საზოგადოება
კალმახელიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე

1-kalmax-sazooga1თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიმართა. ამის შესახებ ხათუნა კალმახელიძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემთვის უაღრესად შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამასთან დაკავშირებით მე მივმართე პრემიერ-მინისტრს ჩემი გადადგომის თაობაზე.

ჩემი მინისტრობის პერიოდში მე მაქსიმალურად შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული და რომ სასჯელაღსრულების სისტემა მაქსიმალურად შესაბამისობაში ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი, იმიტომ, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებითაც მე ძალიან ვწუხვარ და არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი.

ადამიანურად მე ძალიან ვწუხვარ და მე მინდა, ავიღო ადამიანური და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

პატიმრების უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოში, ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მე შევეცადე, ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, შევეცადე შევსულიყავი პატიმრების მდგომარეობაში, ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრების მდგომარეობაში, რაზეც მეტყველებს ის რეფორმები, რაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამინისტროში და მე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალიან ვწუხვარ ყველა დაზარალებულის გამო და მე იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე პირი დაისჯება სრული სიმკაცრით“.

ცნობისათვის: პატიმრებზე ძალადობის ამსახველი 3 ვიდეომასალა ტელეკომპანია „მაესტრომ“ და „TV 9“-მ გაავრცელეს გუშინ, საღამოს და ღამით, ასევე გავრცელდა სოციალურ ქსელ „Facebook“-ში ქართველი ემიგრანტის – გიორგი ფოფხაძის – მიერ. მასალებში ნაჩვენები იყო პატიმართა წამების კადრები (რომლებიც სასჯელს გლდანის №8 საპყრობილეში იხდიან), ასევე, გაუპატიურება დუბინკებით უკანა ტანიდან, უკიდურესად სასტიკი ცემა და დამამცირებელი ფორმა – ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით. სამივე ეს ვიდეო შესაბამის ევროსტრუქტურებს გადაეცა.

უკვე დაკავებული არიან ამ დაწესებულების მაღალჩინოსნები, ზოგიერთებზე კი ძებნაა გამოცხადებული. ამ ფაქტებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პირობა დადო, რომ უმკაცრესად დაისჯებოდა ყველა ის, ვინც ამ ფაქტებს უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ და სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. ამ უკანასკნელმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის გათავისუფლება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა.