თბილისი. 25 სექტემბერი, საქინფორმი. ორშაბათს თბილისში ახალი ძალით იფეთქა სტუდენტთა მრავალათასიანმა აქციებმა, რომლებიც მიმართულია ციხეებში პატიმრების წამებისა და მათზე ძალადობის ორგანიზატორთა და მონაწილეთა წინააღმდეგ.
საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმის შემდეგ მანიფესტანტებმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რათა სოლიდარობა გამოეხატათ იქ მოშიმშილე სტუდენტებისათვის და კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ თავიანთი მოთხოვნა - პასუხისგებაში იქნენ მიცემული და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავენი. პირველ რიგში - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, მისი ძმა, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დათა ახალაია, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა.
დაღამებისას ფილარმონიასთან ინციდენტი მოხდა - პოლიცია რატომღაც მომიტინგეებთან სასულიერო პირებს არ უშვებდა.
ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობით, ახალგაზრდების მასობრივი საპროტესტო აქციები ქუთაისსა და ბათუმშიც მიმდინარეობს.