თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ კანდიდატურა მოხსნა. მან ასე გამოხატა პროტესტი კენჭისყრის დღეს მედიის მუშაობის ახალი წესების წინააღმდეგ. „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე გრიგოლიამ მეგობრებისა და ნაცნობებისთვის ასეთი ჩანაწერი დატოვა:
„ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ – იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, „ქრისტიან-დემოკრატები“ გააკეთებენ განმარტებას, რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას“.