პოლიტიკა
თბილისი, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თურქთა კონფედერაციის ინფორმაციის დეპარტამენტმა საქინფორმის რედაქციას გადმოუგზავნა კონფედერაციის თავმჯდომარე დაშგინ გიულმამედოვის ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ:
ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საქართველოს აზერბაიჯანელებს ყოველთვის მხოლოდ არჩევნების დროს იყენებდნენ. ამჯერად ასეთი რამ არ მოხდება. საქართველოს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. ისინი ხმას არავის მისცემენ. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ზეპირი მიმართვა ბორჩალოს (ქვემო ქართლი) მოსახლეობისადმი.
კანდიდატები ოპოზიციიდან და მმართველი პარტიიდან ჩვენს ინტერესებს არ წარმოადგენენ, რადგან მათი კანდიდატურები ჩვენს მოსახლეობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ხელისუფლება და ოპოზიცია შესანიშნავად აცნობიერებენ, რომ საქართველოს აზერბაიჯანელებისა და სომხების ხმებით შესაძლებელია ამა თუ იმ პარტიისთვის გამარჯვების მოტანა. ეს საკმაოდ სერიოზული ფაქტია. მაგრამ ხელისუფლება და ოპოზიცია ყოველთვის ატყუებდნენ აზერბაიჯანელებს. ჩვენ არჩევნებაში მონაწილეობაში აზრს ვერ ვხედავთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ, – აღნიშნა დაშგინ გიულმამედოვმა“.