პუბლიკაციები
კონფერენცია „1812 წლის სამამულო ომი და ქართველები“

1-a-MTკონფერენცია მიეძღვნა 1812 წლის სამამულო ომის 200 წლის იუბილესა და ამ ომში საქართველოს სახელოვანი შვილების მონაწილეობას, რომელთა პორტრეტები საკონფერენციო დარბაზის კედლებს ამშვენებდა.

2012 წლის 12 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო «BETSY’S HOTEL»-ის  საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ ჩაატარა კონფერენცია „1812 წლის სამამულო ომი და ქართველები“, რომელშიც მონაწილეობდნენ სამამულო ომის ვეტერანები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები – საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები,  მეცნიერები, მწერლები, პუბლიცისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენცია მიეძღვნა 1812 წლის სამამულო ომის 200 წლის იუბილესა და ამ ომში საქართველოს სახელოვანი შვილების მონაწილებას.

 

კონფერენციაზე ყველა გამომსვლელის მოხსენებაში ძალზე მკაფიოდ იქნა წარმოჩენილი ის ისტორიული რეალობა, რომელიც 1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის ომის დროს მსოფლიოში არსებობდა და რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ ომში ერთმორწმუნე რუსეთის გამარჯვება არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისა და, რაღა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც.

„დღევანდელი კონფერენცია გაიმართა ორი მიზეზის გამო – პირველი, რომ სოლიდარობა გამოგვეცხადებინა რუსი ხალხისათვის, რომელიც 1812 წლის სამამულო ომის 200 წლისთავს ზეიმობს და აღგვენიშნა იმ ქართველი გენერლების, მეომრების, ოფიცრების როლი, რომელნიც ამ ომში რუსების მხარდამხარ იბრძოდნენ და გადამწყვეტი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ ომში. სწორედ ამ ომში მონაწილე ქართველებსა და მთლიანად ამ ომის თემატიკას ეძღვნება ჟურნალ „იტორიული მემკვიდრეობის“ ბოლო, სპეციალური ნომერი. ქართველები იყვნენ ის ერთადერთი არა სლავი ერი, ვინც რუსეთის მხარდამხარ იბრძოდა ამ ომში, რომელშიც 12 ქართველი გენერალი (ზოგიერთი წყაროებით, 13) და 50-მდე სხვადასხვა რანგის ოფიცერი მონაწილეობდა. ვერ ვიტყვით, რომ მათ გადამწყვეტი, თუმცა არცთუ მცირე როლი შეასრულეს ამ ომში. ეს გამარჯვებაც, ისევე, როგორც დიდ სამამულო ომში, ქართველი ხალხის სისხლითაცაა მოპოვებული და ამიტომაც ჩვენც ვუერთდებით რუსი ხალხის ამ ზეიმს... თუმცა, ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილისთვის მხოლოდ პეტრე ბაგრატიონის სახელი და ღვაწლია ცნობილი, არა მხოლოდ მისი უდიდესი დამსახურების გამო ამ ომის გამარჯვებაში, არამედ, ალბათ, იმიტომაც, რომ ის სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო და მისი სიცოცხლე ამ ომს შეეწირა“, – ბრძანა კონფერენციის დასაწყისში  „ისტორიული მემკვიდრეობის“ დამფუძნებელმა ტარიელ გაგნიძემ.

სამამულო ომის ვეტერანებმა – შოთა ბუაძემ, დავით იაკობაშვილმა და ვახტანგ ჯაფარიძემდიდი წუხილი გამოთქვეს რუსეთსა და საქართველოს – ამ ორ მოძმე ერს, შორის დღეს არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, გაიხსენეს ამ ორი ერის ერთობლივი ბრძოლა გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ და სახელმწიფოს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სამამულო ომის ვეტერანების მიმართ. ასევე, აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული დამახინჯება ამ ორი ერის ისტორიისა, რაც ძალზე უარყოფითად აისახება მომავალ თაობებზე. „რომ არა რუსეთის გამარჯვება 1812 წლის ომში, დღეს აღგვილი ვიქნებოდით პირისაგან მიწისა იმ „კეთილი მეზობლის“ მიერ, რომელსაც თურქეთი ჰქვია. ვინც ელემენტარული ისტორია იცის, მან კარგად უწყის, ვინ იყო საქართველოს ისტორიული მტერი... ისტორიული ფაქტების სწორად გაშუქებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავალი თაობებისთვის და, საერთოდ, ქართული სახელმწიფოებრიობისათვის...“

ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულ მემკვიდრეობაა“, რომელმაც ამ დაძაბულ წინაასაარჩევნო პერიოდში მაინც გამონახა დრო ამ ღონისძიების ჩასატარებლად. „ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, რომელიც რუსეთისთვის ზეიმია, არც საქართველოში უნდა იყოს დავიწყებული, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ომში ქართველები მონაწილეობდნენ – იგი ვიწრო ნაციონალურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. ჩვენმა მონაწილეებმა სწორად დასვეს საკითხი –1812 წლის ომი ქართველი ხალხისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ ომის წაგების შემთხვევაში ავტომატურად იცვლებოდა სიტუაცია კავკასიაშიც და ოსმალეთი და სპარსეთი ნამდვილად არ ისხდებოდნენ გულხელდაკრეფილნი; ისევ დაიბრუნებდნენ დაკარგულ პოზიციებს კავკასიაში, რაც ქართველებისთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნებოდა, თუნდაც, იმიტომ, რომ ქართველები მათ თვალში უკვე მოღალატეები იყვნენ –ისინი გადავიდნენ რუსეთის მხარეზე და ეს მათი მხრიდან დაუსჯელი არ დარჩებოდა. რაც შეეხება თავად ამ ომს, 1812 წლის ომის დაწყებამდე ევროპაში ომებს რეგლამენტირებული ხასიათი ჰქონდა. ხალხის ფართო მასები არ ებმებოდნენ იმ ომში, რომელთაც ერთმანეთთან აწარმოებდნენ სხვადასხვა ხელმწიფეები, იმპერატორები თუ წვრილ-წვრილი თავადები. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსათვის კი დამკვიდრდა ომის ისეთი სტილი, როცა არმიები ეტაკებოდნენ ერთმანეთს სადღაც პატარა სოფლებში, რომლებიც ისტორიაში დიდი ბრძოლების სახელწოდებით შევიდა. იგივე ბოროდინო – ეს პატარა სოფელია სმოლენსკთან.

ასეთი სტილი იყო – არმიები ეჯახებოდნენ ერთმანეთს, მოსახლეობა განზე იდგა, მაგრამ სწორედ ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ იცვალა ომმა თავისი ხასიათი და გახდა – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – სამამულო ომი. თუნდაც პარტიზანების ბრძოლა ნაპოლეონის ზურგში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომელმაც ძალზე დაასუსტა ნაპოლეონის უზარმაზარი არმია და მისი დამარცხებაც გარდაუვალი გახდა. ამ ომის პერიოდში ტოტალური ომის ნიშნები გაჩნდა. ძველი რომანტიკული ომების ხანა, როდესაც მარტო სამხედროები არკვევდნენ ურთიერთობას, დამთავრდა.

მაგრამ იბადება კითხვა, რატომ მოხდა ეს მაინცადამაინც რუსეთში, როცა ერთმანეთს ნაპოლეონის საფრანგეთი და ალექსანდრე პირველის რუსეთი შეეტაკნენ? ჩემი აზრით, განსხვავებით იმისაგან, როცა ნაპოლეონი შეიჭრებოდა ავსტრიაში და არკვევდა ურთიერთობებს – ეს ავსტრიის იმპერატორი იქნებოდა თუ პრუსიის, რუსეთი იყო სხვა სამყაროს, სხვა ცივილიზაციის წარმომადგენელი – ესაა მართლმადიდებლური სამყარო, ევრაზიული სივრცე. ნაპოლეონი, მაშინდელი საფრანგეთი და ის სულისკვეთება რაც მაშინ ევროპაში არსებობდა, იყო უცხო სხეული და საფრანგეთის მცდელობა – გაბატონებულიყო მაშინდელ რუსეთზე, დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება შევაფასოთ როგორც გლობალიზაციის პროცესი, მცდელობა ძალადობრივი გლობალიზაციისა – შექმნილიყო უნივერსალური იმპერია გარკვეული მასონური იდეოლოგიით და ამას დამორჩილებოდა ყველა, ვინც ევროპაში მოიაზრებოდა. ალექსანდრე პირველი, ისევე, როგორც მანამდე პავლე და ეკატერინე მეორე, იყო გატაცებული ამ განმანათლებელთა იდეებით.

ახლახან მოსკოვში შევიძინე სახელმძღვანელო „მასონთა ორგანიზაციები ალექსანდრე პირველისა და ნიკოლოზ პირველის მმართველობის პერიოდში“, სადაც ნათლადაა წარმოდგენილი, რამდენად  გაძლიერებულნი იყვნენ მასონები რუსეთში და დეკაბრისტთა გამოსვლაც ამის დასტურია. 1812 წლის ომის შემდეგ უკვე იწყება ალექსანდრე პირველის შემობრუნება მართლმადიდებლობისკენ. იგი უფრო ჩაუღრმავდა რელიგიას, ჩამოშორდა დასავლურ იდეოლოგიას და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ხელისუფლების მეტამორფოზა და დაბრუნება ფესვებისადმი განაპირობა დეკაბრისტების აჯანყებამ. ამ სამამულო ომმა დიდი ბიძგი მისცა ამას. მაშინ ფრანგული ენა მოდური, სალონური იყო და საერთაშორისო ენად მიიჩნეოდა, ზუსტად ისე, როგორც დღეს ინგლისურია, და რუსეთის მაღალ წრეებში კარგ ტონად მიიჩნეოდა ერთმანეთში ფრანგულად საუბარი.

ამ ომის შემდგომ რამდენიმე წელიწადს ფრანგულად რუსეთში აღარავინ საუბრობდა. მერე განელდა ეს ანტიფრანგული განწყობა, თუმცა ამ ომმა პატრიოტული სულისკვეთება გააღვივა რუსეთში და ევროპაშიც კი გაიღვიძა ეროვნულმა სულისკვეთებამ. ბიძგი მიეცა პრუსიის გაძლიერებას, რაც შემდეგ დაგვირგვინდა გერმანიის გაერთიანებით. ყველა ამ პროცესს რუსეთში ნაპოლეონის მარცხმა დაუდო სათავე და ევროპას გარკვეული როგორც პოლიტიკური, ისე სულიერი თავისუფლება მიეცა.

საქართველოსთან მიმართებაში ამ ომში რუსების გამარჯვებისას მხოლოდ ირან-ოსმალეთის ასპექტი არაა გასათვალისწინებელი. ნაპოლეონსაც რომ დაეპყრო კავკასია და არა ირან-ოსმალეთს და მათთვის არ „ეჩუქებინა“ საქართველო, არც ეს იქნებოდა ჩვენთვის დადებითი. გავაკეთებ პარალელს დიდ სამამულო ომთან, სადაც გერმანიის მხარეზე იბრძოდნენ ქართველები; მაგალითად, ვერმახტის გენერალი შალვა მაღლაკელიძე, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ ჰიტლერი საქართველოს ბოლშევიკებისაგან გაათავისუფლებდა. მას ამის გულწრფელად სწამდა და გარკვეულ დაფასებასაც იმსახურებს. თუმცა, ის ხალხი რომ ცდებოდა, საბოლოო ჯამში ისტორიამ დაამტკიცა...

აქ აღინიშნა, რომ უმადურობა საშინელი გრძნობაა და ქართველებს არ გვახასიათებს. განსაკუთრებით ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ, თუ აფხაზებსა და ოსებთან დღეს დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, ეს თურმე რუსეთის წაქეზებაა, რაც აბსოლუტურ სისულელედ მიმაჩნია. რომელ აფხაზებსა და ოსებზეა ლაპარაკი, როცა ერთმანეთს დავერიეთ უკვე 90-იანი წლებიდან და რუსი გენერალი ბალტინი სამეგრელოში რომ შევიდა, ხალხი ტაშით შეხვდა ზუგდიდში! ეს ფაქტია, მაგრამ დღეს ზოგიერთი ხელმოცარული პოლიტიკოსი და, არა მხოლოდ ისინი, და, იმედია, დღვანდელი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელნიც მალე ხელმოცარულნი გახდებიან, მარადიულად იმას გაიძახიან მხოლოდ, რომ ეს იყო აგრესია, დაპყრობა და ანექსია. ჩვენს თავს თვითონ უნდა მივუდგეთ კრიტიკულად და შემდეგ, თუნდაც, რუსებისადმი უფრო იოლი გახდება რაიმე კრიტიკულის თქმა. იმაში, რაშიც რუსული პოლიტიკა ცდება და შეცდომა მოსდის საქართველოსთან მიმართებაში, ის რუსიც უფრო ყურს დაგვიგდებს და გაითვალისწინებს ჩვენს შენიშვნებსა და სურვილებს...

დასასრულ, მინდა, გაჩვენოთ რუსეთში ქართული დიასპორის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ალექსანდრე ებრალიძის, სპონსორობით გამოცემული ევგენი ანისიმოვის წიგნი პეტრე ბაგრატიონზე, რომელიც ძალიან სერიოზული მონოგრაფიაა. ძალზე საინტერესო ფაქტებია როგორც პეტრე ბაგრატიონზე, ისე 1812 წლის ომზე... აქვე დავძენ, რომ სუვოროვის არმიაში აკრძალული იყო სიტყვები „გაქცევა“ და „უკან დახევა“, ფრანგულად კი თავის ჯარისკაცებს ასწავლიდა სიტყვებს „დაყარეთ იარაღი!“, „დაგვნებდით!“, „ალყაში ხართ!“. ეს იწვევდა საოცარ სულისკვეთებას და ბაგრატიონი ამ  მამაცი ოფიცრების ფონზე უფრო გამოირჩეოდა თავისი სიმამაცით.

შვედეთთან ომის დროს არცერთი გენერალი არ წავიდა ყინულზე, რათა გადაელახათ გზა შვედეთის ჯარის ზურგში მოსაქცევად, მაგრამ ბაგრატიონისთვის არ არსებობდა ე.წ. კორპორატიული სოლიდარობა, მან თავად შესთავაზა იმპერატორს, რომ გადაკვეთდა ყინულის გზას, იძულებით სხვა გენერლებიც აიყოლია, რათა დანარჩენები მის ფონზე არ გამოჩენილიყვნენ მხდალებად და გაამართლა კიდეც მისმა ამ ნაბიჯმა... ძალზე სასიხარულოა, რომ ამ 1812 წლის ომის 200 წლისთავის აღსანიშნავად ისევ ალექსანდრე ებრალიძის სპონსორობით პეტერბურგში გაიხსნა პეტრე ბაგრატიონის ძეგლი, რომელიც მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო აქამდე იქ იყო...“

ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა პარტია „თავისუფალი საქართველოდან“, საქართველოს ექს-ომბუდსმენმა, ცესკოს ექს-თავმჯდომარემ, ორი მოწვევის ექს-პარლამენტარმა, თბილისის საკრებულოს ექს-მდივანმა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით V შვილიშვილმა ნანა დევდარიანმა აღნიშნა, რომ „მაშინ, როცა საქართველოს ისტორიულად უამრავი დამპყრობი და გამანადგურებელი ჰყავდა, ძალიან სამარცხვინოა „ოკუპაციის მუზეუმის“ გახსნა და რუსეთის, როგორც ნომერ პირველი მტრის, წარმოჩენა. ასევე, ამაზრზენია დღევანდელი ხელისუფლების მცდელობა ისტორიის გადაწერისა და ისტორიული მტრების მოკეთეებად წარმოჩენისა. მაშინ, როცა თურმე სუვოროვის არმიაში ზეპირად სწავლობდნენ ფრანგულ სიტყვებს: „დაყარეთ იარაღი!“, „დაგვნებდით!“, იმდროინდელ ქართულ-სპარსულ სასაუბროებში განსაკუთრებული ხაზგასმით ისწავლებოდა სიტყვები: „არ მცემო“, „არ მომკლა...“

როგორც უნდა ეცადო ისტორიის შეცვლა და გადაწერა, დრო და საზოგადოება მაინც ყველაფერს თავის კუთვნილ ადგილს მიუჩენს... ერთ სუფრაზე ქართველ მწერალს, აკა მორჩილაძეს, სთხოვეს, შეეფასებინა ერეკლე მეორეს ნაბიჯი. მან კი უპასუხა: „როცა მეფე ერეკლე გარდაიცვალა, მიცვალებულის განბანვის დროს საქართველოსთვის ბრძოლაში მიყენებული 80 იარა დაუთვალეს ტანზე, მე კი ჩემი ქვეყნისთვის თითიც არ გამიკაწრავს და მე როგორ შევაფასო ერეკლე მეფის გადაწყვეტილება?!.“

განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი იყო ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, დავით მხეიძის, გამოსვლა: „1812 წლის ომში ათეულობით ქართველს მიუღია მონაწილეობა, მათ შორის, პეტრე ბაგრატიონის თამადობით, 12 (იქნებ 13) გენერალია (2 ბაგრატიონი, 2 იაშვილი, 2 ფანჩულიძე, 3 ჯავახიშვილი, სიმონ განგებლიშვილი, ანტონ შალიკაშვილი და პავლე ბიბილური). აქედან გამომდინარე. დიდი იქნებოდა რიგითი მებრძოლების რიცხვიც, რომელთა უმრავლესობაც, სავარაუდოდ. რუსეთშივე იქნებოდნენ დაბადებულნი, როგორც ვახტანგ მეექვსეს დროინდელი დიდი ემიგრაციის შთამომავალნი... იმდროინდელმა ქართველებმა სისხლი ავანსად გავიღეთ ერთმორწმუნე რუსეთისათვის, რომელმაც საქართველოში შემოსვლის შემდეგ „ვალი დაგვიბრუნა“ – ლამის მთელი საუკუნის განმავლობაში, ირან-ოსმალეთთან სამ-სამი ომი გადაიხადა და ყველაში გაიმარჯვა, რის შედეგადაც საქართველოს ის ტერიტორიები დაუბრუნდა, რაზედაც ქართველ კაცს მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო...

და დღეს, რამდენიც არ უნდა იყვირონ ურაპატრიტებმა – რუსეთის იმპერია საკუთარ ტერიტორიებს იფართოვებდა და არა საქართველოს უბრუნებდა წართმეულსო, ფაქტი ერთია – ფორმალურად ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებს შემატებული აჭარა თუ სამცხე, საინგილო თუ ტაშირი, რეალურად ქართულენოვან, ეროვნულ კულტურულ სივრცეს შეერწყა!

1812 წლის ომამდე პატარა საქართველო იყო – მთავარი თუ არა, ერთ-ერთი საჯილდაო ქვა რუსეთ-საფრანგეთ-ინგლის-ოსმალეთ-ირანს შორის, ანუ მაშინდელ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეთა შორის. მას შემდეგ, რაც 1806 წლის 18 დეკემბერს ოსმალეთის სულთანმა რუსეთს ომი გამოუცხადა, სულ მოკლე ხანში, 1807 წლის 4 მაისს, ფინკენშტეინის საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა ნაპოლეონსა და სპარსეთს შორის, რომლის ჩვენთვის საინტერესო ერთ-ერთი მუხლით ბონაპარტი აღიარებდა შაჰის უფლებას საქართველოზე და ივალებდა რუსეთის იძულებას, საქართველოდან გასულიყო!..

შემდეგ ნაპოლეონსა და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს შორის მოულოდნელად დადებულმა ტილზიტის ზავმა არა მხოლოდ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთშიც არია სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა... შემდეგ ნაპოლეონი ინგლისმა ჩაანაცვლა და ახლა ბრიტანეთი ვაჭრობდა საქართველოთი ჩვენს ამომგდებ ირან-ოსმალეთთან!.. თუმცა, ნაპოლეონმაც, ჰიტლერის მსგავსად, რომელმაც დაარღვია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, ტილზიტის ზავი არად ჩააგდო და ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა რუსეთს... თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამის პარალელურად, კახეთში 1812 წელს ცნობილი აჯანყება მოხდა; აჯანყება, რომელიც წინასწარვე მარცხისთვის იყო განწირული და ამიტომ ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ მამისეულ სამეფო ტახტზე ასვლის ბოლო სერიოზულ მცდელობას შეიძლება ავანტიურაც ვუწოდოთ. რუსებმა აღკვეთეს ეს ავანტიურა, რაც უაზრო ცრემლად და სისხლად დაუჯდა ქართველ გლეხობას... ბონაპარტი ისე დაამაცხა, საქართველოდან თავისი ერთი ჯარისკაციც არ გაუყვანია!

ხომ წარმოგიდგენიათ, დაცვის გარეშე დარჩენილ საქართველოში როგორ იხუვლებდა ჩვენი საბოლოოდ ჩაყლაპვის მიზნით ჩვენი ისტორიული „მეგობარი“ ირან-ოსმალეთი და თუ დღეს ისლამის ოკეანეში გათქვეფილები ფიზიკურად მაინც ვიარსებებდით, ვინძლო „მამაო ჩვენოს“ ნაცვლად „შახსეი-ვახსეი“ და „ალაჰ-აკბარ“ გვეყვირა!“

დავით მხეიძემ თავისი გამოსვლა დაამთავრა ამონარიდით წმიდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის ) პუბლიცისტური წერილიდან  „ასის წლის შემდეგ“, რომელიც 1899 წელს დაწერა – მას შემდეგ, რაც კარგად აწონ-დაწონა რუსულ-ქართული ურთიერთობების ტკბილ-მწარე ისტორია: „ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან. დასცხრა ომებისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა, ჩვენზე და ჩვენ ცოლ-შვილებზე; გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისთვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მის თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასგან შორს, მარტოდ მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნოების სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვერავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს, 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდი რუსეთის მფლობელობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმულნი...’’

ემოციური იყო მწერლისა და პუბლიცისტის – გივი სომხიშვილის, გამოსვლაც: „საქართველოს ისტორიას არაერთი მძიმე ფურცელი ახსოვს... მე დღეს კაბინეტებში გაზულუქებული ახალგაზრდებისაგან ძალიან ხშირად მომისმენია ერეკლე მეორეს კრიტიკა და მის სუსტ პოლიტიკოსად მოხსენიება – რატომ დადო რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატიო, თუმცა ერეკლეზე კარგი პოლიტიკოსი და ძლიერი მეომარი იშვიათად ჰყოლია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა რომელიმე ერს. როცა საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა – აღმოსავლეთ საქართველოში ბატონობდნენ სპარსელები, დასავლეთში კი – ოსმალები, საქართველოს მოსახლეობა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ 680 000 კაცი იყო მხოლოდ. მძვინვარებდა ყმათა ყიდვა-გაყიდვა. სწორედ ამ პერიოდში დაიდო რუსეთთან მეგობრობის ტრაქტატი, რომელმაც ქართველი, როგორც ერი, გადაარჩინა, მოხდა დაკარგული მიწების – დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს, შავშეთის, აჭარის, შავიზღვისპირეთის, კლარჯეთის, კოლას, არტაანის, ოლთისის – შემოერთება, რომელიც მერე დავკარგეთ; დაიწყო რუს-ქართველთა ერთობლივი ბრძოლები... სპარსეთსა და ოსმალეთს კვლავ საქართველოსკენ უჭირავთ თვალი და ამ დროს ევროპაში ძლიერდება საფრანგეთი, რომელიც უკვე გამოსულია ბურჟუაზიული რევოლუციის ეიფორიიდან და იქცა დამპყრობლად, ქვეყანას კი ამბიციური ნაპოლეონი მართავს, რომელმაც ვერ გათვალა რუსეთის სიძლიერე და დამარცხდა კიდეც.

დღეს მსოფლიოს მდგომარეობა სულ სხვაგვარი იქნებოდა, ამ ომში რუსეთს რომ არ გაემრაჯვებინა –  ჩვენ კი, საერთოდ, ან ვიქნებოდით, ან – არა! ქართველი კაცის ხსენებას გააქრობდა ცალკე სპარსეთი და ცალკე ოსმალეთი და ამიტომაც ხმამაღლა ვიტყვი, რომ 1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის ომი საქართველოსთვისაც სამამულოდ შეიძლება მივიჩნიოთ. ამის გამო მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი მოძმე ერის მიმართ.

და დღეს, ვინც ლანძღავს რუსეთს, ეს არის ერთი მუჭა ხროვა ადამიანებისა, რომელთაც ისტორია არ იციან და ყველაფერს ისე ხედავენ, როგორც მათ აძლევთ ხელს. ისტორიაში უარყოფითი მხარეები თითქმის ყველა მოვლენას ახლავს – ამ უახლოესი ისტორიის მანძილზე ჩვენმა მთავრობამ ხუთგზის დაარბია სამეგრელო – საკუთარი ხალხი! ამ ფონზე „ოკუპაციის მუზეუმის“ გახსნა საქართველოში უკიდურესი უმადურობის გამოხატულებაა. ყოფილა დარღვევები, დანაშაულებები, შეცდომები, მაგრამ განა რამ უნდა გადასწონოს ის სიკეთე, რაც რუსეთმა ქართველ ერს გაუკეთა... და ის, რაც ხდება დღეს ჩვენს თავს – განადგურებული სოფლის მეურნეობა, დანგრეული ეკონომიკა, შიმშილი, უექიმობა – ისევ ჩვენივე ბრალია, ჩვენვე ვექეცით საკუთარ თავს ჭირად!”

გაზეთ „ილორის“ მთავარმა რედაქტორმა, პუბლიცისტმა როლანდ ჯალაღანიამ განსაკუთრებული გულისტკივილი გამოთქვა: „დღეს საქართველოში ახალგაზრდა თაობამ რუსული ენა არ იცის და თავის რუს თანატოლებსაც კი ინგლისურ ენაზე ესაუბრება. სამწუხაროდ, ჩვენი რუსი მეგობრებიც ურიგდებიან იმას, რომ ჩვენს შვილებს შორის ურთიერთობის ენა არა რუსული ან ქართული, არამედ ინგლისურია. აღარც რუსული ლიტერატურის მიმართაა ინტერესი – როგორ შეიძლება მიიჩნეოდე ინტელექტუალურ ადამიანად და არ გქონდეს წაკითხული რუსი კლასიკოსები – დოსტოევსკი, ტოლსტოი, გოგოლი და სხვა... დღეს ყველას, ვინც რუსეთს არ ვლანძღავთ, რუსეთის აგენტებად გვრაცხავენ – მაშინ ღიად ვაცხადებ, რომ ვარ რუსეთის აგენტი!

დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში ვცხოვრობდი, უმაღლესი სასწავლებელიც იქ დავამთავრე... რაც შეეხება 1812 წლის ომს, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო რუსი და ქართველი საზოგადოება სინთეზირებული, მაგრამ ქართული სამხედრო ფენომენი უკვე დიდ როლს თამაშობდა რუსეთის ისტორიაში, განსაკუთრებით, პეტრე პირველის დროიდან, როცა ალექსანდრე ბატონიშვილი ტყვედ ჩაიგდეს შვედებმა და დიდძალი გამოსასყიდი ოქრო შემოთვალეს, რასაც საქართველო ფიზიკურად ვერ გასწვდებოდა. პეტრე პირველმა მართლაც დაიწყო ოქროს შეგროვება და გააგზავნა კიდეც, თუმცა ალექსანდრე ბატონიშვილი უკვე გარდაცვლილი იყო...

ისე კი, ჩვენი ხელისუფლება რომ ყოფილიყო, მიცვალებულში ცალკე ფულს გამოართმევდა... ამდენად, ამ ომში ქართული მხედრობის სიჭარბე სულაც არაა გასაკვირი, რადგანაც ქართველ სამხედროებს უკვე ჰქონდათ დიდი ავტორიტეტი. ჩვენი თაობა მეტ-ნაკლებად კიდევ ახერხებს, ჩასწვდეს რეალობას, მაგრამ მომავალ თაობას, რომელსაც რუსეთისგან მტრის ხატს უხატავენ, გაუჭირდება სიმართლის გაგება... ამიტომ მეტი შეხვედრები უნდა იყოს და მეტად უნდა დაეთმოს ტრიბუნა მსგავს მოვლენებს“.

კონფერენციაზე გამომსვლელმა ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა გიორგი კორძაძემ ბრძანა: „საერთოდ, ქართველი გენერლების და, განსაკუთრებით, პეტრე ბაგრატიონის როლი ამ ომში დიდია. ფაქტობრივად, მან შესთავაზა ნაპოლეონს ის ომი, რომლისთვისაც იგი მზად არ იყო – სადაც სამხედრო ნაწილებთან ერთად ფართოდ მონაწილეობდნენ პარტიზანები, რომელთაც, ფაქტობრივად, მოშალეს საფრანგეთის ჯარის საერთო მართვა. ბოროდინოზე კი მისი ღვაწლი უდიდესია – ტრიალ მინდორზე შექმნა მარცხენა ფლანგი, რომელსაც დაარქვეს „ბაგრატიონის ფლეშები“, სინამდვილეში იქ არავითარი დიდი გამაგრებები არ ყოფილა, თუმცა 12 საათისთვის ამ „ფლეშებზე“ ნაპოლეონის ჯარის მესამედი დაწვა.

ომის მთავარი მოვლენები სწორედ მარცხენა ფლანგზე იყო განვითარებული. ბაგრატიონის შემდეგ, სამხედრო წოდებით თუ ვიმსჯელებთ, იყო თავადი ლევან მიხეილის ძე იაშვილი, რომელიც ომის დაწყების დროს გენერალ-მაიორი გახლდათ, მაგრამ ომის მსვლელობისას გახდა გენერალ-ლეიტენანტი, ხოლო 1815 წელს – არტილერიის გენერალი, სრული გენერალი – ეს კი ნიშნავდა იმას, რომ ერთი ნაბიჯიღა აშორებდა ფელდ-მარშლის წოდებას. ომის დაწყებისთანავე უმაღლესმა სარდლობამ პირველი არმიის შემადგენლობიდან, რომელსაც ბარკლაი-დე-ტოლი ხელმძღვანელობდა, გამოყო ერთი კორპუსი გრაფ ლიხტენშტეინის მეთაურობით. მათ უნდა დაეცვათ გზა რუსეთის სატახტო ქალაქის – პეტერბურგის, მიმართულებით. სწორედ ამ კორპუსის უფროსობა დაეკისრა გენერალ-მაიორ იაშვილს.

ლიხტენშტეინის წინააღმდეგ სოფელ კლიასტიცასთან (ბელარუსი) ფრანგ მარშალ უდინოს 45 000-იანი ლეგიონი იბრძოდა, რომელსაც „ჯოჯოხეთის ლეგიონს“ ეძახდნენ. ნაპოლეონი ვარაუდობდა, რომ ლიხტენშტეინი უკან დაიხევდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. გაიმართა 3-დღიანი ბრძოლა, რამაც ძალიან დიდი სახელი მოუხვეჭა გენერალ იაშვილს. ამ ბრძოლის შედეგად რუსებმა 3000 ტყვე ჩაიგდეს ხელთ, მათ შორის – 25 ოფიცერი. როგორც თავად ლიხტენშტეინი აღნიშნავდა, მას ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად უწყობდა ხელს გენერალი იაშვილი, რომელიც სასტიკ ზიანს აყენებდა მოწინააღმდეგეს. გენერალი იაშვილი საოცრად ამხნევებდა თავის მებრძოლებს. სწორედ კლიასნიცასთან 3-დღიანი ბრძოლის შემდეგ მიენიჭა იაშვილს არტილერიის გენერალ-ლეიტენანტის წოდება. იგი დაჯილდოვდა წმიდა ვლადიმერის მეორე ხარისხის ორდენითაც. გარდაიცვალა 1836 წელს, დაკრძალულია კიევში, ლიუდობიცკის მონასტერში“.

კონფერენციის მონაწილემ – საქართველოს ფინანსთა ექს-მინისტრმა დავით იაკობიძემ აღნიშნა, რომ 1812 წლისათვის რუსეთში ძალიან მძლავრი ქართული დიასპორა იყო, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ ორი ერის ურთიერთობაში. სამწუხაროა, რომ დღეს არ არის იმ სიძლიერის დიასპორა, რომელიც ისეთსავე მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ქართველ და რუს ხალხებს შორის ურთიერთობის აღდგენის საქმეში.

ჟურნალისტმა დარეჯან ანდრიაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა 1812 წლის ომის ასახვაზე ქართულ ლიტერატურაში. „1812 წლის ომმა არა ერთხელ პოვა გამოხმაურება ქართულ ლიტერატურაშიც –1814 წელს პეტერბურგში გამოიცა ბაგრატ ბატონიშვილის „ახალი მოთხრობა“, 1912 წელს – თბილისში ზ. ჭიჭინაძის „რუსეთის მამულიშვილების ომი –  1812 წელი“. 1943 წელს სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სიმონ ჯანაშიას რედაქტორობით გამოსცა პირველი ქართველი ისტორიკოსი ქალის – თამარ ლომოურის – „პეტრე ბაგრატიონი“. ამ ნაწარმოებებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართველი და რუსი ხალხების ერთობლივი ბრძოლების ისტორიას. ამ თემისთვის გვერდი არ აუვლია საბავშვო მწერლობასაც – 1961 წელს სერიით – „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება“ – გამომცემლობა ნაკადულმა გამოსცა ნოდარ ნაკაშიძის „ბოროდინოს გმირი“. ავტორი ამბობს, რომ ამ ომს მასშტაბისა და მოწინააღმდეგის შეუპოვრობის თვალსაზრისით წინამორბედი არ ჰყოლია. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პეტრე ბაგრატიონის საფლავთან ყოველდღე მინდვრის ყვავილების თაიგულით თავდახრილი ბოროდინოს სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლის მადლიერი სიტყვები, რომლითაც ის იქვე მყოფ ქართველს მიმართავდა: „ის მარტო თქვენი კი არ არის...  ჩვენიცაა!..“ – ასე დაასრულა თავისი გამოსვლა ქალბატონმა დარეჯან ანდრიაძემ.

დასასრულ, კონფერენციის ორგანიზატორებმა მონაწილეებსა და სტუმრებს საჩუქრად გადასცეს გამოჩენილი ქართველი და რუსი რეჟისორების ფილმების ვიდეოდისკები: ს. ბონდარჩუკის „ომი და მშვიდობა“ და გ. ჭოხონელიძის „ბაგრატიონი“.

საქინფორმი

1-a1 1-a2
1-a3 1-a4
1-a5 1-a6
1-a7 1-a8
1-a9 1-a10
1-a11 1-a12
1-a13 1-a14
1-a15 1-a16
1-a17 1-a18
1-a19 1-a20
1-a21 1-a22
1-a23 1-a24
1-a25 1-a26
1-a27 1-a28
1-a29 1-a30
1-a31 1a-32