდებული იკორთის ტაძრის გუმბათქვეშ კიდევ ერთხელ ბორგავს – იქ,  სამაჩაბლოში... წართმეულ (იმედია, დროებით) დაკარგულ სამაჩაბლოში... მათ წმინდა სულებს აქვთ კადნიერება ღვთის ტახტის წინაშე,  უფალს შესთხოვონ გადასაშენებლად განწირული ერის გადარჩენა!..

ხვალ 1 ოქტომბერია – არჩევნები – არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვიარსებოთ თუ არა! ვიცი, ეს სისხლიანი ხელისუფლება ისევ გააყალბებს არჩევნებს, ისევ შეეცდება, ნამუსი ახადოს ერს, ჩაქოლოს, „ჩარეცხოს“... და მაინც იმედი მაქვს, იმედი, რომ საქართველო გაიმარჯვებს, რადგან ხვალ, 1 ოქტომბერს, იმ წმინდანთა ხსენებაა, რომელთაც ქართველის გაუპატიურება არ აპატიეს ურჯულოთ და დარაზმეს ნამუსაყრილი ქვეყანა ღირსების დასაბრუნებლად! ხვალ კი,  1 ოქტომბერს, საოცარი „დამთხვევის“ წყალობით,  ისევ დაკარგული პატივი და ღირსება უნდა დავიბრუნოთ, ერის გაუპატიურება არ უნდა ვაპატიოთ, მაგრამ, ვაი რომ დღეს ჩვენი ნამუსამხდელი ქართველია და არა – სხვა ტომელი!.. საოცარი დამთხვევაა, რომ ჩოლოყაშვილის მოსახელე უნდა ჩაუდგეს ერს... უფლის ხელში ისევ ბიძინაა იარაღი, ის არაა წმინდანი, ის ერთი უბრალო ქართველია,  რომელსაც, მჯერა,  სამშობლო ტკივილამდე უყვარს!..

მაგრამ მე იმედი მაქვს, რადგან მჯერა ქრისტეს მხედრებისა – ჩვენი პატიოსანი, ღირსეული სასულიერო დასისა, რომელიც არ დაუშვებს,  რომ ისტორიის ზუსტი გამეორება მოხდეს და საერო პირის ნაცვლად, მღვდლისთვის ნამუსის ახდა გახდეს საჭირო მათი ერთად, ერთხმად დგომისათვის, საქართველოს გადასარჩენად..

იმედი მაქვს... რამეთუ, ჩვენი ბრძოლა მართალია...

P.S. ამ საზარელი ტკივილის დღეებში ნუგეშისთვის ასგზის წაკითხული ფსალმუნებიდან დავით წინასწარმეტყველის ამ  სიტყვებს ვიხსენებ: „რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს“ (ფს.1-6).

 

შორენა სიხარულიძე,

საქინფორმის ჟურნალისტი

2012 წლის 30 სექტემბერი,  11:00 საათი,  თბილისი