რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ვისთვის იქნება ყველაფერი კარგად, ძვირფასო ივანიშვილო?!“

1-mtსაქინფორმის მთავარი რედაქტორის ღია წერილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს
ბატონო ბიძინა!
საპარლამენტო არჩევნებამდე 13 დღე დარჩა: 2012 წლის 1 ოქტომბერი ჭეშმარიტების მომენტად იქცევა ქართველი ხალხის, საქართველოსა და მისი კურატორ-კონსულტანტების – აშშ-ისა და ევროპისთვის, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს.

„არ მინდა, ვილაპარაკო, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდება, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს სერიოზულ იმედგაცრუებას გამოიწვევს და ხელს შეუშლის საქართველოს მჭიდრო კავშირების განვითარებას სხვა ერებთან და დასავლეთთან, ეს საქართველოსთვის კარგი არ იქნება... „ვარდების რევოლუცია“ ქვეყნის ისტორიაში დადებითი მომენტი იყო, მან ხელი შეუწყო საქართველოს განვითარებას ბევრი მიმართულებით, შემცირდა კორუფციის დონე, მაგრამ საგარეო ურთიერთობების და ქვეყნის შიგნით დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით... მართლაც, უცნაურად იქცევა ხელისუფლება, როდესაც ოპოზიციის აქტიურობას ხელს უშლის. ჩვენ ყველამ ვიცით: პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაგრამ ის, რაც ბოლო დროს საქართველოში ხდება, პოლიტიკურ ფრაქციებს შორის ნორმალური ბრძოლის ფარგლებს სცილდება“ , – სამართლიანად შეშფოთებულია საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი  რიჩარდ მაილსი.

საგანგაშო სიმპტომებს, რომ საქართველოში ვარიანტი „ძმა – 2“ განმეორდება, ბევრი ამჩნევს (მხედველობაში მაქვს „საკნების აქცია“ ძმები გაჩეჩილაძეების მეთაურობით, რომელიც 2009 წელს ღალატის გამო ჩავარდა).

სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია: თუკი ვინმეს მისი ჭეშმარიტი ზრახვების თაობაზე აქამდე რაიმე ეჭვები რჩებოდა, 2012 წლის 9 სექტემბრის შემდეგ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 11 ქალაქში პომპეზური შეკრებები ჩაატარა, ყოველგვარი ეჭვი გაქრა. „ყველას, ვინც ჩვენთან არ არის, გავანადგურებთ, როგორც კლასს!“ – იყო პრეზიდენტ სააკაშვილის, პრემიერ-მინისტრ მერაბიშვილის, პარლამენტის სპიკერ ბაქრაძისა და დედაქალაქის მერ უგულავას გამოსვლების ლაიტმოტივი, რომლებსაც დაავიწყდათ, რომ ისინი არიან ხელმძღვანელები სახელმწიფოსი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის, მათი პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, და მხოლოდ შემდეგ  ლიდერები პარტიის, თუნდაც – მმართველი!

რით უპასუხა „ნაციონალების“ გამოსვლებს ქვეყნის მთავარმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ტელეარხმა „TV 9“-მ? არაფრით... 

TV 9“, იმის ნაცვლად, რომ მაშინვე განგაში აეტეხა – მაგალითად, პროსამთავრობო ტელეარხებზე („რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“) „ნაცების“ შეკრებების ჩვენების პარალელურად: 

– ეჩვენებინა მრავალრიცხოვანი ფაქტები – რა მეთოდებით, ძალადობითა და მოსყიდვით აგროვებდა ხალხს თავის შეკრებებზე ხელისუფლება;

– ეჩვენებინა ასობით ავტობუსი და „მარშრუტკა“, რომლებითაც ხალხი ერთი ქალაქიდან მეორეში ორგანიზებულად გადაჰყავდათ;

– ეჩვენებინა – რა მრავალრიცხოვანი იყო „ქართული ოცნების“ აქციები იმავე 11 ქალაქში;

– ეჩვენებინა მსხვილი პლანით –  როგორი გულწრფელი სახეები ჰქონდათ ადამიანებს „ქართული ოცნების“ აქციებზე და როგორი გულგრილი – „ნაცმოძრაობის“ შეკრებებზე მირეკილებს;

– ეჩვენებინა რამდენიმე ბლიცინტერვიუ შეკრებებზე მირეკილ თინეიჯერებსა და სტუდენტებთან, რომლებსაც ამ ყველაფერზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ;

– ეჩვენებინათ საარქივო გამოსვლა მაშინდელი მმართველი პარტია „მოქალაქეთა კავშირიდან“ საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის, საკონსტიტუციო და იურიდიული საკითხების საპარლამენტო კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილისა, რომელიც საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტსა და „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძეს თანამედროვეობის უდიდეს პოლიტიკოსს უწოდებდა,

– ამის ნაცვლად „TV 9“ სოფლის სიუჟეტზე მშვიდ გადაცემას აჩვენებდა – როგორ ამზადებენ საქართველოში ჩურჩხელებს, ღვინოსა და ფელამუშს...

მეორე დღეს კი  – 10 სექტემბერს – საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც „როგორც კლასი, განადგურებას ექვემდებარებიან“, მაინც ვერ მოისმინეს კახეთში აქციაზე გამომსვლელ ბიძინა ივანიშვილისაგან სამი უბრალო სიტყვა: „მე თქვენ დაგიცავთ!“. მათ ნაცვლად ისევ გაისმა: „ყველაფერი კარგად იქნება“...

ვისთვის იქნება ყველაფერი კარგად, ბატონო ბიძინა?!  ხიდაშელი-უსუფაშვილის წყვილის, ძმები ბერძენიშვილების, სოზარ სუბარის, გოგი თოფაძის, გია გაჩეჩილაძის, ზვიად ძიძიგურის, კობა დავითაშვილის, დავით საგანელიძის, გია ჟორჟოლიანის, ზურაბ ტყემალაძის, თედო ჯაფარიძის, მაია ფანჯიკიძისა და სხვებისთვის?! მათ ისედაც ყოველთვის ყველაფერი კარგად ჰქონდათ, დღეს კი, თქვენი ფულით – მთლად უკეთესად! იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ რეპრესიებისთვის ემზადება, ხალხი გაბედულად იცავს თავის ქართულ ოცნებას არა იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი „ოცდაათეული“ ქუთაისის პარლამენტის სავარძლებში მოკალათდეს და კონდიცირებულ ატმოსფეროში „ნაცუმრავლესობასთან“ კანონშემოქმედებითი თამაშები დაიწყოს!

ბატონო ბიძინა! დამარცხების შემთხვევაში ქართველი ხალხი მოჰკითხავს არა სააკაშვილს და „ნაცებს“ (მათ არაფერი მოეკითხებათ, უკვე ღიად განაცხადეს, რომ ყველას გაანადგურებენ, ვინც მათთან არ არის!), არამედ ზოგიერთ სტაჟიან მოღალატეს, რომლებმაც თავიანთი გვარებით „ქართული ოცნების“ სია „დაამშვენეს“...

ბატონო ბიძინა! სად არის გარანტია, რომ 11 ოქტომბერს, როდესაც თქვენ, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, საქართველოში ყოფნის ვადა გეწურებათ, ტრაპიდან ხელს არ დაგვიქნევთ – აქაოდა, რა გაეწყობა, როგორც შემეძლო, ვიბრძოლეო! – და არ გაფრინდებით, ყველა თქვენს მომხრეს გასანადგურებლად „როგორც კლასი“ არ დატოვებთ?!

ბატონო ბიძინა! რატომ მიდიხართ ასე მორჩილად არჩევნებზე, როდესაც ამომრჩეველთა ერთიანი სია გაყალბებულია, ხოლო ცესკოს თავმჯდომარე – დამნაშავე, რომელმაც წინა არჩევნები გააყალბა?! რატომ არ აწყობთ მუდმივ პიკეტებს და ე.წ. სირცხვილის დერეფნებს ცესკოს შენობასთან და მისი თავმჯდომარის – ხარატიშვილის – სახლთან? და, აგრეთვე, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გაყალბების კომისიის თავმჯდომარის – კაციტაძის, სახლთან, რომელმაც „დანიშნული“ სიები „სახელოში დამალა“ და ახლა თავად იყრის კენჭს მაჟორიტარად?!

ბატონო ბიძინა! იცით თუ არა, რომ:

– ექიმებს, მასწავლებლებს, საქალაქო სამსახურების მუშაკებს, ვაჭრებს და ამომრჩეველთა ბევრ სხვა კატეგორიას, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით იძულებულნი არიან, ხელისუფლების მითითებები შეასრულონ, საიდუმლოდ დაურიგებენ შევსებულ ბიულეტენებს შემოხაზული ციფრი „5“-ით, რომლებსაც ისინი საარჩევნო უბნებზე შეიტანენ და ურნებში ჩაყრიან, ხოლო იქ მიღებულ სუფთა ბიულეტენებს „ნაცმოძრაობიდან“ თავიანთ კურატორებს წარუდგენენ „პატიოსნად“ შესრულებული დავალების მტკიცებულების სახით?

– რომ ყველა ძალოვანი სტრუქტურა – არმია და შსს (დაახლოებით, 100 ათასი ხმა) ხელისუფლებას მისცემს ხმას, ხოლო პოლიციელებს, აგრეთვე, უბრძანებენ „კარუსელების“ მოწყობას – რაც შეიძლება მეტი ბიულეტენის ჩაყრას?

– რომ ყველა დონის სახელმწიფო მოხელე (სამინისტროების, დეპარტამენტების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ა.შ.), მათი ოჯახები, ნათესავები და ახლობლები ხმას ხელისუფლებას მისცემენ?

– რომ ეროვნული უმცირესობების აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით, 700 ათასი, რომლებთანაც „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად არ უმუშავია) ტრადიციულად ხელისუფლებას მისცემს ხმას?

– რომ პრობაციონერები (როგორც ამბობენ, 200 ათასზე მეტი), მათი ოჯახის წევრები და, დაახლოებით, 40 ათასი პატიმრის ოჯახები, საკუთარი თავისა და ახლობლების გამო შიშით ხმას უეჭველად ხელისუფლებას მისცემენ?

– რომ დაახლოებით მილიონ საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც ლუკმაპურის საშოვნელად რუსეთში წავიდნენ, ხმის უფლება ოფიციალურად წაართვეს, ხოლო საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ხმები, სავარაუდოდ, გაყალბდება, რისთვისაც უკვე მზად არიან საქართველოს კონსულები (მაგალითად, საბერძნეთში), რომელთაგან ზოგიერთი, დიდი ხანია, ციხეში უნდა იჯდეს?

– რომ ამომრჩეველთა ერთიანი სია მილიონზე მეტი ამომრჩევლითაა „გაბერილი“ „მკვდარი სულების“ (გოგოლისეული კი არა, გარდაცვლილების, რომლებიც ცოცხლებად ირიცხებიან); მიწერილების; ბინადაკარგულების (ძირითადად – ბანკის კრედიტების გადაუხდელობის გამო); უმისამართოებისა და მისამართგამოცვლილების; სახლების დანგრევის შედეგად არარსებულ მისამართებზე მიწერილების; სახელწოდებაშეცვლილი ქუჩებისა და კუთხის სახლების ბინადართა (რომლებიც ორივე მისამართზე ირიცხებიან); „ოტსტუპნიკების“; შიდა მიგრაციის შედეგად გადანაცვლებულების; ბევრისათვის მიუღებელი ID-ბარათების მფლობელი და საზღვარგარეთ გასული ამომრჩევლების ხარჯზე?

შეუძლებელია, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი ზემოჩამოთვლილი არ იცოდეს, საკითხავი სხვა რამეა: ამის მერე ის რატომ  იმეორებს დაბეჯითებით   – „ყველაფერი კარგად იქნება“?..

და ბოლო რჩევა: ბატონო ბიძინა! თავი დაანებეთ თავის მართლებას, რომ რუსეთში არანაირი ქონება არ გაქვთ – ეს  უკვე უარყოფით რეაქციას იწვევს ქართველ საზოგადოებაში, რომელმაც ერთხელაც კი არ გისაყვედურათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ამდენ ხანს ბევრწილად თქვენი „რუსული“ ფულის წყალობით გაძლო! თავს დამნაშავეები იმართლებენ, ბატონო ბიძინა, ნუთუ ვერ ამჩნევთ, რომ რაც მეტად იმართლებთ თავს, მით მეტად გადანაშაულებენ?! აჯობებს, თქვენს მაღალანაზღაურებად ჟურნალისტებს ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება დაავალოთ და „TV 9“-ზე აჩვენოთ – რომელ ქვეყნებსა და ოფშორულ ზონებში რა ქონებას ფლობენ „ნაც“ ქვეყნის მბრძანებლები!

და კიდევ: ძალზე გულისამაჩუყებელია, რომ თბილისში, ამერიკის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გამართა. მაგრამ  ათი დღით ადრე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ პატივი არ მიაგო  2004 წლის 1 სექტემბერს ბესლანში – ბესლანის №1 სკოლაში – ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, რომელთა უმრავლესობა მათი თანატოლები იყვნენ...

ბატონო ბიძინა! თქვენთვის, საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრისთვის, რატომ აღმოჩნდა შორეული ამერიკა და ამერიკელი ხალხის ტკივილი უფრო ახლობელი, ვიდრე მეზობელი ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია და ძმები-ოსების ტკივილი?! ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ უკვე მერამდენედ გაუსვით ხაზი: ივანიშვილი აშშ-ისა და ნატოს მომხრეა და არა – რუსეთისა და პუტინის?! თქვენ იმდენჯერ სცადეთ ამის დამტკიცება სააკაშვილისთვის (რომელიც ზუსტად ამ მიზნით  ივანიშვილს „რუსული“ თემით აშანტაჟებს და პროვოცირებას ახდენს!), რომ თქვენივე ამომრჩევლებმა, რომელთაგან ბევრი რუსეთიდან ნათესავ-ახლობლების დახმარებით ცოცხლობს, აშშ-ის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ აქციის გულწრფელობის არ დაიჯერა და ის იმავე წინასაარჩევნო კონტექსტში აღიქვა (აი, ასე „თეთრი“ პიარი ადვილად შეიძლება „შავ“ პიარად გადაიქცეს!). 

P.S. ძვირფასო ბიძინა! ნუთუ მოკრძალებული პუბლიცისტი ხიდირბეგიშვილის მიერ ყოველივე ზემოთ ნათქვამი ივანიშვილს მისმა ფილოსოფოსმა მარგველაშვილმა და პიარტექნოლოგმა ბიგვავამ არ ურჩიეს?! მაშინ შეახსენეთ უკანასკნელს მისი განსვენებული კლიენტისა და სეხნიის – პრემიერ ჟვანიას საყვარელი გამოთქმა: „ფაბლიკ რილეიშენზ“ (Public Relations, PR), რომელიც სამუდამოდ დაიმახსოვრა ერთმა პერსპექტიულმა ახალგაზრდამ, სახელად მიშა სააკაშვილი...

 

17 სექტემბერი 2012, თბილისი

0 1
2 3
4 5
8
9
10 11
6 7