სამართალი
ფონდი „ქომაგი“ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს მიმართავს

1-qomagi-sammmarTaa2თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ფონდი „ქომაგი“ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს – რიჩარდ ნორლანდსა და ფილიპ დიმიტრივს – ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს. შესაბამისი მიმართვა გადაეცა აშშ-ის საელჩოს საქართველოში.

მიმართვაში, რომელსაც ფონდის ხელმძღვანელი ია მეტრეველი ავრცელებს, ნათქვამია: „საქართველოს ხელისუფლება უკანონოდ და უსამართლოდ ეწევა ფონდი „ქომაგის“ მიერ მოპოვებული შემოწირული თანხების დაყადაღებას და კრიზისში ჩავარდნილი ადამიანების დაუნდობელ ფინანსურ რეპრესიას, რაც სრულიად გამჭვირვალედ ადამიანის, ანუ ჩვენი მოქალაქეების, სასიცოცხლო უფლების უარყოფამდე და განწირვამდე მიდის“. „სახელმწიფო მუდმივად ცდილობს ფონდის იმიჯის შელახვას და დისკრედიტაციას, იგონებენ და თავადვე თხზავენ გაურკვეველ სქემებს. ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ფონდი თავისი დაარსების დღიდან საქმიანობას ახორციელებს კანონის ყველა ნორმის დაცვით. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით გვინდა, განვაცხადოთ, რომ ფონდი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ ემსახურება. ჩვენი მიზანი უსამართლოდ რეპრესირებული მოქალაქეების გვერდში დგომა და შეძლებისდაგვარად მათთვის დახმარების გაწევაა. მოგმართავთ თხოვნით, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა და ღირსებათა დაცვის ქვეყნის წარმომადგენელს, რომ ადამიანის სასიცოცხლო უფლებისა და ღირსების დაცვაში დაგვეხმაროთ. ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე, ღიად და გამჭვირვალედ გაგაცნოთ ფონდის საქმიანობის დეტალები. მივესალმებით, თუკი თქვენ ინტერესს გამოხატავთ და ჩვენი საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებთ. ასევე, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში დაგვეხმაროთ, საქართველოს ხელისუფლების ბარბაროსული ქმედების წინააღმდეგ იმოქმედოთ“, – ნათქვამია ია მეტრეველის მიერ რიჩარდ ნორლანდისთვის გაგზავნილ მიმართვაში.