თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გუშინ თბილისში, ფილარმონიის დიდი დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ახალი მიუზიკლის – „ვერის უბნის მელოდიების“ – წარმოდგენას ესწრებოდა, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის ვადაც დღეს, 19 სექტემბერს, 12.00 საათზე ამოიწურა.
საქინფორმის მკითხველთა საყურადღებოდ: დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს ბევრ ქალაქში – ქუთაისში, ბათუმში, ფოთში და სხვ., რაც გამოწვეული იყო ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „TV 9“-ის მიერ გუშინ, საღამოს და ღამით, გავრცელებული 3 ვიდეომასალით. მასალები გავრცელდა სოციალურ ქსელ „Facebook“-ში ქართველი ემიგრანტის – გიორგი ფოფხაძის – მიერაც.
ვიდეომასალებში ნაჩვენები იყო პატიმართა წამების კადრები (რომლებიც სასჯელს გლდანის №8 საპყრობილეში იხდიან), ასევე, გაუპატიურება დუბინკებით უკანა ტანიდან, უკიდურესად სასტიკი ცემა და დამამცირებელი ფორმა – ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით. სამივე ეს ვიდეო შესაბამის ევროსტრუქტურებს გადაეცა.