პუბლიკაციები
საქინფორმის პროგნოზი: „ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეჩერდით!“

1-analit-saakashviliდღეს, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 10 დღე დარჩა, ქვეყნის შიგნით მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. საქართველოს ციხეებში წამების ამსახველი სამი დოკუმენტური ვიდეოჩანაწერი, რომლებიც ორი დღის წინ სოციალური ქსელი „Facebook“-ითა და რამდენიმე ქართული ტელეარხით გავრცელდა, მყისვე ცნობილი გახდა მსოფლიო საზოგადოებრიობისა და ევროპული სტრუქტურებისთვის. პატიმრებთან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების აღიარებით ხელისუფლება ცდილობს, „მცირე მსხვერპლით“ გავიდეს ფონს – კოსმეტიკურ ზომებს მიმართავს მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს ფარგლებში (პენიტენციარული სისტემის თანამშრომელთა მოხსნითა და დაპატიმრებით), ამავე დროს, უილაჯოდ ცდილობს, დანაშაული ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერთან – ბიძინა ივანიშვილთან, დაახლოებულ ერთ კონკრეტულ პატიმარს გადააბრალოს. მაგრამ მრავალრიცხოვანი სპროტესტო აქციები აჩვენებს, რომ ამ ქმედებებით საზოგადოებაში მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი „ორთქლის გამოშვება“ არ გამოვა. თუმცა არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ ზედ არჩევნების წინ ამგვარი კომპრომატი ძალიანაც აძლევს ხელს ივანიშვილს, რომელმაც, როგორც ჩანს, თავის მოწინააღმდეგეს (ანუ სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელსაც ლოპოტას ხეობაში ჩატარებული საზოგადოებისათვის საიდუმლოებით მოცული სპეცოპერაციის შემდეგ სული ჯერ არ მოუთქვამს) სხვადასხვაგვარი სიურპრიზების მთელი სერია მოუმზადა...

რა შეიძლება მოიმოქმედოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელსაც არჩევნების წინ საქმე სულ უფრო ცუდად მისდის? როგორც ჩანს, ის ეცდება, საზოგადოების ყურადღება საკუთარი „ნაკლულოვანობისგან“ გადაიტანოს და ერთი ავანტიურული ხელისმოსმით გადაირჩინოს თავი, თუნდაც საქართველოს დაღუპვის ხარჯზე (ასეთი პრეცედენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში ბევრია). არა არჩევნებში გამარჯვებამ, არამედ არჩევნების შემდეგ საკუთარი ტყავის გადარჩენამ, შესაძლოა, ჩვენს ხელისუფალთ არაადეკვატური გადაწყვეტილებებისკენ უბიძგოს, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის უმძიმეს შედეგებს გამოიწვევს!

საქინფორმი სულაც არ აკეთებს ამ განცხადებას ქვენა განზრახვით – რათა მკითხველი აუდიტორიის ინტერესი  გამოიწვიოს თუნდაც ისედაც უკიდურესად პოლარიზებულ საზოგადოებაში ატმოსფეროს დაძაბვის ხარჯზე: ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ! და თუ არა, დაე, ჩვენი სიტყვები აღმოჩნდეს ის პრევენციული ზომა, რომელიც ხელისუფლების საჭესთან მდგომი ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის „ფიცხ“ თავებს ოდნავ მაინც გააგრილებს.

მოდი, ნუ შევუშინდებით ერთიანობას, მოდი, შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ერთად და ამით ყველას ერსაც და ბერსაც, მტერსაც და მოყვარესაც ხმამაღლა განვუცხადოთ ყოველი ჩვენგანი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის ქრისტიან-დემოკრატი თუ ლეიბორისტი, ნაციონალი თუ მეოცნებე, მემარჯვენე თუ მემარცხენე... შესაძლოა, ჩვენ ბევრი რამ გვყოფდეს, მაგრამ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც არ შეიძლება ამ გაყოფის ხაზგასმა და წინ გამოტანა, რადგან, საბოლოოდ, ჩვენი მტრის დამარცხება და ჩვენი ერის გამარჯვება ერთ მთავარ ძალაშია, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს გადარჩენის წინაპირობა ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია!.. ჩვენ შეიძლება სხვადასხვანაირად ვხედავდეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ წარმოუდგენელია, არ გვაერთიანებდეს საერთო მისწრაფება მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და გაერთიანებას. ,ჩვენ შეიძლება განსხვავებულად მოგვწონდეს ან ვენდობოდეთ (ასეთი ხალხიც არის) პუტინის რეჟიმს, მაგრამ შეუძლებელია, არ ვიყოთ ერთიანი იმაში, რომ რუსეთთან ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე!“ – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში 2012 წლის 14 სექტემბერს ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის საზეიმო გახსნაზე.

ბრავო! აპლოდისმენტები, გულაჩუყებული ცრემლები და თაიგულებიანი ბავშვები პრეზიდენტისათვის, რომელიც ბაგრატ მეფის – საქართველოს გამაერთიანებლის, მანტიას იზომებს, ზავისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს თავის მთავარ მოწინააღმდეგესაც კი („კრემლის კანდიდატს“ მომავალ არჩევნებზე – ივანიშვილს, რომელიც „რუსული“ მილიარდების დახმარებით ცდილობს, „საქართველო წარსულში დააბრუნოს“) უზენაესი მიზნისთვის – ერთიანი საქართველოს სასიკეთოდ მშვიდობიანი შრომისა და გამარჯვებისთვის, ერთიანი საქართველოს ბედნიერი მომავლისთვის! ძალიან გვინდა, გვჯეროდეს, რომ პრეზიდენტის სიტყვები გულწრფელია, და არა – მორიგი პიარსვლა სასიკვდილოდ სახიფათო თამაშში. მაგრამ, მოდი, გავიხსენოთ: ბოლოს როდის მოუწოდებდა სააკაშვილი თავის მოწინააღმდეგეს ზავისა და ერთიანობისკენ უზენაესი მიზნის – ერთიანი საქართველოს სასიკეთოდ მშვიდობიანი შრომისა და გამარჯვებისთვის, ერთიანი საქართველოს ბედნიერი მომავლისთვის? დიახ, 08.08.08 ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.

„...მზად ვარ, მშვიდობისთვის ამ ნაბიჯზეც წავიდე და მზად ვარ, რომ წარსულში, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩადენილი ყველა დანაშაული ეპატიოთ ქართული სახელმწიფოს მხრიდან, რათა მოვიპოვოთ მშვიდობა, გაგრძელდეს სამშვიდობო პროცესი და მოლაპარაკება. ყველას გთავაზობთ და გიწვდით მეგობრობისა და პარტნიორობის ხელს მიუხედავად იმისა, თუ რა გაქვთ გაკეთებული წარსულში ქართული სახელმწიფოს ან ადგილობრივი მცხოვრებლების წინააღმდეგ... მოდი, ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას; მოდი, ერთად ავაცილოთ მას ძალადობა; მოდი, ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის, გადავუსვათ ხაზი ყველაფერს უარყოფითს, რაც წარსულში გვქონდა და ვიფიქროთ საერთო მომავალზე!.. ძალიან გთხოვთ, ნუ ცდით საქართველოს სახელმწიფოს მოთმინებას, რადგან ეს მოთმინება თქვენც გეკუთვნით ეს თქვენი სახელმწიფოა, რომელიც მოწოდებულია, დაიცვას თითოეული თქვენგანი. მოდი, შევაჩეროთ ძალადობის სპირალი! მოდი, ყველამ, ვისაც ეს ადგილზე ეხება, ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ დღეს, ხვალ, ზეგ შეწყდეს ესკალაცია და დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას!– ეს 2008 წლის 7 აგვისტოს, 19 საათზე, პრეზიდენტ სააკაშვილის საგანგებო ტელემიმართვიდანაა. 2012 წლის 14 სექტემბერს ბაგრატის ტაძრის გახსნაზე სააკაშვილის სიტყვების გულწრფელობა და კეთილშობილურობა  უფრო ნაკლებდამაჯერებლად მოგვევლინება, თუკი გავიხსენებთ პრეზიდენტის გამოსვლას სამი დღით ადრე – 2012 წლის 11 სექტემბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში, დასკვნით შეკრებაზე მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასკვნით შეკრებაზე პარტიული ყრილობის ფარგლებში.

„... დღეს ხალხი გამოვიდა, რომ ჩაეშალა ძალიან დიდი პროვოკაცია, რომელსაც სამხედრო ელემენტიც ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა პოლიციამ, თავდაცვის სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში აღკვეთეს ძალიან საშიში სამხედრო პროვოკაცია და ჩვენმა ოპონენტებმა, რომლებიც დღეს ცრემლებს აღვარღვარებენ ტერორისტების ბედზე და ერთი ხმა არ ამოუღიათ ჩვენს დაღუპულ მეომრებზე, მათ კარგად იციან, რისთვის იყო ეს პროვოკაცია, რისთვის იყო ის ფაციფუცი, რაც იყო არჩევნებისთვის. რუსეთმა შემოყარა 2 მილიარდი დოლარი გაზაფხულზე საქართველოს არჩევნებზე მათი კანდიდატის დასაფინანსებლად. გათვლა იყო ძალიან მარტივი არჩევნებზე გაურკვევლობა, ბევრი უცხოური პრესა უნდა მოისყიდო, ბევრი ჭორი გაავრცელო, შექმნა არეულობა არჩევნების შემდეგ, აჩვენო, როგორც გაყოფილი და დაქსაქსული და შემდეგ იმ პირობებში, როდესაც რუსეთმა სამხედრო მანევრები გადაიტანა ჩვენი არჩევნებისთვის, მისცე მათ საბაბი, ჩვენი შიდაარეულობა და გათიშულობა გამოეყენებინათ მათი მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად, დღეს ქართველმა ერმა აჩვენა, რომ ის დაქსაქსული კი არა, ერთიანია, როგორც არასდროს, ამიტომ ჩვენი მტრის გეგმა ჩავარდა!.. არიან ძალები, რომლებიც აშკარად აპირებენ ქართული დემოკრატიის დისკრედიტაციას. ისინი ამისთვის არ იშურებენ ასობით მილიონ დოლარს. მათი ერთადერთი მიზანია არ აღიარონ არჩევნების შედეგები, არ დაეთანხმონ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ ნებას, არიონ სიტუაცია დესტრუქციის და ესკალაციის გზით არჩევნების შემდეგ. არავის არ მიეცემა სიტუაციის არევის და საქართველოს წინსვლის შეჩერების უფლება იმიტომ, რომ ამ არჩევნებში საქართველოს ხალხი აირჩევს მომავალს, წარსულის ნაცვლად... ჩვენ გავიმარჯვებთ! „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარსების დღიდან ხალხისგან მიღებული უამრავი დავალება შეასრულა... თუმცა ჩვენ ბევრი დავალება გვაქვს კიდევ შესასრულებელი. მთავარი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის იმპერიის ბოლო გაბრძოლება საბჭოთა კავშირის აღდგენის მიზნით. ჯერაც ოკუპაციის, სრული უუფლებობის, კრიმინალების და კორუფციის ჭაობში უხდებათ ჩვენს ძმებს ცხოვრება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში. მაგრამ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას დღეს ისეთი მხარდაჭერა აქვს, როგორც არასდროს მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას. საქართველო იქნება თავისუფალი და მთლიანი!“.

როგორც ცნობილია, თავდასხმა – საუკეთესო თავდაცვაა: იმიტომ ხომ არ ლაპარაკობს საქართველოს ხელმძღვანელობა რუსეთის მიერ პროვოკაციების მზადებაზე, რომ თავად გეგმავს მათ?! ეს კი, მინიმუმ, – „ნორმალური“ პრევენციაა, მაგრამ თუ პროვოკაცია მაინც მოხდება, ყოველთვის შეუძლიათ თქვან – ჩვენ ხომ გაფრთხილებდით! – და „ამაყად თავაწეულები“, განაწყენებულები წავიდნენ ემიგრაციაში სადმე საზღვარგარეთ, დევნილი მთავრობის 100-პროცენტიანი ალიბით... მერე კი იქიდან მშვიდად შეუდგნენ „რუსეთისა და მისი პროტეჟეების მამხილებელ“ საქმიანობას საქართველოში დაბრუნების ლეგიტიმური შესაძლებლობის შენარჩუნების მიზნით. დევნილი მთავრობის სტატუსი ხომ სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გარანტიას იძლევა, თუკი საქართველოს მომდევნო ხელისუფლებას უცებ მოეპრიანება, გამოძიება დაიწყოს და თავის წინამორბედებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის პასუხი აგებინოს.

გავმეორდებით – ყველაზე დიდი სიხარული ის იქნება, თუ ჩვენი ყველაზე უარესი მოლოდინი არ გამართლდება, არჩევნები სამართლიანად ჩაივლის, ქვეყანაში კანონი და მშვიდობა გამეფდება და საქინფორმი ბოდიშს მოიხდის თავისი ვარაუდების გამო, მაგრამ უკანასკნელი მოვლენების სერიამ (სპეცოპერაცია ლოპოტას ხეობაში, რეზერვისტების გაუგებარმა ბანაკებმა, სადაც უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია და რომლებსაც ქალაქის ბრძოლებისთვის – დემონსტრანტების დარბევისთვის წვრთნიან და პარტიზანული ომის უნარ-ჩვევებს ასწავლიან, საქართველოს ხელმძღვანელობის აგრესიულმა განცხადებებმა სხვაგვარად მოაზროვნეთა, როგორც კლასის განადგურების შესახებ, მილიტარი-რიტორიკა ოკუპანტებისაგან საქართველოს გათავისუფლების თაობაზე და ღია განცხადებებმა რუსულ სამხედრო მუქარის შესახებ სამხედრო სწავლებ კავკასია-2012-ის ფონზე, პატიმრების წამება ქართულ ციხეებში, სპეცნაწილების მობილიზაციამ და ყაზარმულმა მდგომარეობამ, გაყალბებულმა ამომრჩეველთა ერთიანმა სია, ხელისუფლების დაუფარავმა აგრესიამ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებმა ოპოზიციის მიმართ) არ შეიძლება არ შეგვაშფოთოს...

და გუშინ, 2012 წლის 18 სექტემბერს, შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, რომლებიც ცხინვალში ჩამოვიდნენ, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ქართული მხარე სერიოზულ სამხედრო მზადებას აწარმოებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის მთელ პერიმეტრზე. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ინფორმაცია საქართველოს დღევანდელი ზრახვების შესახებ. კერძოდ, ლენინგორის რაიონის მოსაზღვრე ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფორტიფიკაციულ ნაგებობებს აშენებს. ყველა საზღვრისპირა ქართულ სოფელში ცეცხლსასროლი იარაღის საწყობები იქმნება.

თიბილოვის თქმით, ყველა ეს ღონისძიება აფიქრებინებს, რომ ეს ქმედებები მიმართულია სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც 30 სექტემბერს რესპუბლიკის შექმნის 22 წლისთავი უნდა აღნიშნოს. თიბილოვმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს იარაღის ჟღარუნის დრო არ არის, ქართული მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე კი საქართველოს ხელმძღვანელები იქნებიან პასუხისმგებელი.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან იმავე შეხვედრაზე კონფლიქტისშემდგომი დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის ლიდერის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა შეატყობინა, რომ სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოები ამჩნევენ ქართული ჯარების მოძრაობას რესპუბლიკის საზღვრის გასწვრივ, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზარდიაანთკარში არსებულ სიტუაციას, ქართული პოლიციის პოსტის სამხრეთ ოსეთის საზღვრისაკენ გადანაცვლებასთან დაკავშირებით (ქართული სოფელი ზარდიაანთკარი მეორე მხარეს – ზუსტად სამხრეთოსური სოფლის – ხელჩუას, პირდაპირ მდებარეობს, – საქინფორმი). ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა, მაგრამ ადამიანებში ეს შეშფოთებას იწვევს. ამიტომ ავხსენით სიტუაცია, დღეს თანათავმჯდომარეებს საშუალება ექნებათ, ყველაფერი ადგილზე ნახონ. და იმედი გვაქვს, რომ ისინი სათანადო გავლენას მოახდენენ, რომ ეს პოსტი ძველ ადგილზე იქნეს დაბრუნებული. ვიმეორებთ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, სიტუაცია განვმუხტოთ, – ხაზი გაუსვა ჯიოევმა.

(საქინფორმის მკითხველებს შევახსენებთ, რომ 2012 წლის 1 ივლისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში საგანგებო შეხვედრაზე, საქართველოს შსს-ის მაშინდელმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა სამხრეთ ოსეთის საზღვართან, სოფელ ზარდიაანთკარში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოსტის გახსნა ადგილობრივი, ანუ ქართველი მოსახლეობის მეტი უსაფრთხოების აუცილებლობით ახსნა. განა 2012 წლის აგვისტოში საჯარისო ქვედანაყოფების გადაადგილება ადგილობრივი მოსახლეობის მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით არ იყო ნაკარნახევი?!).

P.S. 2012 წლის 18 სექტემბერს ამავე შეხვედრაზე ცხინვალში თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან პოდრიგ მერფიმ შენიშნა, რომ მათთვის მეტად მნიშვნელოვანია მოლაპარაკების პროცესის ყველა საკითხზე ღიად მსჯელობა. ჩვენი საერთო მიზანია, სამხედრო კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა გამოვრიცხოთ და ხალხი ამ შიშისაგან დაიხსნათ“, – განაცხადა მან, რითაც ირიბად გამოთქვა თავისი შიში, რომ სამხედრო კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა მაინც არსებობს...

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“

2012 წლის 20 სექტემბერი, თბილისი