რელიგია
თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საზოგადოებას გლდანის საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში გაკეთებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.„საქართველოს ეკლესიის, წმიდა სინოდისა და პირადად ჩემი სახელით მივმართავ სრულიად საქართველოს. ამ დღეებში მასმედიის საშუალებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში. ჩვენ ვგმობთ ამ მოქმედებას და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც ამ ფაქტებს გამოიძიებს და დაიცავს პატიმრების უფლებებს. ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები“, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ცნობისათვის: ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში საპატრიარქოში მივიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაია და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე. თუმცა მათი შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან რამდენიმე წუთს გაგრძელდა...