სამართალი
ამერიკელ კონგრესმენთა განცხადება საქართველოში არჩევნების თაობაზე

1-kongres-sammarTaa2თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯოან ემერსონმა, მაიკ თერნერიმ, მაიკ როსიმ და ბენ ჩენდლერმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადება „The Hill“-ის კონგრესმენების ბლოგზე გამოქვეყნდა.

როგორც კონგრესმენები აღნიშნავენ, ისინი მხარს უჭერენ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.

„საქართველომ გრძელი გზა გაიარა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ ედგნენ. ფაქტები საკუთარ თავზე თავად საუბრობს – დანაშაული იკლებს, კორუფცია შემცირდა და ბიუროკრატიული პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ქართველი ხალხი მთავრობის მიერ გატარებული ძლიერი და მუდმივი რეფორმების მატერიალურ შედეგს ხედავს. საქართველომ და მისმა ლიდერებმა გააკეთეს ნათელი და ერთმნიშვნელოვანი არჩევანი, გაიზიარონ და პატივი სცენ დემოკრატიულ ღირებულებებსა და იდეალებს, რომელიც შემუშავებულია ნატოს სრულფასოვანი წევრობის მისაღწევად. ქართულმა სამხედრო დანაყოფებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საზღვარგარეთ ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში, მათ შორის – ავღანეთსა და კოსოვოში. მათი პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხი, მისიების შესრულებისას გამოწვეული მსხვერპლი, რომლებსაც ისინი დღემდე იღებენ, ნათლად უჩვენებს, რომ საქართველოს, როგორც ნატოს მომავალ წევრს, ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში საქართველომ შექმნა ძლიერი სისტემა, რათა ხელი შეუწყოს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს. არჩევნებს მსოფლიოში აღიარებული სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დააკვირდებიან, რათა დაადასტურონ, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პირნათლად დაცულია თავისუფლებისა და სამართლიანობის პრინციპები უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების შესაბამისად. ამ დამოუკიდებელი არბიტრების სიტყვებს ყველამ უნდა მოუსმინოს და პატივი სცეს“, – ნათქვამია კონგრესმენების განცხადებაში.

მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი საკუთარ არჩევანს გააკეთებს, შედეგებს კომპეტენტური ორგანოები შეაჯამებენ და სადამკვირვებლო ჯგუფები შეაფასებენ, მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, პატივი სცენ შედეგებს, გვერდით გადადონ განსხვავებები და ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის ითანამშრომლონ მშვიდობიანად.

„ნებისმიერი მცდელობა, რომელიც არჩევნებისშემდგომ არეულობის გამოწვევას ისახავს მიზნად ან მიმართულია ელექტორატის პოლიტიკური ნების წინააღმდეგ, ქართველი ერის მიმართ სერიოზული უსამართლობა იქნება და, რა თქმა უნდა, გახდება ძლიერი კრიტიკის საფუძველი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. მსოფლიო მომავალ არჩევნებს დიდი ყურადღებით აკვირდება. საქართველო და მისი რეპუტაცია საერთაშორისო საზოგადოებაში საფრთხის წინაშე დგას – ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის სერიოზული ტესტი იქნება. ეს არის შანსი ყველა ქართველისთვის, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, რათა დაუმტკიცონ მსოფლიოს, რამდენად შორს წავიდნენ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში და ხაზგასმით აღნიშნონ, რომ უკანსვლა მათი არჩევანი არ არის. ჩვენ ფიქრებით ქართველი ხალხის გვერდით ვართ, რამდენადაც ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ ხმა მისცენ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს, რის მიღწევასაც ამდენი მსხვერპლი შესწირეს და რასაც ნამდვილად იმსახურებენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის წინააღმდეგობას რუსეთის ძალისხმევის მიმართ – დაამხოს საქართველოს რთულად მოპოვებული დემოკრატია“, – აღნიშნავენ ამერიკელი კონგრესმენები.