„მე არაერთხელ გავაფრთხილე ქალბატონი კალმახელიძე, რომ დედობა გაუწიე-მეთქი პატიმრებს, პატიმრებს ნუ აწამებთ-მეთქი... მაგრამ, ალბათ, ეს არ იყო საკმარისი და ისინი მაინც აგრძელებდნენ და აგრძელებენ აი, ამ საშინელებას. ვერაფრით ვერ გამართლდება ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს. ეს არის დანაშაული და უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა და ხალხის... და თუ ადამიანი არ მოინანიებს, ეს ცოდვა გადადის თაობიდან თაობაზე. წინაპრების ცოდვა მოეკითხება შვილებს და შვილთა შვილებს... ცოდვა ამონავებს ადამიანს და საშიში მდგომარეობაა მაშინ, როცა ცოდვა ხდება შენთვის სასიამოვნო. როცა ადამიანი კმაყოფილდება და ურიგდება ცოდვას“, – ბრძანა პატრიარქმა.
მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი ვერ გრძნობს ამ ცოდვების სიმძიმეს და პირიქით, იმუქრებიან კიდეც, არჩევნები გაივლის და მერე ჩვენ გიჩვენებთ, რასაც გავაკეთებთო.
„არიან უკვე ახალი პატიმრები, აპატიმრებენ, ვინც აქტიურად ლაპარაკობს ამის შესახებ და მე მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი, ახლად დაპატიმრებულები უნდა გამოუშვან, ასევე, ავადმყოფები, იმიტომ, რომ ეს ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას, მტრობას“, – ბრძანა უწმიდესმა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეკლესია დიდი ხანია, აყენებს საკითხს ციხეში ციხის მოძღვრის – კაპელანის, დანიშვნის თაობაზე, რაც დღემდე არ არის დადებითად გადაწყვეტილი.
ცნობისათვის: სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ციხის მოძღვრის თაობაზე პატრიარქის ინიციატივას უახლოეს ხანებში განიხილავს, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა გუშინ განუცხადა ჟურნალისტებს.
„ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის განცხადება და წინადადება, რომელიც საქართველოს პატრიარქისგან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ“, – აღნიშნა მინისტრმა.