თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში გაკვირვებული არიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული გოგა ხაინდრავასთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნების გამო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა განაცხადა.
„იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხებოდა ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და დანაშაულებრივ ქმედებებს საჯარო პირების მხრიდან, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არცერთ ეტაპზე არ აუღიათ ვალდებულება ფრანგული სტრუქტურების წინაშე ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე“, – აღნიშნა მან.
ქართულ მხარეს ჰქონდა სუვერენული უფლება, გამოექვეყნებინა ვიდეომასალები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, – ამტკიცებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას.
„ქართველი სამართალდამცავები მოქმედებენ ქართული, და არა ფრანგული კანონმდებლობის შესაბამისად“, – ყოველი შემთხვევისათვის შეგვახსენებს იგი.