საზოგადოება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გათავისუფლდა

1-Wakua-sazoooo2თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის რამდენიმე პირი, რომლებიც შსს-სა და „მაესტროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ფიგურირებენ, დაკავებულია, რამდენიმეზე კი ძებნაა გამოცხადებული.

როგორც დღეს იუწყება საქინფორმი, ცნობისათვის: პატიმრებზე ძალადობის ამსახველი 3 ვიდეომასალა ტელეკომპანია „მაესტრომ“ და „TV 9“-მ გაავრცელეს გუშინ, საღამოს და ღამით, ასევე გავრცელდა სოციალურ ქსელ „Facebook“-ში ქართველი ემიგრანტის – გიორგი ფოფხაძის – მიერ. მასალებში ნაჩვენები იყო პატიმართა წამების კადრები (რომლებიც სასჯელს გლდანის №8 საპყრობილეში იხდიან), ასევე, გაუპატიურება დუბინკებით უკანა ტანიდან, უკიდურესად სასტიკი ცემა და დამამცირებელი ფორმა – ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით. სამივე ეს ვიდეო შესაბამის ევროსტრუქტურებს გადაეცა.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პირობა დადო, რომ უმკაცრესად დაისჯებოდა ყველა ის, ვინც ამ ფაქტებს უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ და სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. ამ უკანასკნელმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის გათავისუფლება და ყველა დამნაშავის დასჯა მოითხოვა.