პუბლიკაციები
არც ერთი ხმა ჯალათებს!

1-analit-ANONSინტერვიუ სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» თავმჯდომარე ალექსანდრე ჭაჭიასთან 

- ბატონო ალექსანდრე, ჩვენს რედაქციაში მოდის უამრავი წერილი, რეკავენ მკითხველები, რომლებსაც აინტერესებთ, რა პოზიცია უკავია ამ საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრე ჭაჭიას. ძალიან ბევრი ადამიანისთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია.

-  საარჩევნო პროცესისადმი თავშეკავებული პოზიცია მქონდა, ვინაიდან ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალას, რომლის პროგრამაც პასუხობს ჩემს შეხედულებებს ჩვენი ერის მომავალსა და საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების გზებზე. ორი ძირითადი მეტოქის პოლიტიკური პროგრამები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება და ამ მხრივ ეს პარტიები და მათი ლიდერები ერთი და იმავე პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენლები არიან, რომელიც, ჩემი აზრით, არ შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ამიტომ არ ჩავთვალე შესაძლებლად, მიმემართა რაიმე რჩევებით ჩემი თანამოაზრეებისთვის, მათ შორის სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» წევრებისთვის.

მაგრამ ის სისაძაგლე, რომელიც ბოლო დროს ტელევიზიით გვაჩვენეს, აღარ ტოვებს ადგილს პოლიტიკური დისკუსიების, პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიებისთვის. დღეს საუბარია ერის ღირსების შენარჩუნებაზე, ახალგაზრდა თაობის ზნეობასა და სულიერებაზე, საფრთხეზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ელემენტარული მორალური ნორმების არსებობას ემუქრება.

პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების მიმართ სახელმწიფო მოხელეების მსგავსი მოქცევა შესაძლებელი გახადა, საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად უნდა უარყოს. ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ისე ექცევა, როგორც პირუტყვს, არა აქვს არსებობის უფლება. საკმაოდ კარგად ვიცნობ გერმანული ფაშიზმის ისტორიას და შემიძლია გითხრათ, რომ არც გესტაპოს  ჯურღმულებში, არც საკონცენტრაციო ბანაკებში ფაშისტებს არც უცდიათ ტუსაღების ადამიანური ღირსების ასე დაუნდობლად ფეხქვეშ გათელვა, ასე უმოწყალოდ მათი დამცირება.

ვერ წარმომიდგენია, ხელისუფლების ნებისმიერმა წარმომადგენელმა აწი რა ნამუსით უნდა ისაუბროს დემოკრატიის მიღწევებზე საქართველოში, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე და რა ნამუსით იქაქანებენ მათი დასავლეთელი მფარველები «დემოკრატიის წარმატებებზე საქართველოში»!

შეიქმნა ვითარება, როდესაც ქართველმა ხალხმა ყველას უნდა დაუმტკიცოს, რომ მას აქვს ეროვნული ღირსება. ეს არჩევნები აჩვენებს, რამდენი ღირსეული ადამიანია საქართველოში, რამდენ ადამიანს შერჩა კაცობა! ამ არჩევნებზე ისიც გამოჩნდება, თუ რამდენი ადამიანია საქართველოში თანახმა, რომ თვითონ და თავიანთი შვილები გახდნენ იმ შემზარავი დამცირების მსხვერპლნი, რომელიც ტელევიზორში ყველამ ვნახეთ.

ის, ვინც სადისტებსა და მკვლელებს უჭერს მხარს, მზადაა, თვითონაც გახდეს სადისტი და მკვლელი ან მათი მსხვერპლი!

არც ერთი ხმა _ ჯალათებს!

ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც აქვს კაცობა, ღირსება და ხმას ამ ხელისუფლებას მისცემს. ვერ წარმომიდგენია მშობელი, რომელიც ფიქრობს საკუთარი შვილების მომავალზე და მხარს დაუჭერს ამ სადისტების ხელისუფლებას!

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვისაც ჩემი აზრი აინტერესებს _ ხმა მიეცით რეალურ ოპოზიციას, იქნება ეს «ქართული ოცნება» თუ «თავისუფალი საქართველო», მაგრამ არამც და არამც არ დაუშვათ ამ არაკაცების ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება! დღეს მთავარია, საქართველოს მოვაშოროთ მკვლელებისა და სადისტების ხელისუფლება და ამ გზით უზრუნველვყოთ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების სიცოცხლისა და ადამიანური ღირსების ხელშეუხებლობა!

ამასთანავე, უდიდესი გულდაწყვეტით აღვნიშნავ, რომ იმ სისაძაგლეთა ორგანიზებაში, რომელიც ტელევიზორით ვიხილეთ, მონაწილეობდა რამდენიმე არამზადა მეგრული გვარით. ეს სამეგრელოს სირცხვილია, ეს ჩვენი სირცხვილია და არჩევნებზე ჩვენივე პოზიციით უნდა ჩამოვირეცხოთ ეს სამარცხვინო ლაქა!

- მაჟორიტარულ ოლქებში სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა. ხელისუფლება სწორედ მაჟორიტარების ხარჯზე გეგმავს არჩევნებში გამარჯვებას...

- სამეგრელოში მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციამ ღირსეული კანდიდატები წარმოადგინა. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, თუ კონკრეტულად რომელ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ ეს კანდიდატები. მთავარია მხარი დავუჭიროთ რეალურ ოპოზიციას, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომელთაც უყვართ საკუთარი ხალხი, აქვთ პიროვნული ღირსების, ეროვნული სიამაყის გრძნობა და ვინც შეძლებს გაწმინდოს საქართველო იმ სიბინძურის, ცრემლისა და სისხლისგან, რომელთა გუბეებიც დააყენა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანაში.

ასევე მინდა მივმართო «ნაციონალური მოძრაობის» მაჟორიტარ კანდიდატებს. თუ მათ აქვთ ღირსება, ელემენტარული კაცური თავმოყვარეობა, უარი უნდა თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ ნაბიჯით ისინი თანამემამულეთა პატივისცემასა და ახალი ხელისუფლების კეთილგანწყობას დაიმსახურებენ, მათ და მათ ოჯახებს აღარ შერცხვებათ, რომ სადისტებისა და მკვლელების ხელისუფლებას წარმოადგენდნენ.

გაზეთი «ილორი» №189