პოლიტიკა
თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი აპირებენ, ინტენსიური მუშაობა განაგრძონ შემდგომ წლებში დიდი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
„ეს (პროექტები, – საქინფორმი) არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, არცერთ მთავრობას, ცალკე აღებულს; ეს არის მრავალწლიანი გეგმები. და, რა თქმა უნდა, მუდმივი ამ ქვეყანაზე არავინ არ არის და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი მუდმივად უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ ეტაპზე გადაწყვეტილებას ვინ მიიღებს ამ კონკრეტულ საკითხებში – თუმცა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენმა გუნდმა, მათ შორის, მეც, გავაგრძელოთ შემდგომი წლების განმავლობაში ინტენსიური მუშაობა ამ დიდი სტრატეგიული გეგმების განხორციელებაზე“, – განაცხადა მან.
„მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, არცერთ მთავრობას ცალკე აღებულს; ეს კეთდება სრულიად საქართველოსთვის... ეს უნდა იყოს ნაციონალური იდეა, რომ ეს ნაწილი ჩვენი სანაპიროს განვითარდეს... ამ თემებზე უნდა შევთანხმდეთ ყველა ერთად, როგორი პოლიტიკური ბრძოლებიც არ უნდა იყოს და როგორი საარჩევნო კამპანიებიც არ უნდა იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მალე ჩაივლის და აღმშენებლობა გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც მანამდე ხდებოდა“, – დასძინა მან.