რელიგია
ილია II: „ქრისტე აღსდგა, ბაგრატი აღსდგა, საქართველო აღსდგა!“

1-aRdga-reeligii1თბილისი, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ქუთაისში ახლად რეაბილიტირებული  ბაგრატის ტაძარი აკურთხეს. აღევლინა პირველი წირვა-ლოცვაც, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელთმთავრებთან ერთად შეასრულა.

საქართველოს გამაერთიანებელმა მეფე ბაგრატ მესამემ (960-1014 წლები) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი X და XI საუკუნეების მიჯნაზე ააგო. ტაძარი XVII საუკუნის ბოლოს ოსმალთა შემოსევისას დაინგრა. შემორჩენილი იყო ძირითადი საყრდენი კედლები და ორი კარიბჭე.

წირვა-ლოცვაზე მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდა. ხალხის სიმრავლის გამო ტაძრის გარეთ დამონტაჟებული იყო მონიტორები, რათა მრევლს მღვდელმსახურებისთვის თვალი ტაძრის გარედანაც ედევნებინა.

ტაძარში იყვნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ შორისმ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე და კოალიციის ქუთაისის ოფისის  წარმომადგენლები.

ტაძარში წინადღით ლოცვები  მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ტაძრის კურთხევის მოსამზადებელი ლოცვები კათოლიკოს-პატრიარქმა შეასრულა. მას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ადგილობრივი მრევლიც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია 2009 წელს დაიწყო. დაახლოებით, ერთი თვის წინ 17 აგვისტოს, ტაძარზე ჯვარი აღიმართა. ამ პროცესში სასულიერო პირებთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტიც მონაწილეობდა.

ბაგრატის ტაძრის აღდგენა უდიდესი სასწაულია. ამის შესახებ ილია მეორემ ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით გამართულ წირვაზე  ქადაგებისას განაცხადა.

„ათეული და ასეული წლების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს. ახლა ვხედავთ აღდგომილ ტაძარს. ჩვენ ვმადლობთ უფალს. ესაა უდიდესი სასწაული, ამიტომ ჩვენ ვხარობთ აღდგომის სიხარულით. ქრისტე აღსდგა! ბაგრატის ტაძარი აღსდგა! საქართველო აღსდგა“, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა.

ილია მეორემ ტაძრის აღდგენაში მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა.